Tuesday, October 14, 2014

როგორ მოვამზადოთ ბავშვები ზამთრისთვის - ცნობილი პედიატრის რჩევები

როგორ მოვამზადოთ ბავშვები ზამთრისთვის - ცნობილი პედიატრის რჩევები

- როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვის ორგანიზმი ზამთრისთვის? 
- პირველ რიგში, ბავშვი უნდა გავაკაჟოთ. გაკაჟება ეტაპობრივად უნდა მოხდეს. იმისთვის, რომ გაციებამ თავი ხშირად არ შეგახსენოთ, პატარებს პირი, ხელები და ფეხები ცივი წყლით დაბანეთ ხოლმე. ბავშვი ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს გრილ წყალში ბანაობას. ჩვილი ბავშვი თავდაპირველად 37 გრადუსში აბანავეთ და ნელ-ნელა 6 თვის განმავლობაში ჩამოდით 32 გარდუსზე. ე.წ "ვაფლის" პირსაცოხი დაასველეთ, გაწურეთ და დაუზილეთ სხეული ბავშვებს. მაცივარში ყოველთვის გქონდეს მარილიანი წყალი (ფიზიოლოგიური ხსნარი). ზამთარში, როდესაც სახლში გათბობა ჩართულია და ჰაერი ნაკლებად მოძრაობს, არის საშიშროება, რომ ბავშვებს გამოუშრეთ ცხვირის ლორწოვანი, ამიტომ 2 ჩაის კოვზი მარილი გააზავეთ 1 ლიტრ წყალში და ზამთარში პატარებს ცხვირში ჩააწვეთეთ. ძალიან თბილად ნუ ჩააცმევთ ბავშვებს. ეცადეთ არ გაოფლიანდნენ. არც გაყინოთ და არც გადაახუროთ პატარა.


- რამდენად მიზანშეწონილია წელიწადის ამ დროს ვიტამინების და სხვადასხვა პრეპარატის მიღება იმუნიტეტის ასამაღლებლად?
- იმუნიტეტის ამაღლების საუკეთესო მეთოდი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაკაჟებაა. ვიტამინები ინიშნება, როდესაც ბავშვი უჭმელია, აქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ჯანმრთელი ბავშვი ზამთარს გაკაჟებითაც კარგად გადაიტანს. 

- რამდენად ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო აცრები? ურჩევთ მშობლებს, რომ გაუკეთონ ეს აცრა?
- თუ ბავშვი ხშირად არ ავადმყოფობს, სავალდებულო არ არის მისი აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. აუცილებელია, რომ ოჯახის უფროსი წევრები (პაპები, ბებიები) აიცრან, რადგან მათი იმუნიტეტი სუსტია. ზოგადად, ბაღის ბავშვები უფრო ხშირად ავადმყოფობენ, ვიდრე პატარები, რომლებიც სახლში არიან. უნდა აიცრან ბავშვები, რომლებიც ქრონიკულად იღებენ ისეთ წამლებს, რომლებიც აქვეითებს იმუნიტეტს. 

- წელიწადის ამ დროს რომელ დაავადებების მომატებას უნდა ველოდოთ პატარებში?
- ზამთარში რესპირაციული, სასუნთქი სისტემის დაავადებების მატებას უნდა ველოდოთ. ფილტვების ანთება, ანგინა, ეს დაავადებები მთელი წლის განმავლობაში შეიძლება შეხვდეს ბავშვს, მაგრამ ზამთარში განკუთრებულად მატულობს. ასევე არსებობს ნაწლავური ინფექციები, რომლებიც ზამთარში საკმარისად გვხვდება. 

- ბევრი მშობელი ზაფხულის ხილს ზამთრისთვის მაცივარში ყინავს. რამდენად უსაფრთხოა ასეთი პროდუქტის მიღება ბავშვებისთვის?
- წესით, გაყინული პროდუქტები ვიტამინებს არ უნდა კარგავდნენ. მაგრამ ჯობს გამოვიყენოთ ის, რისი ეფექტურობაც მეცნიერულად დამტკიცებულია. ადგილობრივი პროდუქტებისგან დამზადებული ჩირი ინახავს ყველა საჭირო ვიტამინს და შეუცვლელია ბავშვებისთვის ზამთარში.

- წელიწადის ამ დროს როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების მენიუ?
- პრინციპულად განსხვავებული მენიუ ზამთრისთვის არ არსებობს, მაგრამ ზამთარში ბავშვს უფრო ყუათიანი საჭმელი სჭირდება. ზამთარში ხილი ნაკლებად არის, ამიტომ ბავშვს ბუნებისგან დალოცვილი ვაშლი აჭამეთ. ასევე საჭიროა სითხე, ოღონდ არა შაქრით გაჯერებული. რაც შეიძლება ცოტა შაქარი იხმარეთ. ნუ მიაჩვევთ პატარას ტკბილს, რომელიც პანკრეასის, დიაბეტის და სხვა დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს. 

- ბავშვებს ძალიან უყვართ პური. დღეში რა რაოდენობის პურის მიღებაა რეკომენდებული?
- თუ ბავშვი მსუქანი არ არის, პურის მიღებას არ ვკრძალავთ, მაგრამ აქაც ზომიერება გვმართებს. იმ ბავშვებისთვის კი, რომელთაც ცელიაკაია (მძიმე დაავადება, როდესაც ორგამიზმს აქვს პურის აუტანლობა) აქვთ, პურის მიღება საერთოდ იკრძალება. 

- "ბავშვმა ყველაფერი უნდა ჭამოს" ბებიების საყვარელი ფრაზაა, ეთანხმებით?
- რა თქმა უნდა, ვეთანხმები. უნდა ჭამონ ცოცხალი, ჯანსაღი პროდუქტები და არა კანფეტები და კონსერვანტებით გაჯერებული საკვები. ეს არ ნიშნავს, რომ ტკბილეულობა საერთოდ ავუკრძალოთ ბავშვს, მაგრამ ზომიერება გვმართებს. უნდა დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადგილობრივი კერძები, რომელსაც ჩვენ უკვე გენეტიკურად შეგუებულები ვართ. ფაბრიკული წარმოების საბავშვო პროდუქტებში შესაძლოა კონსერვანტები და დანართი ნივთიერებები იყოს. ბავშვისთვის გირჩევთ სახლში მომზადებულ კერძებს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ დედის რძის შემცვლელ საკვებს. ერთს კი გეტყვით, დედის რძეზე უკეთესი საკვები ჩვილისთვის არ არსებობს. 

- რომელი სპორტით დაკავებას ურჩევთ ბავშვებს ცივ ზამთარში?
- გირჩევთ ცურვას. შესაძლოა ქლორმა ალერგიის პროვოცირება მოახდინოს, მაგრამ ეს დაბრკოლება უნდა გადაილახოს. ცურვას იმდენი დადებითი აქვს, რომ ჯობს გარისკოთ. დიდ ბიჭებს რაგბის ვურჩევ. ეს არ არის მხოლოდ სპორტი, ის გაჟღენთილია სოციალური მისიით. მთელი სიცოცხლის განმავლობაში თქვენს ვაჟს სულ ცოტა 15 მეგობარი მაინც ეყოლება. გოგონებს მხატვრულ ტანვარჯიშს და ქართულ ცეკვას ვურჩევდი.

- რა მოგწონთ დღევანდელი თაობის მშობლებში?
- მომწონს, რომ მეტად ინტერესდებიან ბავშვის ჯანმრთელობით, მეტს კითხულობენ, მეტად განათლებულები არიან. 

- რა არ მოგწონთ? 
- ვისურვებდი რომ უფრო ყურადღებიანები იყვნენ. "ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა"-ს პრინციპით.

- ბავშვისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად რა წესები უნდა დაიცვას მშობელმა სახლში? 
- ოჯახში მთავარია სითბო და სიყვარული. კარგია კეთილმოწყობილი ბინა, სათამაშოები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსიყვარულე ოჯახია. 

- რით არის გამოწვეული პატარა ასაკში ისეთი დაავადებების მატება, როგორიცაა დიაბეტი, სიმსივნე, ლეიკემია და სხვა?
- ვერ ვიტყვი, რომ ამ დაავადებებმა მკვთრად იმატა. უბრალოდ, საზოგადოებისთვის ახლა უფრო მეტად გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, დაავადების მთავარი წყარო არაჯანსაღი გარემო და დატვირთული მემკვიდრეობაა. 

6 რჩევა მშობლებს:

1. სითბო და სიყვარული;
2. ხელი შეუწყვეთ განვითარებას;
3. გაკაჟება;
4. სწორი კვება;
5. გავზარდოთ ბიჭი ვაჭად, გოგონა კი - ქალად;
6. ბავშვებს პატარაობიდანვე ჩაუნერგეთ ქართული კულტურული კოდი. შეაყვარეთ საქართველო.

ესაუბრა სალომე გორგოშიძე
mshoblebi.ge

No comments:

Post a Comment