Friday, August 19, 2016

30 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა საჯარო სექტორში: პრეზიდენტი მე-8 ადგილზეა, პრემიერი – 23-ზე

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა  შრომის ანაზღაურება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში იყო. შრომის ანაზღაურება, თავის მხრივ, თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და დანამატს გულისხმობს. ჩვენ მიერ მომზადებულ სტატიაში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივ სარგოზე გავამხვილებთ ყურადღებას, თუ რომელია სახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა.
მოძიებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს აქვს და 16 537 ლარს შეადგენს. ამის შემდეგ მოდის, ამავე სტრუქტურის კომიის წევრთა ანაზღაურება. რაც 16 000-15500 ლარის ფარგლებში მერყეობს.
როდესაც განსაკუთრებით მაღალ თანამდებობრივ სარგოზე ვსაუბრობთ, აუცილებელია განვსაზღვროთ, თუ ვის კომპეტენციაში შედის მისი განსაზღვრა. კანონმდებლობის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის და კომისიის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას თავად კომისია განსაზღვრავს. თანამდებობრივი სარგოს შემდეგ საფეხურს,  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ხელფასი იკავებს, რომელიც ასევე კომისიის გადაწყვეტილებით რეგულირდება (2014 წლის 6 მარტის #6 დადგენილება).
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ როგორც  სემეკი, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისია სახელმწიფოსგან არ ფინანსდება, ისინი მოგებას თავად გამოიმუშავებენ. თუმცა, ამ სტრუქტურებში გაცემული შრომის ანაზღაურება, საბოლოოდ მაინც ქვეყნის ბიუჯეტზე  აისახება, რადგან რაც უფრო მეტი თანამდებობრივი სარგო გაიცემა, მით უფრო ცოტა მოგება გადაირიცხება ქვეყნის ბიუჯეტში.
აღნიშნული ორგანოების მსგავსად, შიდა ბრძანების საფუძველზე განისაზღვრება, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ასევე სხვა თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო (#110/04 ბრძანება).
რაც შეეხება სასამართლოში დასაქმებულთა ხელფასს, მას პარლამენტი განსაზღვრავს და როგორც ეს ცხრილშია ნაჩვენები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 7 000 ლარით განისაზღვრა. მათ თანამდებობრივ სარგოს სიმბოლურად 100 ლარით ჩამოუვარდება საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, რომელიც პარლამენტის მიერ 6 900 ლარით არის განსაზღვრული.
დამოუკიდებლად  განისაზღვრება ხელფასის ოდენობა გენერალურ აუდიტშიც. ამ მხრივ დამოუკიდებლობა აქვს მინიჭებული ცესკოსაც. ის თავად წყვეტს, თუ რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი ცესკოს თანამშრომელს და თავმჯდომარეს.
ცხრილში ნაჩვენები  თანამდებობის პირთა ხელფასებს საგრძნობლად ჩამოუვარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრებისა და მათი მოადგილეების ხელფასი.
გარდა სახელმწიფო სექტორში არსებული მაღალი  ხელფასებისა, განსაკუთრებით მაღალია თანამდებობრივი სარგო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს-ებსა ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელთა შემთხვევაში. ამის კარგი მაგალითია სს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის დავით საგანელიძის მიერ ერთი წლის მანძილზე აღებული თანამდებობრივი სარგო. რომელიც  დეკლარაცის მიხედვით, 336 ათასი ლარი იყო, რაც თვეში 28 000 ლარია.
ასევე მაღალი თანამდებობრივი სარგო აქვს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ის ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელის ანაზღაურება კომპანიის შიდა წესდებით განისაზღვრება, რასაც კომპანიის  გამგეობა ან შიდა ბრძანება ადგენს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმი სუსტია.
სახელმწიფო სექტორში არსებულ მაღალი თანამდებობრივი სარგოს ოდენობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, საქართველოს პარლამენტის  წევრს პავლე კუბლაშვილს ვესაუბრეთ.
„მაღალი ხელფასები კარგი და სწორია იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ კორუფციის საფრთხე. როდესაც ვსაზღვრავდით თანამდებობრივ სარგოს სხვადასხვა ორგანოში, მაშინ სწორედ ეს მიდგომა გვქონდა. თუმცა, დღეს ეს ორგანოები უფრო ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებს.
რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, სახელმწიფო აუდიტს და სხვა მსგავს სტრუქტურებს, ეს დამოუკიდებელი ორგანოებია. შესაბამისად, ფინანსური დამოუკიდებლობა მათი სრულყოფილი მუშაობის ერთ-ერთი გარანტია. ისინი მაქსიმალურად თავისუფლები უნდა იყვნენ პოლიტიკისაგან.
იმისათვის, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ, მინიჭებული დამოუკიდებლობის არაკეთილსინდისიერად  გამოყენება არ მოხდეს, შესაძლებელია გარკვეული ზომების მიღება. თუმცა, რა უნდა იყოს ეს, ამაზე კონკრეტულ პასხუს ვერ გაგცემთ. ალბათ, სამართლიანი იქნება, თუ მათი სახელფასო  ფონდი, საბიუჯეტო მაჩვენებლებზე იქნება მიბმული“ – აცხადებს კუბლაშვილი.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო სექტორში კერძო სექტორთან შედარებით, გაცილებით დაბალი ანაზღაურებაა და ფინანსურ სექტორში კვალიფიციური მენეჯერის დაქირავება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე  რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის.

თანამდებობა
თანამდებობრივი სარგო
1
კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის თავმჯდომარე
16 537
2
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი
16 338
3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
12 648
4
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
12 500
5
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  ეროვნული კომისიის წევრი
11 900
6
საკონსტიტუციო სასამარათლოს თავმჯდომარე
7 000
7
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
7 000
8
საქართველოს პრეზიდენტი
6 900
9
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები
6 500
10
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
6 500
11
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
6 300
12
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
6 000
13
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
6 000
14
გენერალური აუდიტი
5 950
15
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
5 800
16
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
5 600
17
გენერალური აუდიტის პირველი მოადგილე
5 600
18
გენერალური აუდიტის მოადგილე
5 500
19
სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე
5 300
20
ცესკოს თავმჯდომარე
5 040
21
სააპელაციო სასამართლოს მოსამრთლე
5 000
22
რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე
4 600
23
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
4 250
24
ცენტრალური საარჩევნო კომიისის თავმჯდომარე
4  030
25
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი
4 000
26
საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე
4 000
27
მთავარი პროკურორი
3 910
28
მინისტრი
3 540
29
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
3 540
30
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
3 540


factcheck.ge

No comments:

Post a Comment