Sunday, July 22, 2018

კომისიის წევრები არ ამბობენ, რა პასუხები მიიღეს მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიასგან

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია გამოკითხა.
კომისიის წევრები ბრალდებულებს 7 საათის განმავლობაში კითხავდნენ. კონკრეტულად რა ინფორმაცია მიაწოდეს სუბელიანმა და კალანდიამ საგამოძიებო კომისიის წევრებს უცნობია.
კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის თქმით, გამოკითხვის პროცესში ბევრი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი, რომლებსაც შემდგომში კომისიის წევრები გააანალიზებენ და ამ დრომდე არსებულ სხვა პირების ჩვენებებს შეადარებენ. 
"საკმაოდ ბევრ დეტალზე ვისაუბრეთ. კითხვები ეხებოდა პირველ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს და შემდეგ მათ მონაწილეობას ამ საქმეში. ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო პასუხები, ყველა მიღებულ ინფორმაციას კომისია გააანალიზებს. გადავამოწმებთ, სხვა ჩვენებებს შევადარებთ და შემდეგ გაკეთდება დასკვნები. საბოლოო შეფასება ჯერ ადრეა", - სერგი კაპანაძე.
12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში.
მოზარდების მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი მოზარდი ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 19 ივლისს დააკავეს. დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი 20 ივლისს წარედგინა.
დღეის მდგომარეობით, კომისიამ საქმეზე ორი რეკომენდაცია გასცა. 
საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment