Tuesday, August 28, 2018

სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილები უნიკალური მეხსიერების მქონე გამომძიებლებმა გამოავლინეს

უნიკალური მეხსიერების მქონე სკოტლანდ იარდის ორმა თანამშრომელმა, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმის გამოძიებაში მთავარი როლი შეასრულეს. ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი წერს. 
"სუპერ-ამომცნობები" სოლსბერიში გაემგზავრნენ და 5 ათასი ჩანაწერი ნახეს. ისინი ბრიტანეთის აეროპორტების სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ეჭვმიტანილების გამოსახულების შედგენას ცდილობდნენ. Sky News-ის ცნობით, მათი დახმარებით გამოვლინდა რუსეთის ორი მოქალაქე - მოწამლვაში ეჭვმიტანილები, რომელთა რუსეთიდან ექსტრადიციასაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ითხოვს. 
"სუპერ-ამომცნობების" გუნდი სკოტლანდ იარდმა 2011 წელს შექმნა. სამართალდამცველი უწყების ამ თანამშრომლებს სახეების დამახსოვრების უნიკალური ნიჭი აქვთ. "მათ სახის ამოცნობა მისი ნაწილის დანახვითაც შეუძლიათ", - აცხადებს გუნდის დამფუძნებელი მიკ ნევილი. 
რუსეთის "გრუ"-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს.  სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამლვას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.
დიდი ბრიტანეთში ეს "ნოვიჩოკით "მოწამვლის უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო 9 ივლისს გარდაიცვალა 44 წლის დაუნ სტარჯესი, ხოლო მისი მეუღლე გადარჩა და ჩარლი როული გონს მოვიდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment