Thursday, July 19, 2018

ტყიბულის ცენტრში მეშახტეები აქციას მართავენ

დილიდან ტყიბულის ცენტრში მეშახტეები აქციას მართავენ. დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა საქნახშირის ხელმძღვანელობის გადადგომაა. მათ საკუთარი კანდიდატიც დაასახელეს.
ამასთან ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან შახტის სრულ დახურვას, ხოლო უსაფრთხოებაზე პასუხისმეგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. 
სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.
მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და ის ადამიანები, ვინც ტყიბულის შახტში იყვნენ დასაქმებული, ჩვეულებრივ მიიღებენ სახელფასო ანაზღაურებას.
ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შახტში დაშავებული მეშახტეებიდან ორის კლინიკიდან ხვალ გაწერენ, ორი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან ერთს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, ხოლო მეორეს მომავალ კვირას ჩაუტარდება. 
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
მინდელის შახტში არსებული მდგომარეობის დასათვალიერებლად შრომის ინსპექტორების ჯგუფი ჩავიდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment