აჭარაში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. საქართველოს საზღვაო კურორტებს შორის, ბათუმი წელსაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
აჭარის რეგიონს ვიზიტორები ძირითადად თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ირანიდან და უკრაინიდან სტუმრობენ. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, 2018 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, უცხოეთიდან აჭარაში 639 183 ვიზიტი განხორციელდა, რაც 28%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.
ჩვენ ბათუმში ჩამოსულ რამდენიმე ტურისტს ვესაუბრეთ და დავინტერესდით, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ საქართველოს ზღვისპირეთში. ჩვენი რესპონდენტების ნაწილი, უკმაყოფილებას მომსახურების სფეროსთან დაკავშირებით გამოხატავს. ტურისტები ამბობენ, რომ რესტორნებში მომსახურება დასახვეწია:
"უკმაყოფილო ვარ სარესტორნო სისტემით. შეკვეთილი კერძი დაგვიანებით მოდის... კერძს რომ თავი დავანებოთ, გამაგრილებელი სასმელის (ფრეშის) დამზადებას 20 წუთი არ უნდა სჭირდებოდეს. ეს ძალიან გამაღიზიანებელია, რადგან დროს ფუჭად ვხარჯავ, შეკვეთილ კერძს საჭირო დროზე მეტხანს ველოდები" - აცხადებს ტურისტი ჩინეთიდან. თუმცა, ქალაქის განვითარების ტემპზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ "ქალაქში ტემპი აშკარად იგრძნობა. ყველა ფეხის ნაბიჯზე მშენებლობა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ათი წლის შემდეგ ბათუმი გაცილებით ლამაზი და ეკონომიკურად ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს არის"ერთადერთი, რაც ბათუმში დასვენების დროს მაწუხებს, - ეს არის მშენებლობიდან გამოწვეული ხმაური. უამრავი მშენებლობაა ქალაქში, რაც იწვევს ხმაურს გარემოს დაბინძურებას და თავისთავად, ლოგიკურად ტურისტიც ამ მხრივ დისკომფორტს განიცდის, მაგრამ ეს ფაქტიც ძალიან კარგად მესმის. ბათუმი ტურისტული ცენტრია და მას სჭირდება მშენებლობა, გაზრდა და განვითარება" - გვეუბნება ტურისტი სომხეთიდან.
ის უცხოელი სტუმრები კი, რომლებიც ბათუმს ხშირად სტუმრობენ, წუხან რომ ახალი შენობების მშენებლობა ბათუმს იერსახეს უკარგავს. ამბობენ, რომ ძველ ბათუმში თანამდროვე შენობების აგებამ, ქალაქს ძველი სურნელი დაუკარგა.
"გული მწყდება, როცა ვუყურებ რამდენი თანამედროვე შენობები აშენდა ძველ ბათუმში. ჩემი აზრით, ძველ ბათუმს იერსახე არ უნდა დაუკარგონ. საჭიროა შენობების რეკონსტრუქცია და არა მათი დანგრევა. ეს ბათუმს ძველ სურნელს შეუნარჩუნებს. კულტურას გაფრთხილება სჭირდება" - ამბობს უკრაინელი ტურისტი.ის ტურისტები, რომლებიც საქართველოში და აჭარის ზღვისპირეთში წელს პირველად ჩამოვიდნენ, ყველაზე მეტად ყურადღებას ამახვილებენ გემრიელ სამზარეულოზე და სტუმართმოყვარე ხალხზე:
"პირველად ვარ საქართველოში და მგონი უკვე შემიყვარდა აქაურობა. არ ველოდი, რომ ბათუმი და მთლიანად საქართველო ასე საოცარი სილამაზის იქნებოდა, ასე ტოლერანტი ხალხი ცხოვრობდა აქ. ყველაფერი მომწონს, სანაპირო, საჭმელი - ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია. ძალიან მიხარია რომ აქ ვართ და დარწმუნებული ვარ კიდევ დავბრუნდებით" - ამბობს დიმიტრი ყაზახეთიდან.
"ძალიან მომწონს ხალხი - აქ ყველგან ღვინოს და ხაჭაპურს გთავაზობენ. საჭმელი ძალიან გემრიელია! ამინდი ძალიან ცხელი იყო და ეს არ მესიამოვნა, დღეს შედარებით მოღრუბლულია და უფრო მომწონს. უკვე ორი კვირაა საქართველოში ვართ, დავათვალიერეთ ბევრი ადგილი, ვნახეთ თბილისიც, მღვიმეები, კანიონები. სიამოვნებით ვეტყვით მეგობრებს და ნათესავებს, რომ ბათუმში კარგად დაისვენებენ. ჩვენ ყაზახეთიდან ვართ, ასტანადან და კარგი იქნება, თუ ქართველებიც ესტუმრებიან ჩვენს ქვეყანას" - ამბობს შუახნის ყაზახი წყვილი.
"ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია, საჭმელი არაჩვეულებრივი, ზღვაც ძალიან კარგია. კომფორტულია აქ დასვენება, სიმწვანეა, კარგი ბუნება, კარგი ჰაერი და არ არის მტვერი. ზღვასთან ახლოს ვართ და სანაპიროზე ყოველდღე გავდივართ, თუმცა ცუდია რომ წვიმს ხოლმე", - ამბობს წყვილი კიევიდან.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment