ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა განუცხადა, სააპელაციო სარჩელი მათ გუშინ შეიტანეს. დაცვის მხარე მოსამართლის განაჩენს მკვლელობის მცდელობის ნაწილში არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გ.ჯ. სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით უნდა იყოს მსჯავრდებული.
„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ რეალურად გ.ჯ.-მ ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება და არა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაზეც მსჯავრი დაედო. ჩვენ არ ვეთანხმებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს. ჩვენ ძალიან ბევრი კონტრარგუმენტი გვაქვს მითითებული სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც ვასაბუთებთ, რატომ იყო გ.ჯ.-ს ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება“, - განაცხადა ეკა მაჭარაშვილმა.
ასევე გუშინ შეიტანა საკუთარი სააპელაციო სარჩელი მეორე მსჯავრდებულის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემაც. შარაშენიძის დაცვის ქვეშ მყოფ გ.ბ.-ს მსჯავრი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის დაედო.
„გასაჩივებული მაქვს დადუნაშვილის ეპიზოდზე გამოტანილი განაჩენი. საჩივარში მითითებული მაქვს, რომ არ დგინდება არც ექსპერტიზის დასკვნებით და არც მოწმეთა ჩვენებებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ის დანაშაული, რის გამოც მას მსჯავრი დაედო. ასევე გავასაჩივრე წინასწარი შეცნობის ეპიზოდიც, რომელსაც ვასაბუთებ იმით, რომ ეს იყო შემთხვევითობა და იქ არავინ ელოდებოდა მას“, - განაცხადა ინგა შეარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელ ივნისს, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიესაჯა, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს კი 9 წელი და 9 თვე.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment