Monday, October 6, 2014

"მოქალაქის" მოსწავლე-სტუდენტებისთვის გათვლილ ორმილიონიან პროექტებს "ნაეკი" განახორციელებს

”მოქალაქის”  მოსწავლე-სტუდენტებისთვის გათვლილ ორმილიონიან პროექტებს ”ნაეკი” განახორციელებს"სტუდენტები თვითმმართველობისთვის" და "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" ასე ქვია იმ ორ პროექტს, რომელის განხორციელებასაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" ხვალიდან იწყებს და რონაწილეობის უფლებაც სკოლის მოსწავლეებს, ბაკალავრებს და მაგისტრანტებს შეეძლებათ. პროექტების პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა.

რას გულისხმობს თითეული პროექტი და რა ჯდება მათი განხორციელება, ამ საკითხებზე პროექტის ორგანიზატორები Aris.ge-განათლება დეტალურად ესაუბრნენ. 


პროექტების პრეზენტაციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. Aris.ge-განათლებისკითხვაზე "არის თუ არა განათლების სფერო "მოქალაქის" პრიორიტეტი" მან შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა:

"სახელმწიფოს განვითარებასა და წარმატებულად ფუნქციონრებაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. კარგი იქნება, თუ ახალი თაობა სკოლის მერხებიდანვე მიეჩევევა თავისი წილი პასუხიმგებლობის აღებას". 

მისივე ინფორმაციით, თითეული პროექტის განხორციელება არანაკლებ ერთი მილიონი ლარი დარჯდება. "პროექტის მიზანი კი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის - მოსწავლეებისა და სტუდენტების გააქტიურებაა".

როგორც დღეს გახდა ცნობილი, "მოქალაქის" მიერ დაფინანსებული ორივე პროექტის ადმინისტრირებასა და მომზადებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახდენს. 

Aris.ge-განათლებას პროექტების განხორციელების დეტალებზე სწორედ ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ესაუბრა.

"სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია აქტიური და პასუხიმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა,"- აცხადებს მიმინოშვილი. 

მისივე ინფორმაციით, ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება IX-XIIკლასის მოსწავლეებს შეეძლებათ.
რაც შეეხება ოლიმპიადის ჩატარების სქემას - ის სამ ეტაპად გაიმართება. 


"პირველი შესარჩევი ტური ჩატარდება ყველა სკოლაში. პირველ ეტაპში ორიათასამდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. მეორე შესარჩევ ტურში ორასი მოსწავლე გადავა. ამ ტურში მათ მოუწევთ სამოქალაქო განვითარების საკითხზე არა ტესტური, არამედ ღია დავალების შესრულება. ესეების შექმნა, არგუმენტირება, მსჯელობა... მესამე ტური ორ ნაწილიანი იქნება. საბოლოო ეტაპზე კი ოცი საუკეთესოს არჩევა მოხდება. ისინი მოამზადებენ თემებზე საჯარო პრეზენტაციებს და სწორედ ეს ოცი მოსწავლე შეიძლება ჩაითვალოს ოლიმპიადის გამარჯვებულად,"- განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 

რაც შეეხება პროექტების ფარგლებში წახალისების ფორმებს ამაზე ARIS.GE-განათლებას "მოქალაქის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნიკო ჩხეტიანი ესაუბრა. 

"საჩუქრები კონკურსის ყველა ეტაპზე იქნება. ყველა ტურის შემდეგ საჩუქრები უფრო ღირებული გახდება. გამარჯვებული 20-22 მოსწავლე კი საზღვარგარეთ ენის შემსაწავლელი კურსებით დაჯილდოვდება. მათ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენების შესწავლა შეეძლებათ." 

რაც შეეხება "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" პროექტის გამარჯვებულ გუნდებს, ისინი ევროპაში თემატური მოგზაურობით დაჯილდოვდებიან და წამყვანი ქვეყნების თვითმმართველობების სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნობიან. ამ პროექტის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა. 

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, სტუდენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე კაციანი ჯგუფები შექმნან. აირჩიონ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი მუნიციპალიტეტი. ჩავიდნენ ადგილზე, აწარმოონ კვლევები, შეისწავლონ მუნიციპალიტეტის პრობლემები და საჭიროებები, ბიუჯეტის ხარჯვის პროცესი და მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტები. 

"იდეა ძალიან კარგია, მსგავსი პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა. პირველ ეტაპზე გამარჯვებულმა სტუდენტურმა გუნდებმა უნდა გააკეთონ ჩამონათვალი რომელ მუნიციპალიტეტში სურთ მუშაობა. შემდეგ დაასაბუთონ რატომ აირჩიეს ესა თუ ის რეგიონი. ჩავიდნენ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. შექმნან ფოკუს ჯგუფები, ჩაწერონ ინტერვიუები, მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება, მოიძიონ მათი მოგვარების გზები და შექმნან ანალიტიკური დოკუმენტი. საბოლოო ეტაპზე კი მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შედგენა მოუწევთ,"- ამბობს მაია მიმინოშვილი. 

ორივე პროექტში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია ხვალ დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. კონკურსებში გამარჯვებულები კი სავარაუდოდ მაისის თვეში გამოვლინდებიან. 

დამატებითი ინფორმაციის მოპოვება დაინტერესებულ პირებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" შესაბამისი სახელწოდების გვერდებსა და "მოქალაქის" ოფიციალურ ვებ გვერდზე შეუძლიათ. 

რაც შეეხება პროექტის სამომავლო გეგმებს: როგორც ორგანიზატორები ამბობენ "გაგრძელდება თუ არა პროექტები მომავალში, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაამართლებს საპილოტე ვერსია". 

ეკა არის© წივწივაძე

No comments:

Post a Comment