რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში ინტერნეტმომხმარებელმა ნონა გიუნაშვილმა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დედა-შვილი დებს უფრო გვანან და მათი ერთმანეთისგან განსხვავება ნამდვილად გაგიჭირდებათ.
"აბა, ახალგაზრდა დედები დამენახეთ უფროს შვილებთან ერთად, ვინც დებს, და-ძმებს გავხართ. ამ სურათზე მე და ჩემი გოგო ვართ და ყველას დები ვგონივართ... რაღაც დადებითი მაინც აქვს ამ ნაადრევ დედობას" - წერდა ნონა გიუნაშვილი. პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა დედამ გააზიარა შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები.
AMBEBI.GE რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და დღეს გაგაცნობთ 11 ქალს, რომლებიც არაჩვეულებრივ ფორმაში არიან და გარეგნობით შვილებს არ ჩამოუვარდებიან. დედებსა და შვილებს შორის ასაკობრივი ზღვარი თითქმის წაშლილია და დედმამიშვილებს უფრო გვანან. ბევრმა ქალმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ნაადრევად შექმნა ოჯახი, ახლა ამას არასწორად მიიჩნევენ და შვილებსაც ურჩევენ გააზრებულ ასაკში მიიღონ ეს გადაწყვეტილება.
ნონა გიუნაშვილი: "34 წლის ვარ, სამი შვილის დედა. ჩემი უფროსი შვილი გიგა 17 წლისაა, გვანცა 16-ის და ნიცა კი - ექვსის. 17 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. მომიტაცეს... მაშინ ასეც ხდებოდა და სამწუხაროდ, პატარა ასაკში გოგონას გათხოვება არავის უკვირდა. აქვე მინდა ისიც დავაფიქსირო, რომ ნაადრევად ოჯახის შექმნა არ არის კარგი. ძნელია, როდესაც არ ხარ მზად დედობისთვის...
მე გამოვტოვე ბავშვობის ლაღი წლები, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს რაღაც დადებითი? ვუყურებ ჩემს შვილებს და არ მჯერა, რომ მე გავაჩინე, ისეთი დიდები არიან, მეგობრებივით ვართ. როდესაც შვილებთან ერთად ქუჩაში გავდივარ და დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ, ამაზე მეღიმება, ყველას და-ძმები ვგონივართ.
მეუბნებიან რომ ასაკთან შედარებით უფრო პატარა შეხედულება მაქვს და ვერ იჯერებენ, რომ ეს დიდი ბიჭი და გოგო ჩემი შვილები არიან. ჯერჯერობით არანაირი პროცედურა არ ჩამიტარებია, არც ძვირადღირებულ პარფიუმერიას ვხმარობ - მომწონს ბუნებრივობა და თმასაც არ ვიღებავ. გამიმართლა, რომ მიდრეკილება არ მაქვს სიმსუქნისკენ. მე და გვანცა ხან ერთად გავდივართ გასართობად ბარში და ვამბობთ, რომ დები ვართ. მერე ბევრს ვიცინით და ვხალისობთ ამაზე, ვჭორაობთ, ვგიჟობთ. დღეს მარტოხელა დედა ვარ... რთულია ჩემი ცხოვრება, მაგრამ ბედნიერი ვარ"
მერი ბეგლარიშვილი: "22 წლის ვიყავი ზუკა რომ გავაჩინე, ჩემი პირველი შვილი. ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ და დღეს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ჩემი მესაიდუმლეა და ასევე ვარ მეც მისთვის, ყველას და-ძმა ვგონივართ. თუმცა, ეს არ მიშლის ხელს, ამავდროულად მისი დედა ვიყო, მრჩეველი, მიმართულების მიმცემი.
ზუკას შემდეგ კიდევ ორი შვილი შეგვეძინა. პატარები ბაღში დადიოდნენ აქამდე, ახლა შუათანა - გოგონა სკოლაში მიდის. მარტო ვცხოვრობთ და ბავშვების მოვლაც მე მიწევს, სახლის საქმეც, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დიასახლისს ევალება. ბავშვების მოვლა-აღზრდაში მეუღლე და მისი მშობლებიც დიდ მონაწილეობას იღებენ.
შვილების მოვლის პარალელურად ვმუშაობ და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ვმუშაობ ერთ-ერთ ბანკში კლიენტთა მომსახურების მენეჯერად. ზოგადად, საბანკო სფეროში უკვე 15 წელია ვარ. მეუღლეც ბანკში მუშაობს და ჩვენი უფროსი ვაჟი კი ზაფხულის პერიოდში ერთ-ერთ კაფეში მუშაობს.
რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდულად გამოვიყურები, თავის მოვლის რაიმე განსაკუთრებული ხერხები არ მაქვს, არც არანაირი ოპერაცია და პროცედურები ჩამიტარებია. უბრალოდ, ვცდილობ ვივარჯიშო და წონა შევინარჩუნო, არ მოვიმატო".
ეკატერინე გელაშვილი: "17 წლის ვიყავი, როცა შვილი - მერაბი გიგოლაშვილი გამიჩნდა. მაშინ მე თვითონ ბავშვი ვიყავი... საოცარი მეგობრობა გვაქვს მე და ჩემს შვილს, ერთად გავიზარდეთ... გარეთ რომ გავდიოდით სასეირნოდ და "დეეს" დამიძახებდა, ხალხის რეაქციას ვგრძნობდი, ისე უკვირდათ. მერაბმა სკოლა რომ დაამთავრა და ბანკეტზე მივედი, გიგოლაშვილის დედა სად არისო, მეძებდნენ, დასთან ერთად რატომ მოვიდაო.
ჩემი შვილის ოცნებაა წარმატებული ფეხბურთელი გახდეს. საქართველოში ნორჩ დინამოში თამაშობდა და როცა მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდოდა, 2019 წლის თებერვალში მადრიდში წავიყვანე, იქ რომ გაეგრძელებინა სპორტული მოღვაწეობა. ეს იყო უბედნიერესი წუთები მისთვისაც და ჩემთვისაც!
ერთი შვილი მყავს და ძალიან მიჭირს მის გარეშე საქართველოში ცხოვრება, მაგრამ ახლა მისთვის ასე უკეთესია. მერაბის სურვილია საქართველოში დაბრუნდეს, როგორც საუკეთესო ფეხბურთელი"
ნინო ღარიბაშვილი: "ზუსტად 18 წლის შევსრულდი და გიგიც მოევლინა ჩემს ცხოვრებას. ხშირად მასთან ერთადაც კი მიტირია ღამე, რომ ვერ ვიგებდი რატომ ტიროდა... მერე ნელ-ნელა შევეჩვიეთ ერთმანეთს. ძალიან ცელქი ბავშვი იყო, მახსოვს სიარული რომ დაიწყო, იმ დღის მერე სახლში სკამები მაგიდაზე გვეწყო. იგის გარდა კიდევ ერთი, უმცროსი ვაჟი მყავს.
ambebi.ge