Tuesday, August 26, 2014

რას უნდა ველოდოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებებისგან

რას უნდა ველოდოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებებისგან. მომავალი სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმას სადამრიგებლო და კითხვის საათები, ასევე, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები დაემატება. რას უნდა ველოდოთ ამ ცვლილებებისგან?
“ბევრი მასწავლებელი გაურბოდა დამრიგებლის სტატუსს სასწავლო წლის დასაწყისში, რაღაც ცუდი ამბავივით იყო, რომ გეტყოდნენ, დამრიგებელი ხარ,”– ამბობს განათლების ექსპერტი პაატა პაპავა. ის თვლის, რომ სადამრიგებლო საათის შემოღება დადებითი მოვლენაა, რადგანაც აქამდე დამრიგებლის ფუნქციები ნომინალური იყო და არასერიოზულად აღიქმებოდა.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სადამრიგებლო საათის მიზანი მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება იქნება.

“დამრიგებლის საათი, რა თქმა უნდა,  გაზრდის ამ ადამიანების პასუხისმგებლობას და კონკრეტული მიმართულებით ხელს შეუწყობს ამ ხალხს, რომ უფრო ეფექტური კომუნიკაციები დაამყარონ კლასის შიგნით, კლასებს შორის, მშობლებთან და ასე შემდეგ,”– ამბობს პაპავა.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ სადამრიგებლო და კითხვის საათმა შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს, თუმცა ის მიზნები, რაც ერთ ან მეორე მათგანს აქვს დასახული, მხოლოდ ამ აქტივობებით ვერ მიიღწევა.

“თვალსაწიერს, კრიტიკული აზროვნების უნარებსა თუ კითხვის უნარ-ჩვევებს მრავალმხრივად, სხვადასხვა საგნის და უფრო ზოგადი სასკოლო აქტივობების მეშვეობით ჭირდება განვითარება,”– თქვა ჯანაშიამ.

კითხვის საათი დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) ჩატარდება და მისი მიზანი წიგნიერების კომპეტენციის გაზრდა იქნება. "PIRLS"-ის წიგნიერების კვლევის მიხედვით, 2011 წლის მონაცემებით, საქართველო საშუალოზე დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს.

“პრობლემა არის არა იმდენად სასწავლო გეგმის მიზნებში, არამედ მის განხორციელებადობაში,”– ამბობს ჯანაშია. მისი განმარტებით, განხორციელებას თავად მიდგომა უშლის ხელს, რომლის მიხედვითაც, 30–ბავშვიან კლასშიც 1 საათი უნდა დაეთმოს კითხვის საათს და ორბავშვიანშიც.

“უფრო ეფექტური იქნებოდა დიფერენცირებული დანერგვის შესაძლებლობები მისცემოდათ სკოლებს,”– თქვა მან.

განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ დამრიგებელი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ჩაატაროს კითხვის საათი.

“კითხვის საათი შეიძლება ჩაატარო დიდ ჯგუფში, როდესაც ანალიზზე მუშაობ და თუ ტექნიკაზე მუშაობ, ალბათ ჯობია უფრო მცირე ჯგუფებში,”– თქვა გიგაურმა.

პაატა პაპავა მიიჩნევს, რომ კითხვის საათი, კარგად ჩატარების შემთხვევაში, გაზრდის ბავშვებში კითხვის მოტივაციას. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, თუ სად ჩატარდება კითხვის საათი და ასევე, აუცილებელია მოსწავლისთვის თავისუფლების მინიჭება.

“ხანდახან სავარძელში მინდა კითხვა, არის მომენტი, წამოწოლილს მირჩევნია წაკითხვა,  შეიძლება ფეხზე ვიდგე და ისე ვიკითხო, კლასშიც შეიძლება გარემოს თავისუფლად მოწყობა. კლასის ისეთ სამკითხველოდ გადაქცევა, სადაც ბავშვებს ექნებათ მეტი თავისუფლება, პირველ რიგში, ტექსტების არჩევისა და ტექსტებთან ურთიერთობის დროს, მაგალითად, თუ მე მინდა წავიკითხო ჩოგბურთის ისტორია, მოდით, მე მომეცით საშუალება, რომ წავიკითხო ჩოგბურთის ისტორიის შესახებ, ”– ამბობს ის.

როგორც პაატა პაპავა განმარტავს, მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს წიგნების დიაპაზონის მრავალფეროვნების გათვალისწინებაც, რომელიც ბავშვებს არჩევანის თავისუფლებას მისცემს და სახელმძღვანელოსავით ერთ წიგნზე არ მიაჯაჭვავს.  ამათანავე, აუცილებელია  მოსწავლეებისათვის ადეკვატური სირთულის წიგნების მიწოდებაც.

“ძალიან ხშირად ჩვენ ვაწვალებთ ბავშვებს რთული წიგნებით,”– ამბობს ის.

იმას, თუ რას წაიკითხავენ ბავშვები კითხვის საათის განმავლობაში, ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტი წყვეტს. “ზუსტად ის წყვეტს იმასაც, დამატებითი ლიტერატურის არჩევანი, სპექტრი როგორი უნდა იყოს, საიდანაც მასწავლებელი აირჩევს მასალას კლასის ინტერესებიდან გამომდინარე,”– ამბობს ლია გიგაური.

მისივე თქმით, უკვე დაგეგმილია კითხვის საათის ჩასატარებლად დაწყებითი კლასის მასწავლებლების ტრენინგი. ტრენინგის საჭიროებაზე საუბრობს პაატა პაპავაც.

“დღეს საქართველოში გვყავს ვარსკვლავი მასწავლებლები, რომლებიც ამას მშვენივრად აკეთებენ და აყვარებენ ბავშვებს კითხვას სპეციალური საათების გარეშეც, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის საკმარისი,” – ამბობს ის.

მასწავლებლები ტრენინგს გაივლიან პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის კურსის ჩასატარებლადაც. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ კურსის მიზანი მოსწავლეებში იმ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაა, რომელიც მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.

სიმონ ჯანაშია საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც ამ კურსმა, არასწორად ჩატარების შემთხვევაში, შეიძლება მოსწავლეებს შეუქმნას.

“არასწორად დანერგვის შემთხვევაში ეს მექანიზმი შეიძლება გახდეს საზოგადოების წევრების სორტირების მექანიზმიც. ერთ-ერთ ინტერვიუში სამინისტროს წარმომადგენელმა ისიც კი თქვა, ტესტირებების საშუალებით გამოვავლენთ მოსწავლეების მომავალ მიდრეკილებებსო. ეს ძალიან საშიში მიდგომაა, რადგან პიროვნული არჩევანის დათრგუნვას ფსევდომეცნიერული და ამავდროულად სოციალური კონტროლის მექანიზმებით შეუძლია მოსწავლეებში როგორც ფსიქოლოგიური, ისე სოციალური პრობლემების გამოწვევა,”– თქვა ჯანაშიამ.

ტესტის ჩატარებას ადასტურებს ლია გიგაურიც. მისი თქმით, ეს არის ადაპტირებული ფსიქოლოგიური ტესტი, რომელსაც განათლების სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრი და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპეციალური ჯგუფები მთელი წლის განმავლობაში ამზადებდნენ.

“არავინ არ კარნახობს მოსწავლეს, როგორ უნდა დაგეგმოს კარიერა. მთელი კურსის შინაარსი ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ უნდა ავირჩიოთ სწორად კარიერა. საწყისი ტესტი ტარდება და ამ ტესტის მიხედვით მოსწავლეების უნარ–ჩვევების განსაზღვრა ხდება.

კურსის ფარგლებში ისინი სწავლობენ, როგორ დაგეგმონ სწორად კარიერა, როგორ განივითარონ ესა თუ ის უნარ–ჩვევები და როგორ აირჩიონ სწორად პროფესია,” – თქვა განათლების მინისტრის მოადგილემ.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები დაახლოებით 2 კვირაში – 2014–2015 სასწავლო წელს ამოქმედდება.

ქეთი მაჭავარიანი
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment