Friday, November 13, 2015

წიგნიერების პრობლემა ბავშვებში

თანამედროვე მშობლების უმრავლესობა ჩივის, რომ ბავშვებს წიგნის კითხვას კომპიუტერთან გართობა-თამაში ან ტელევიზორის გამუდმებული ყურება ურჩევნიათ. შვილებს ხშირად საყვედურობენ, რომ წიგნებს არ კითხულობენ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებისას საკუთარ პასუხიმგებლობას და როლს იშვიათად თუ აცნობიერებენ. რა არის ზოგადად წიგნიერება, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, როდის და როგორ უნდა იზრუნოს მშობელმა შვილის წიგნიერებაზე, რა ხერხებს და აქტივობებს უნდა მიმართოს, და რა არ უნდა გამოეპაროს მას _ ამ საკითხებზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგიური სამსახურის ­ხელმძღვანელი, თსუ-ის პროფესორი თამარ გაგოშიძე გვესაუბრა.
_ საკითხის ასე დასმა _ წიგნი თუ კომპიუტერი, კომპიუტერი თუ წიგნი _ ვფიქრობ, არასწორია. კომ­პიუტერი ნეიტრალური საგანია, მთავარია, როგორ გამოიყენება. ღვინოც ნეიტრალურია, ძალიან სასიამოვნო რამეა, თუმცა თუ ჭარბად მიიღებ, გავნებს. რაც შეეხება წიგნიერების საკითხს, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია საქართველოში. გამოც­დების და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა საერთაშორისო მასშტაბის კვლევამაც აჩვენა, რომ მეოთხე კლასელი ბავშვების მეოთხედს, ამ მხრივ, მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კი არ შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ბავშვების ლექსიკა, მათი წარმოსახვა ხშირად ჩამორჩება ასაკობრივ ნორმებს. წიგნის კითხვა ზუსტად ლექსიკასა და წარმოსახვას ავითარებს, ფანტაზია და წარმოსახვა კი უმნიშვნელოვანესია ბავშვისთვის. როდესაც კითხულობ, ხატები, სახეები უნდა წარმოიდგინო, კომპიუტერი კი ამის საშუალებას ნაკლებად აძლევს ბავშვს. შედეგად, მათ თამაში არ იციან, თამაში ხომ წარმოსახვით ხდება. თამაში წამყვანია ბავშვისთვის, სანამ სკოლაში შევა. ბუნებრივია, ბავშვი დამოუკიდებლად წიგნიერებას ვერ მიეჩვევა. ეს არის სოციალური ფენომენი, შესაბამისად, ის ეჩვევა და იყალიბებს წიგნთან დამოკიდებულებას მნიშვ­ნელოვანი უფროსების საშუალებით. მნიშვნელოვანი უფროსები ამ შემთხვევაში ოჯახის წევრები, მშობლები არიან. ამიტომ ძალიან დიდ კავშირშია მშობლების დამოკიდებულება წიგნისადმი, ოჯახში არსებული წიგნების რაოდენობა, მრავალფეროვნება და ბავშვის წიგნიერება. კვლევებით არის დადასტურებული, რომ რაც უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს მშობელს წიგნებისადმი, რაც უფრო ხშირად კითხულობს სიამოვნების გამო, მით უფრო წიგნიერია ბავშვი, მით უფრო კარგად კითხულობს, მით უფრო პოზიტიური დამოკიდებულება აქვს წიგნის მიმართ.
ერთი მხრივ, გასახარია ის ფაქტი, რომ დღეს მრავლად გაიხსნა წიგნის მაღაზიები, სადაც მრავალფეროვანი, კარგად გაფორმებული, საინტერესო საბავშვო წიგნები იყიდება, ხოლო მეორე მხრივ, სახეზეა მედია­შემოტევა _ ტელევიზორი, ინტერნეტი, და მშობელი დგება არჩევანის წინაშე. მშობლისთვის ბევრად მარტივი და მოსახერხებელია აირჩიოს კომპიუტერი და ტელევიზორი, _ ამ შემთხვევაში მისი დრო არ იხარჯება. ბავშვი ერთობა, არის წყნარად, უსაფრთხოდ, _ პირობითად უსაფრთხოდ, რა თქმა უნდა, რადგან ვიცით, რა საფრთხის შემცველია კომპიუტერის და ტელევიზორის დიდი ხნით ყურება და მათთან ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება. ხდება ისე, რომ ეს მშვენიერი, ლამაზი წიგნები რჩება მომხმარებლის გარეშე.
როდიდან, რომელი ასაკიდან უნდა მიაქციოს ­მშობელმა ყურადღება ბავშვის წიგნიერების ჩამოყალიბებას?
_ სულ ჩვილობიდან, რვა თვიდან ბავშვს უკვე უნდა ჰქონდეს შეხება ანბანთან. დღესდღეობით ძალიან მოსახერხებელი, ნაჭრის ფერადი წიგნები იყიდება ჩვილებისთვის, რომლებიც კარგი გამოსახულებებით და მკვეთრი ფერებით გამოირჩევა. წიგნის ფორმა აქვთ და მცირე მოცულობის ტექსტებიც ახლავთ თან. მათთან ურთიერთობისას ბავშვს უნებლიეთ, მისი ნების გარეშე ხვდება თვალში ასოები და ეჩვევა, უყალიბდება გარკვეული დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება უნდა იყოს სასიამოვნო. ამდაგვარი წიგნები ლამაზია, ფერადია, სხვადასხვა ფაქტურისაა. პირველი შეხება აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ასევე, ბავშვთან სიტყვიერი ურთიერთობა გადამწყვეტია ამ ასაკში. ფიზიკური მოვლა ცხადია, აუცილებელი პირობაა, თუმცა არასაკმარისი. ბავშვს ბაზისური მოთხოვნილებები აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ამით არ უნდა მთავრდებოდეს ბავშვის განვითარება. ძიძებსაც ამ პრინციპით ეძებენ ხოლმე მშობლები. ბავშვს ჩვილობის ასაკშივე, 5 _ 6 თვიდან ძალიან აქტიური მეტყველებითი კონტაქტი, კომუნიკაცია სჭირდება, ვინმე უნდა იყოს მის გვერდით, ვინც უმღერებს, დაელაპარაკება, აჩვენებს ნივთებს, სათამაშოებზე და საგნებზე ხელს მოაკიდებინებს, ამ სათამაშოებს დაუსახელებს. სიტყვიერ-ლექსიკური ურთიერთობა ბავშვთან შემდგომში წიგნიერების აუცილებელი პირობაა. ეს ეტაპი თუ ამოვარდა, მომავალში ბავშვს კომუნიკაციის პრობლემა შეექმნება. მეტყველების სტიმულირება ჩვილობის ასაკში _ ერთ-ერთი აუცილებელი საბაზისო საფეხურია მეტყველების განვითარების, შემდგომში კი უკვე წიგნიერების განვითარებისა.
ჩვილობის ასაკის შემდგომ, როგორ ხდება ბავშვის წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა?
_ ორი წლიდან, როდესაც ბავშვები უკვე აქტი­ურ თამაშს იწყებენ, წიგნიერების საფუძვლის ჩაყრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აუცილებელია მშობ­ლებმა ზღაპრები, სხვადასხვა ტექსტები წაუკითხონ ბავშვს. ზოგადად მოყოლას ჯობია, რომ წაუკითხონ დასურათებულ წიგნებში. მშობელმა ბავშვისთვის წიგნის წასაკითხად ყოველდღე მინიმუმ 15 წუთი უნდა გამო­ყოს, რიტუალის სახე უნდა მისცეს. ამით მშობელი რამდენიმე კურდღელს ერთად დაიჭერს. ერთი ის, რომ მო­ნატრებულ შვილთან ექნება კონტაქტი და კომუნი­კაცია. დღეს ნამდვილად პრობლემაა დროის გამოძებნა, ამიტომ ეს დრო რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ. თუ მშობელი ყოველდღიურად გამოყოფს დროს ბავშვისთვის, რომ უკითხოს შვილს, და ბავშვმა ეს იცის, ელოდება და ამით ბედნიერია, შედეგად დედასთან და მამასთან, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვერ ხედავს, ემოციური კონტაქტი აღდგენილია. არა აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს ატარებს მშობელი ბავშვთან, მნიშვნელოვანია _ როგორ. შეიძლება თხუთმეტი წუთი გაატაროს შვილთან, მაგრამ ძალიან შინაარსიანად და ბავშვს ახსოვდეს მეორე დღეს და მთელი კვირა. როდესაც ეს ყოველდღე განმეორდება, ბავშვი ყოველდღე დაელოდება, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი მისთვის გამოყოფს დროს, წიგნს დაათვალიერებინებს, წაუკითხავს და მოუყვება. ამ შემთხვევაში ყალიბდება დადებითი ემოციური დამოკიდებულება ბეჭდური პროდუქციის მიმართ, ვითარდება ლექსიკა, ზოგადად ინტელექტი და ემოციები.
ხშირად, მშობელს მიაჩნია, რომ ბავშვისთვის ადრეულ ასაკში წერა-კითხვის სწავლა, მისი წიგნიე­რების განვითარებაზე მიუთითებს, რამდენად სწორია მსგავსი შეხედულება?
ხშირია, როცა მშობელი ითხოვს, რომ მისმა შვილმა სამი წლის ასაკში ასოები, წერა-კითხვა ისწავლოს. ეს მოთხოვნა აქვთ ხოლმე საბავშვო ბაღების მიმართაც. ძალიან ხშირად მშობლებსაც და მასწავლებლებსაც ადრეულ ასაკში წერა-კითხვის შესწავლა ჰგონიათ წიგნიერების განვითარება. ეს ასე არ არის, პირიქით, _ ხშირად იწვევს საშინლად ნეგატიურ დამოკიდებულებას ბავშვებში. არიან ბავშვები, რომლებიც საკუთარი სურვილით ადვილად სწავლობენ კითხვას და ჩვენ ამას ვერ დავუშლით. მთავარია ბავშვისთვის მისაწვდომი იყოს ბეჭდური პროდუქცია და ისეთი სათამაშოები, რომლებზეც გამოსახული იქნება ასოები, ციფრები. ამ შემთხვევაში ის ეჩვევა, მის ფსიქიკაში აღიბეჭდება და იწყებს მათ გარჩევას თამაშ-თამაშით. ექვს წლამდე ბავშვის აქტივობაში წამყვანი თამაშია და არა დას­წავლა, ხოლო ექვსი წლის ასაკში, როცა ნებელობა უკვე კარგად არის ჩამოყალიბებული, ბავშვი იწყებს დასწავლას ანუ მიზანმიმართულად, უნდა თუ არ უნდა, მოსწონს თუ არ მოსწონს, ნებისმიერი მოქმედების განხორციელებას, რაც შეიძლება არც იყოს სასიამოვნო მისთვის. თამაში კი სასიამოვნოა. ამიტომ წიგნის კითხვა სათამაშო და სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს სკოლამდელ ასაკში. სწორედ აქ ეყრება ფუნდამენტი შემდგომში ბავშვი წაიკითხავს თუ არა, ეყვარება კითხვა თუ არა.
ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვს სკოლაში მიიყვანენ და სკოლა მას ასწავლის კითხვას და შეაყვარებს წიგნს. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ჩვენ არ უნდა და­ველოდოთ ექვს წელს, მშობელი ერთი მხრივ აქტიურად უნდა უკითხავდეს და მეორე მხრივ _ ეთამაშებოდეს ბავშვს. ეს შეიძლება იყოს 15 წუთი კითხვა, 15 წუთი თამაში, ოღონდ არ უნდა თამაშობდნენ ტელეფონის ზარების და ჩართული კომპიუტერის ფონზე. ამ დროს მშობელი მთლიანად ბავშვს უნდა ეკუთვნოდეს, უნდა გაიხსენოს საკუთარი ბავშვობა და ასე ეთამაშოს. თანამედროვე მშობლების უმეტესობამ კი თამაში არ იცის, მათთან თამაში სწავლების პროცესში გადადის, რაც ძალიან მოსაწყენია ბავშვისთვის. ეტაპებად რომ დავყოთ _ პირველი ეტაპი არის საუბარი ბავშვებთან, მომზადება წიგნისთვის, ზოგადად აქტიური სამეტყველო გარემოს შექმნა, მეტყველების საშუალებით კომუნიკაცია. სადღეისოდ ხშირია, როდესაც ბავშვებს არ ელაპარაკებიან, არ სცალიათ მათთან სალაპარაკოდ, შესაბამისად, ჩვენ უკვე გვყავს 21-ე საუკუნის „მაუგლები“, რომლებსაც არ უაქტიურდებათ თავის ტვინის მეტყველების ზონები. სკოლის პერიოდისთვის ეს მუშაობა უკვე დასრულებული უნდა იყოს. სკოლაში ბავშვი ამ თვალსაზრისით მომზადებული უნდა წავიდეს. მან უკვე უნდა იცოდეს წიგნის ღირებულება, უნდა იცოდეს, რომ კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომ კითხვით შეიძლება ბევრი რამ გაიგოს.
რას ნიშნავს წიგნიერება, გარდა წერა-კითხვისა?
წიგნიერება მხოლოდ წერა-კითხვის სწავლებას არ ნიშნავს. ეს არის წიგნისადმი დამოკიდებულება, ბეჭდვითი ინფორმაციისადმი დამოკიდებულება, სიტყვიერი ინფორმაციისადმი დამოკიდებულების ჩამო­ყალიბება, ბავშვის მეტყველების განვითარება, ფონოლოგიის განვითარება, _ ისე ვერ ისწავლის კითხვას. ხშირად მოდიან მშობლები ჩივილით, რომ მათი შვილი უყურადღებოა, არ ჩერდება გაკვეთილზე. მიუხედავად იმისა, რომ ასოები იცის და ცნობს, ფონოლოგიური უნარები კარგად არ აქვს განვითარებული, სიტყვაში ბგერებს ვერ არჩევს, და ა.შ. ასეთ ბავშვს გაუჭირდება კითხვის სწავლა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ხშირად აჩუქონ წიგნები მათთვის საყვარელმა ადამიანებმა. ასევე ბავშვებმა თავად შეარჩიონ წიგნები. წიგნიერებასთან დაკავშირებული აქტივობებია წერილის მი­წერა, მადლობის დაწერა საკუთარი შვილისთვის, ღია ბარათების დაწერა/დატოვება, წარწერა წიგნებზე _ აი, ასეთი მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. თან ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან.
ხშირად, კითხვის პრობლემის, დისლექსიის მქონე ბავშვებს, თვითშეფასებაც დაბალი აქვთ Dდა ემოციური პრობლემებიც უყალიბდებათ. ისინი ვერ უმკლავდებიან ბეჭდურ გამოსახულებებს. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ ეჭიდავებიან წიგნებს, სიამოვნებას ვერ იღებენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ნეგატივიზმი დაძლიოს ბავშვმა და დადებითი განწყობა ჩამოუყა­ლიბდეს წიგნისა და კითხვის მიმართ. სკოლაში, გაკ­ვეთილებზე აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი დრო, როდესაც მასწავლებელი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ადამიანი ხდება ბავშვისთვის, სიამოვნების გამო უკითხავს წიგნს, ეს არ უნდა იყოს მეცადინეობა, არამედ სასიამოვნო პროცესი. ეს გადამწყვეტი კომპონენტი სასწავლო პროცესში. ლიტერატურის შერჩევა ძალიან ინდივიდუალურია. ბავშვი იზრდება ისტორიებზე, ნარატივზე. რადგან ნარატიული აზროვნება ლოგიკურს წინ უსწრებს, ამბავი მორალის და ეთიკის განმავითარებელიცაა. ბავშვებს ძალიან უყვართ რეალური ისტორიების მოსმენა, თვითონაც მოსწონთ ამბების გამოგონება. ეს შეიძლება სახალისო საქმიანობად იქცეს. ძალიან სასარგებლოა ბავშვთან ერთად პატარა წიგნის შექმნა. ეს შეიძლება იყოს პატარა ამბავი, რომელსაც ბავშვი დაასურათებს, დახატავს და მცირე ტექსტებსაც მიუწერს, რაშიც უფროსიც დაეხმარება.
ინტერვიუ მოამზადა ინა იმედაშვილმა
https://bookcityblog.wordpress.com

No comments:

Post a Comment