პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცახდებით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 11 ივლისს დაასახელებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები უმრავლესობასთან ჯერ არ გამართულა.
„ალბათ, პრემიერი შემადგენლობას ოთხშაბათს წარმოადგენს, შემდეგ დაიწყება ნდობის გამოცხადების პროცედურა. ჯერ-ჯერობით შემადგენლობასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ რომ იქნება ცვლილებები ეკონომიკურ გუნდში“, - განაცხადა პირველმა ვიცესპიკერმა.
მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერმინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ.
მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. რაც შეეხება პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მხრიდან მთავრობის წევრების წარდგენის საკითხს, გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრების თანამდებობაზე ახალი სახეები გამოჩნდებიან. მანამდე კი ქვეყანას დროებითი მთავრობა ჰყავს, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.
მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment