Wednesday, July 11, 2018

რას ამბობდა დონალდ ტრამპი ნატოზე თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. ციტატები

ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნა. მის დაწყებამდე დასავლელ ექსპერტებს აშფოთებდათ ის, რომ დონალდ ტრამპი ბლოკს მუდმივად აკრიტიკებს, ამასთან ამერიკის პრეზიდენტი ცნობილია თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებებით და გამონათქვამებით. რას აცხადებდა დონალდ ტრამპი ნატოს შესახებ თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში და რის მიღწევას ცდილობს ის აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებთან?

„გადაიხადეთ მეტი ფული“

2000 წელს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ევროპაში ჯარის შენახვის ხარჯი უზარმაზარია. ეს ფული შეიძლება ბევრად უკეთეს საქმეზე დაიხარჯოს. ჩვენი მოკავშირეები როგორც ჩანს, მაინც დიდად არ აფასებენ ჩვენ იქ ყოფნას“.

ტრამპის საგარეოპოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის ახლოს იყო ამერიკელი იზოლაციონისტების პოზიციასთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამერიკის ზესახელმწიფოს სტატუსისგან მისი მოკავშირეები უფრო მეტს იგებენ, ვიდრე თავად აშშ. ჯერ კიდევ 1980-ანი წლების ბოლოს მან პოლიტიკური კარიერა იაპონიაზე თავდასხმებით დაიწყო. 2000 წელს გამოსცა წიგნი „ამერიკა, რომელსაც ვიმსახურებთ“. წიგნში ის თავს დაესხა ნატოს. წლების შემდეგ, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ის თითქმის იგივეს იმეორებდა, რომ ნატო ამერიკას ძალიან ძვირი უჯდებოდა.

„ნატო მოძველდა“

2016 წლის 27 მარტს, ტრამპმა განაცხადა: „ვფიქრობ, ნატო მოძველდა. ნატო იმ დროს შეიქმნა, როდესაც სავჭოთა კავშირი არსებობდა, რომელიც იყო აშკარად დიდი, ბევრად დიდი, ვიდრე დღევანდელი რუსეთია. არ ვამბობ, რომ რუსეთი საფრთხე არ არის. მაგრამ ჩვენ სხვა საფრთხეებიც გვაქვს. ჩვენ გვემუქრება ტერორიზმი, ნატო კი არ განიხილავს ტერორიზმს, ნატოს მიზანი ეს არ არის. ნატოს შემადგენლობაში არ არიან ქვეყნები, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლა შეუძლიათ“.

ტრამპს დღემდე ახსენებენ წინასაარჩევნო დებატების დროს გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს. მის სიტყვებში, რომ ნატო მოძველდა, მაშინვე დაინახეს მინიშნება იმაზე, რომ მას სამხედრო ბლოკის სერიოზულად გარდაქმნა სურდა, ან ამ ბლოკიდან გასვლაც კი. რუსეთთან დაკავშირებული კომენტარები ვლადიმერ პუტინის მიმართ ზედმეტ სირბილედ შეფასდა; ხოლო სიტყვები, რომ ტერორიზმთან მებრძოლი არავინაა - რუსეთისთვის თანამშრომლობის შეთავაზებად.

„თავად დაიცავით საკუთარი თავი“  
2016 წლის 21 ივნისს ტრამპმა კითხვაზე „შეუძლიათ თუ არა ნატოს წევრებს, მათ შორის ბალტიის ქვეყნებს, ჰქონდეთ იმის იმედი, რომ აშშ დაეხმარება მათ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში? რომ ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს?“ ტარმპმა უპასუხა: „ისინი ასრულებენ ჩვენ მიმართ აღებულ ვალდებულებებს? თუ ასრულებენ, მაშინ ჩემი პასუხია „დიახ““.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ამბობს, რომ ერთ წევრ-ქვეყანაზე თავდასხმა ორგანიზაციაზე თავდასხმას ნიშნავს. მეორე დღეს, მას შემდეგ რაც ტრამპი ოფიციალურად გახდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, The New York Times-ში გამოქვეყნდა მისი ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ალიანსის ეს მთავარი პრინციპი ეჭვქვეშ დააყენა.

ჰილარი კლინტონის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ის ბლოკიდან გასვლით იმუქრება. სინამდვილეში ასე არ იყო, თუმცა ის მართლაც ამბობდა, რომ „ქვეყნები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ, ამისთვის ფული უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა უნდა მისცეს მათ შესაძლებლობა თავად დაიცვან საკუთარი თავი“. პოლონური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ტრამპმა განაცხადა: „მინდა, რომ ნატო იყოს ძლიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებმა უნდა მიბაძონ პოლონეთს“. პოლონეთი ბლოკს მშპ-ს 2%-ს უხდის, ანუ იმდენს, რამდენიც კოლექტიური შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

„ნატო არ მოძველებულა“

2017 წლის 12 აპრილს ტრამპმა განაცხადა: „პროდუქტიულად ვისაუბრეთ ნატოს გენერალურ მდივანთან [იენს სტოლტენბერგი] იმის შესახებ, რომ თუ რისი გაკეთება შეუძლია ნატოს ტერორიზმთან ბრძოლისათვის. მანამდე მე ვამბობდი, რომ ბლოკი მოძველდა. ის მოძველებული აღარ არის“.

ნატოსთან დაკავშირებულ მკაცრ განცხადებებზე დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე თქვა უარი. გაუგებარია, რატომ. რადგან ნატოს ანტიტერორისტულ პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა რადიკალურად არც 2016 და არც 2017 წლებში. ექსპერტების აზრით, მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ამ საკითხზე ქვეყნის პოზიციის დამოუკიდებლად შეცვლის დიდი ბერკეტები არ გააჩნია. ტრამპს ურჩევნია ვითარება წარმოადგინოს ისე, თითქოს ნატომ თავად დათმო.

ისევ „გადაიხადეთ მეტი ფული“

2017 წლის 25 მაისს დონალდ ტრამპმა თქვა: „ნატოს წვრებმა ბოლოსდაბოლოს უნდა შეიტანონ განსაზღვრული წილი [ალიანსის დაფინასებაში], რადგან ახლა 20 წევრი-ქვეყნიდან 23 - არ იხდის იმას, რისი გადახდაც ევალება საკუთარი თავის დაცვისთვისაც კი. ეს ძალიან უსამართლო დამოკიდებულებაა შეერთებული შტატების ხალხის და ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა მიმართ... [მშპ-ს] 2% - ეს ისედაც არაფერია დღევანდელ რეალურ და ძალიან საშიშ საფრთხეებთან ბრძოლისათვის““.

ტრამპის ამ განცხადებამ ბრიუსელში მისი პირველი ვიზიტის პირველივე დღეს ნატოს სამიტზე, საბოლოოდ აქცია ფინანსური ასპექტი მთავარ უთანხმოებად აშშ-ის და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის. აშშ-ის პრეზიდენტი მოითხოვს, რომ ბლოკის სხვა ქვეყნებმა ალიანსის შენახვისთვის თავისი მშპ-ს არანაკლებ 2% გადაიხადონ: ეს ციფრი 2014 წელს შეთანხმდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმი მიიერთა. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებიდან, რომელთა დაცვის პირობადაც ტრამპი მათ მიერ „ვალდებულებების“ შესრულებას ასახელებდა, დახმარების იმედი შეიძლება მხოლოდ ესტონეთს ჰქონდეს.  

მაგრამ, The New York Times-ი წერს, რომ 2% - არა ვალდებულება, არამედ 2024 წლისათვის გათვლილი მიზანია. აშშ-ის სამხედრო ხარჯები ნატოს ყველა ქვეყნის ხარჯების 78%-ა, მაგრამ მისი ზრდა დიდწილად დაკავშირებულია ავღანეთის და ერაყის ოპერაციებთან, რომლებსაც აშშ დამოუკიდებლად აწარმოებდა. უშალოდ ალიანსის ბიუჯეტში ამერიკული წილი მართალია ყველასას აჭარბებს, მაგრამ 22%-ზე მეტი არ არის. 

„გადაიხადეთ მეტი“

2018 წლის 10 ივლისს ტრამპმა Twitter-ზე დაწერა: „ნატოს ქვეყნები მეტ ფულს უნდა იხდიდნენ, აშშ - ნაკლებს“. დიდი უსამართლობაა!“ 

ნატოს ივლისის სამიტის წინ, ტრამპი კვლავ დაესხა თავს ორგანიზაციის ევროპელ წევრებს იმისთვის, რომ ისინი ალიანსის შენახვისათვის არასაკმარის თანხებს იხდიან. ამასთან, ჯერ კიდევ მაისში ის აქებდა ევროპელებს, რადგან 2%-იანი ნორმის შესრულება დამატებით სამმა ქვეყანამ დაიწყო. დონალდ ტრამპს ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა უპასუხა: „ევროპამ პირველმა უპასუხა მასშტაბურად 11 სექტემბრის ტერაქტებს, როდესაც აშშ-მა დახმარება ითხოვა. ევროპელი ჯარისკაცები ამერიკელების მხარდამხარ იბრძოდნენ ავღანეთში. 870 მამაცმა ევროპელმა ქალმა და კაცმა შესწირა იქ თავისი სიცოცხლე, მათ შორის 40-მა ჯარისკაცმა ჩემი სამშობლოდან, პოლონეთიდან“.

მთავარი კითხვაა, თუ რისი მიღწევა სურს ტრამპს? რა მოხდება თუ მისი ფნანსური მოთხოვნები არ შესრულდება?

„გერმანია რუსეთის ტყვეა“

2018 წლის 11 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ „გერმანია რუსეთის ტყვეა... გერმანიას სრულად აკონტროლებს რუსეთი, რადგან ის მიიღებს ენერგიის 60-70%-ს ახალი მილსადენიდან [„ჩრდილოეთის ნაკადი 2“]. ვიფიქრობ ეს მიუღებელია“.

ტრამპის პრეტენზიები გერმანიის მიმართ, რომელიც მან ბერლინს ასე ხისტად წაუყენა ბრუსელის სამიტის პირველივე დღეს, უკეთ ხსნის მის შესაძლო მოტივს. ის მუდმივად აკრიტიკებს ბერლინს: ნატოს არასაკმარისი დაფინანსებისთვის, ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკისათვის, მაგრამ, რაც მთავარია, აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობებისათვის. როგორც ჩანს, ნატოს მიმართ რიტორიკა - დიდი სავაჭრო ომის ნაწილია, რომელსაც ტრამპი იმისთვის აწარმოებს, რომ შეამციროს უცხოური პროდუქციის წვდომა ამერიკულ ბაზრებზე და აიძულოს ამერიკული კომპანიები გადაიტანონს თავისი წარმოება აშშ-ში. ნატოს დაფინანსება ამ დავაში დამატებითი არგუმენტია. ამასთან, ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი არგუმენტი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ: თუ გერმანია სრულად დამოკიდებულია რუსეთზე, რატომ არ შეიძლება რომ მას აშშ-ც მოელაპარაკოს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment