Monday, July 30, 2018

„წიგნი თუ არ იკითხე და განათლება არ მიიღე, ყველანაირი ნიჭი ფერმკრთალდება“ - ინტერვიუ ცნობილ ქართველ დირიჟორთან

ცნობილმა ქართველმა დირიჟორმა, გოგი ჭიჭინაძემ ბავშვობა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაატარა. ამბობს, რომ რუსული ენა ბევრ რუს ბავშვზე კარგად იცოდა და მათ მართლწერაშიც ეხმარებოდა. ფიცხი ხასიათის ქართველი ბიჭი სკოლაში ხშირად ჩხუბობდა. მასწავლებლებს კი თავს საკუთარი სამართლიანობის განცდით აყვარებდა.
გოგი ჭიჭინაძე Etaloni.ge-ს სკოლის პერიოდზე მოუყვა და ახალგაზრდებს რჩევებიც მისცა.

– ბატონო გოგი, როგორ გახსოვთ სკოლაში სწავლის პერიოდი?
– მოსკოვში, რუსულ გარემოში ვიზრდებოდი, რადგან მამა იქ მუშაობდა. მასწავლებლები ძალიან მაღალი კულტურის მატარებლები იყვნენ.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


– ითვლება, რომ რუსი მასწავლებლები ქართველებზე მკაცრები არიან.
– დიახ, ძალიან მკაცრები იყვნენ. ჩემი დამრიგებელი, გალინა ივანოვნა სოკოლოვა უბრწყინვალესი პედაგოგი გახლდათ. რუსულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა და საოცრად გამოიყურებოდა. როცა გაკვეთილს ხსნიდა, ყოველთვის ფეხზე იდგა. ძალიან ძლიერი მასწავლებლები იყვნენ. ხვდებოდნენ, ვინ როგორი ბავშვი იყო.

– სკოლაში თუ ჩხუბობდით?
– კი, როგორ არა?! ძალიან ემოციური და გიჟი ვიყავი. უსამართლობაზე მქონდა მუდამ გართულება და ყოველთვის იდეალისტი ვიყავი. რას ვარკვევდი მაშინ ბიჭებთან, ახლა აღარც მახსოვს, მაგრამ სულ რაღაც ხდებოდა.

– გოგონების გამო ხომ არ ჩხუბობდით?
– როცა პატარები ვიყავით, მაშინ – არა, მაგრამ მერე კი ვჩხუბობდით გოგონების გამო. ქართველები საქმეს არჩევენ და უფრო მეტს ლაპარაკობენ, რუსებმა კი არ იციან საქმის გარჩევა, პირდაპირ ჩხუბზე გადადიან.

– როგორ სწავლობდით? 
– არასტაბილურად. რაც მიყვარდა,  იმ საგანში პრობლემა არასოდეს მქონდა. მიყვარდა რუსული ენა და ლიტერატურა. სულ ვწერდი. ყველა ჩემი დაწერილი თემა ოლიმპიადებზე იგზავნებოდა და სულ ვიმარჯვებდი. ახლა, ინტერნეტით ვიღაც ნაძირალა რუსთან რომ შევდივარ პოლემიკაში, რომელიც საშინელებებს წერს, პასუხად ვწერ ხოლმე, მესმის, რომ შენი ქვეყნის დიდი პატრიოტი ხარ, მაგრამ, სანამ პატრიოტიზმზე დავიწყებთ საუბარს, შენს ნაწერში ეს სიტყვა და ასო გაასწორე და იქ მძიმე დასვი-მეთქი. სკოლაშიც ვუსწორებდი რუს ბავშვებს ნაწერს. ჯერ მე ვამოწმებდი მათ ნაწერებს და მერე მასწავლებელი.

ინგლისური ენაც მიყვარდა და ფიზკულტურაც. სპორტული ტიპი ვიყავი. გეოგრაფიაც მიყვარდა, დანარჩენი საგნები კი – არა. მათემატიკა მეზიზღებოდა და სულ ორიანებს და სამიანებს ვიღებდი. არც შპარგალკის გამოყენება მეხერხებოდა, რადგან სანამ ჩავიხედებოდი, უკვე მიჭერდნენ. ტყუილი არ გამომდიოდა. მიკვირდა, სხვები ოსტატურად რომ იწერდნენ.

– რა დონეზე იცით მათემატიკა, ფიზიკა თუ ქიმია?
– საერთოდ არ ვიცი. დედაჩემმა, რომელიც გავტანჯე ჩემი სწავლით, გამრავლების ტაბულა ძალით მასწავლა. სინუსი, კოსინუსი და ა. შ... წარმოდგენა არ მაქვს, რა არის. ფესვის ამოღება... მაკანკალებდა. ტვინი სხვაგვარად მაქვს მოწყობილი. მუსიკაში არსებობს ჰარმონიული ამოცანები. რთულ მელოდიას გაძლევენ და მისი ჰარმონიზაცია უნდა მოახდინო კლასიკური წესით. ამის პრობლემა არასოდეს მქონია და იმ რაღაც სინუსებზე ცუდად ვხდებოდი. არც ისტორია მიყვარდა, რადგან ეს ჩემთვის არასასიამოვნო ზღაპარია. სამაგიეროდ, ლიტერატურაზე ვგიჟდებოდი. დედაჩემი მიმალავდა ხოლმე წიგნებს. 24 საათი შემეძლო მეკითხა. ჩავწერდი ხოლმე ჩემს დაკრულს და მეცადინეობა რომ მეზარებოდა, იმას ჩავრთავდი, რომ დედაჩემს ჰგონებოდა, ვუკრავდი, ამ დროს კი ვკითხულობდი.

– დაკვრაც გეზარებოდათ?
– დიახ. ერთადერთი, კითხვა და ფეხბურთის თამაში არ მეზარებოდა, დანარჩენი – ყველაფერი.

– რუსულად კითხულობდით?
– დიახ, რუსულად. 4 წლის ასაკში უკვე ვკითხულობდი. მახსოვს, საკმაოდ პატარამ კუპრინი გადავიკითხე მთლიანად. მომწონდა, როცა ავად ვხდებოდი, რადგან კითხვის საშუალება მეძლეოდა. ჩეხოვის ყველაფერი მაქვს წაკითხული. ცვაიგიც ძალიან მიყვარს. სკოლაში რასაც გვასწავლიდნენ, ბევრად, სამჯერ მეტს მაინც ვკითხულობდი.

– ქართულადაც კითხულობთ?
– მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, ეშინოდათ ჩემი გარუსების და ქართული კითხვაც შევიყვარე მერე. სახლში სულ ქართულად ვლაპრაკობდით, მაგრამ იქ ქართული სკოლა არ იყო. ქართული ლექსები, წერაც და კითხვაც მშობლებმა მასწავლეს და დღეს რომ ქართულად ლაპარაკის პრობლემა არ მაქვს, მათი დამსახურებაა.

– დაკვრა როდის დაიწყეთ?
– დაკვრაც დაახლოებით 4 წლიდან. სულ რაღაცას ვაწყობდი ფორტეპიანოზე და ვიცოდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მეკეთებინა. სხვა სპეციალობას ვერ ნახავთ, რომელსაც 18 წელი სჭირდება სწავლა. თუ ხატავ, დაამთავრებ სკოლას და პირდაპირ შედიხარ აკადემიაში, ასევე სამსახიობოზე... მუსიკოსი 5 წლიდან სწავლობ. მერე შედიხარ კონსერვატორიაში და მერე დოქტურანტურაში. ეს არის უზარმაზარი შრომა. როცა რამეს დახატავ, პირდაპირ ჩანს შედეგი. ფორტეპიანოს კი საათობით უკრავ და შედეგი ან გესმის, ან არა. ბავშვი ძალიან ძლიერი უნდა იყოს შინაგანად, ამას რომ გაუძლოს, მაგრამ თუ ბავშვის ცხოვრებაში მუსიკა დიდ როლს თამაშობს და კარგი მსმენელია, ის უკვე სულ სხვა ადამიანია. ისე, როგორც ქართულ ცეკვას თუ ცეკვავენ, სულ სხვანაირები არიან, რადგან ამაში რაღაც კოდი დევს. მე რომ მკითხოთ, აუცილებელი უნდა იყოს სკოლაში ქართული ცეკვა, როგორც საგანი, ისე უნდა შეიტანონ. ყველაფერს უვითარებს ბავშვს.

– თქვენ ცეკვავთ?
– არა, სად ვისწავლიდი მოსკოვში?! უზომოდ მომწონს, ნეტავ ვიცოდე. ჩვენი ფოლკლორის ჰარმონია, ყველა ბავშვს სულ ყურში უნდა ესმოდეს. სხვაგვარი ქცევა აქვთ მოცეკვავეებს. მორალური კოდი დევს ამ ცეკვებში, ამავე დროს დემოკრატიული და თავისუფალი.

– სტუდენტებს ასწავლით. რას შეცვლიდით დღევანდელი განათლების სისტემაში?
– მე კონსერვატორიაში ვასწავლი და აქ ვუყურებ იმ შედეგს, რა განათლებით მოდიან სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში. წარმოუდგენელია ამ ახალგაზრდების განათლებისა და კულტურის დონე.  უკიდურესად დაბალია. კი, ბატონო, მუსიკოსმა ბავშვმა ნუ იცის მათემატიკა, მაგრამ ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია აუცილებლად უნდა იცოდეს. წარმოდგენა არ აქვთ, სად რა არის... მათემატიკას იმიტომ გასწავლიან, რომ აზროვნება განგივითარდეს, ლოგიკა გქონდეს... მე რომ მათემატიკა არ მიყვარდა, ალბათ მასწავლებლის ბრალიც იყო. დიახ, ზუსტად ის საგნები არ მიყვარდა, რომელიც პედაგოგმა ვერ შემაყვარა.

ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ იყოს მხატვარი, მუსიკოსი, მსახიობი ფუნდამენტალურად განათლებული უნდა იყოს. რაღაცას რომ უკრავ და არ იცი, ის კომპოზიტორი როგორ ეპოქაში ცხოვრობდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ, რას უყურებდა და რა ემოციამ დააწერინა ეს ნაწარმოები, ფასი არ აქვს არც შენს დაკრულს და არც შენს დახატულს. უკულტურო კომპოზიტორი და შემსრულებელი, მე არ მინახავს. შეიძლება ნიჭი დააფერთხოს ვიღაცამ ზემოდან, მაგრამ 20–22 წლის მერე ეს ნიჭი ქრება, რადგან ვეღარ ვითარდება, მისი ფანტაზია იზღუდება. მსახიობი შექსპირს გენიალურად ვერ ითამაშებს, როცა წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა იმ ეპოქაში. რაღაც ნაწარმოებიდან ციტატას ამბობს და სტუდენტი შუშის თვალებით გიყურებს, ვერ ხვდება, რაზე ელაპარაკები, კავშირს ვერ გრძნობს და ეს კატასტროფაა. წიგნი თუ არ იკითხე და განათლება არ მიიღე, ყველანაირი ნიჭი ფერმკრთალდება.
etaloni.ge

1 comment:

  1. საინტერესო ინტერვიუ იყო. მადლობა. და წარმატებები.

    ReplyDelete