Thursday, March 3, 2016

სინტაქსი

სინტაქსი გრამატიკის ნაწილია, რომელიც შეისწავლის სიტყვათა შეკავშირების წესებს და არკვევს სიტყვა–ფორმის ფუნქციას წინადადებაში. ანუ სინტაქსი შეისწავლის წინადადებას,  წინადადების წევრებს და მათ ურთიერთკავშირს.
წინადადება არის სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს.

ქართული ენის მორფოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, წინადადება განისაზღვრება როგორც შესიტყვება, რომელსაც უმთავრესად ქმნის უღლებადი სიტყვა ზმნა და მასთან დაკავშირებული სახელები.

წინადადებაში შემავალ სრულმნიშვნელოვან სიტყვას წინადადების წევრი ჰქვია. ტრადიციული გრამატიკების (სინტაქსის) თანახმად, ქართულ ენაში წინადადების წევრებია: ქვემდებარე, შემასმენელი, პირდაპირი, ირიბი, უბრალო დამატებები, განსაზღვრება და გარემოება. ამათგან ქვემდებარე, შემასმენელი, პირდაპირი და ირიბი დამატებები მთავარი წევრებია, დანარჩენი – მეორეხარისხოვანი.
მთავარი და მეორეხარისხოვანი წევრები ერთმანეთთან სინტაქსურ წყვილებს (სინტაგმებს) ქმნიან. სინტაქსური ურთიერთობის ძირითადი სახეებია შეთანხმება, მართვა და მირთვა.

შეთანხმება ჰქვია სიტყვათა სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, როცა დაქვემდებარებული სიტყვა იმ ფორმას იღებს, რომელიც აქვს მთავარ (დომინანტ) სიტყვას (ახალი წიგნი, ახალმა წიგნმა...).
მართვა ეწოდება სინტაქსური ურთიერთობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც მთავარი სიტყვა დაქვემდებარებულისაგან იმ ფორმას მოითხოვს , რომელიც მას არა აქვს (საერთოდ ან მოცემულ შემთხვევაში).
მირთვა ეწოდება შეკავშრების ისეთ სახეს, როდესაც ძირითადი სიტყვა დამოკიდებულს მხოლოდ აზრობრივად, შინაარსობრივად იკაცშირებს. ამგვარი შეკავშირება მაშინაა შესაძლებელი, თუ დაქვემდებარებული სიტყვა ფორმაუცვლელია.

ქართულში წინადადების სინტაქსურ მექანიზმს განსაზღვრავს ზმნა. ქართული ზმნა ან ერთპირიანია (აბსოლუტური), ან ორ–და სამპირიანი (რელატიური).
აბსოლუტურზმნიანი წინადადების მექანიზმს ქმნის მართვა, სუბორდინაცია (დგას იგი, შენდება ის). სახელი, მორფოლოგიურად დაკავშირებული ზმნასთან, მართავს ზმნის პირს და ითანხმებს რიცხვს.
რელატიურზმნიანი წინადადება ორი სახისაა: გარდამავალზმნიანი (აშენებს ის მას, სთხოვს ის მას მას) და გარდაუვალზმნიანი (ემალება ის მას, უშენდება ის მას). ამ ტიპის წინადადებები უჩვეულოა სხვა (მაგალ., ინდოევროპული) ენებისათვის.
რელატიურზმნიან წინადადებაში მართვის ადგილს იჭერს კოორდინაცია. კოორდინაცია ეწოდება ისეთ რთულ სინტაქსურ ურთიერთობას, როდესაც ზმნა მართავს მასთან მორფოლოგიურად დაკავშირებული სახელების (სუბიექტისა და ობიექტის) ბრუნვებს, სახელები თავის მხრივ მართავენ ზმნის პირს და ითანხმებენ რიცხვს /არნ.ჩიქობავა/. ზმნა–შემასმენელი არის კოორდინაციის ცენტრი, იგივე ძირითადი კოორდინატი, სახელები – კოორდინატები, რომლებიც სამი სახისაა: დიდი, მცირე და უმცირესი.
დიდია ის კოორდინატი,რომელიც მართავს ზმნის პირს და ითანხმებს რიცხვს.
მცირეა ის კოორდინატი, რომელიც მართავს ზმნის პირს, მაგრამ არ ითანხმებს რიცხვს.
უმცირესია ის კოორდინატი, რომელიც ითანხმებს ზმნის რიცხვს, მაგრამ არ მართავს პირს.
შესაბამისად,ზმნასთან დაკავშირებული სუბიექტური, ირიბობიექტური და პირდაპირობიექტური პირები კოორდინატთა სხვადასხვა საფეხურზე გადანაწილდებიან.  მაგალითად, გარდამავალზმნიან წინადადებაში მან სთხოვა მას იგი _  მან დიდი კოორდინატია, მას – მცირე კოორდინატი, ხოლო იგი _ უმცირესი; გარდაუვალზმნიან წინადადებაში ის ემალება მას ის დიდი კოორდინატია, მას _ მცირე კოორდინატი.

რაც შეეხება წინადადების არამთავარ წევრებს, ისინი  შეიძლება დახასიათდეს ასე :

უბრალო დამატება ახლავს ზმნა–შემსმენელს ან ზმნური წარმოშობის სხვა რომელიმე წევრს. იგი გადმოიცემა მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებით ბრუნვებში დასმული თანდებულიანი თუ უთანდებულო სახელებით.
უბრალო დამატება ქართულში მეტად მრავალფეროვანია, მისი კითხვებია: ვისი (ქმნილი)? რისა? რით? რაზე? ვისზე? ვისში? რასთან? ვისგან? და სხვა.

განსაზღვრება ახლავს სახელს და ახასიათებს მას რაიმე ნიშნის მიხედვით. განსაზღვრების კითხვებია: როგორი? რომელი? რანაირი? სადაური? როდინდელი? რამდენი? მერამდენე? ვისი? რისა?

გარემოება აღნიშნავს მოქმედების ადგილს, დროს, როგორობასმიზეზსა და მიზანს. მისი კითხვებია: სად? როდის? როგორ? რატომ? რისთვის?
გარემოება ხუთი სახისაა: ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზისა და მიზნის.

წინადადებაში ხშირად არის ისეთი სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც არ წარმოადგენს წინადადების უშუალო ნაწილს, სასვენი ნიშნებით გამოიყოფა და განკერძოებული ადგილი უჭირავს. მათ განკერძოებულ სიტყვებსა და გამონათქვამებს უწოდებენ. ესენია: განკერძოებული განსაზღვრება, განკერძოებული გარემოება, დანართი, ჩართული, მიმართვა.

მოდალობის ანუ შინაარსის მიხედვით წინადადება შეიძლება იყოს თხრობითი, კითხვითი, ძახილისა და კითხვა-ძახილის.

აგებულების მიხედვით წინადადება ქართულში სამი სახისაა: მარტივი, შერწყმული და რთული.
მარტივია წინადადება, რომელშიც მხოლოდ თითო მთავარი წევრია წარმოდგენილი. შემადგენელ მთავარ წევრთა მიხედვით ქართულში მარტივი წინადადება შეიძლება იყოს ერთ, ორ, სამ და ოთხშემადგენლიანი.

შერწყმულია წინადადება, რომელშიც რამდენიმე ერთგვარი წევრი მოიპოვება (მაგ.: რამდენიმე ქვემდებარე, რამდენიმე შემასმენელი, რამდენიმე დამატება და ა.შ.) და ისინი ერთსა და იმავე წევრს მიემართებიან.

რთულია წინადადება, რომელიც წარმოქმნილია ორი ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადების შეერთებით. რთული წინადადება ორგვარია: თანწყობილი და ქვეწყობილი.თანწყობილი წინადადება შედგება სინტაქსურად თანასწორი წინადადებებისგან. ქვეწყობილი წინადადება შედგება სინტაქსურად არათანასწორი წინადადებებისგან, რომელთაგან ერთი მთავარია, მეორე – დამოკიდებული.
რთული ქვეწყობილი წინადადების კომპონენტთა შეერთება შეიძლება საკავშირებელი სიტყვების მეშვეობითაც და უკავშიროდაც. კავშირიანი შეერთების დროს გამოიყენება: მაქვემდებარებელი კავშირები, მიმართებითი ნაცვალსახელები, მიმართებითი ზმნიზედები.

ფუნქციის მიხედვით დამოკიდებულ წინადადებათა კლასიფიკაცია ხდება იმის გათვალისწინებით, თუ რა როლს ასრულებს ის მთავართან მიმართებით, ფუნქციურად მიემართება ის მთლიანად მთავარს (მთავრის მიმართ დამოკიდებული: პირობითი, შედეგობითი...) თუ _ მთავრის რომელიმე წევრს (ქვემდებარული, პირდაპირდამატებითი, ირიბდამატებითი, განსაზღვრებითი, ადგილის გარემოებითი...).

No comments:

Post a Comment