Saturday, March 5, 2016

ვინ გადაამზადებს სტემის პედაგოგებსა და დირექტორებს – ტრენერთა სკოლა

მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრში   ,,ტრენერთა სკოლა” იწყებს ფუნქციონირებას.  როგორც დამფუძნებლები აცხადებენ:  მიზანი სერტიფიციებული ტერნერების მომზადება – გადამზადების უზრუნველყოფაა. ,,ტრენერთა სკოლის” პირველი კურსდამთავრებულები ,,სტემის” (ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების) პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს გადაამზადებენ.
თუმცა ,,ტრენერთა სკოლა”  მხოლოდ ერთ პროექტზე გაჩერებას   არ აპირებს.  რომელი მოდულების  მიხედვით და ვის მიერ  დატრენინგდებიან ტრენერობის მსურველები,  რა ბენეფიტები  ექნებათ ტრენერ მასწავლებლებს და  ხომ არ ჩამოყალიბდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრი ტრენერთა მომზადების  თვალსაზრისით ბაზარზე მონოპოლისტად?! – ამ საკითხებზე Aris.ge-განათლებას ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინე აბულაძემ ესაუბრა.
– ქალბატონო ირინა, როდის დაიწყო ცენტრში ,,ტრენერთა სკოლის” შექმნაზე ფიქრი?
– ჩვენი ცენტრი ,,ტრენერთა სკოლის” შექმნის კონცეფციაზე თითქმის ორი წელი მუშაობდა. კონცეფციაში უკვე გვქონდა გათვალისწინებული როგორ უნდა მომხდარიყო ტრენერობის მსურველების მიღება, ტრენერად გახდომა, უკვე ჩამოყალიბებული ტრენერის გადამზადება… სწორედ ამ კომპონენტებს ვამუშავებდით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ათასწლეულის განვითარების ცენტრის პროექტის ფარგლებში,,სტემის” პედაგოგების და დირექტორების გადამზადება დაიგეგმა, ტრენერთა სკოლის შექმნა კიდევ უფრო რეალური გახდა.  პროექტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო – ტრენერების მომზადება-გადამზადება სისტემურად და გამჭვირვალედ მომხდარიყო. ეს ჩვენს ინტერესებს დაემთხვა და გადავწყვიტეთ ტრენერთა სკოლის ამოქმედება. პირველ ეტაპზე, მომზადებულ ტრენერებს ამ პროექტისთვის გამოვიყენებთ, თუმცა მათთან თანამშრომლობას სხვა პროექტების ფარგლებშიც ვგეგმავთ.
– როგორც ვიცი, ტრენერობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო..
– დიახ, უკვე დაიწყო რეგისტრაცია ტრენერთა მომზადების ზოგად კურსზე, რომელიც მონაწილეებისთვის ითვალისწინებს  „ტრენერთა კომპეტენციების ჩარჩოთი“ განსაზღვრული ცოდნის  გადაცემას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის. კურსი განსაზღვრულია იმ პირებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ან აქვთ ტრენერობის 2 წელზე ნაკლები გამოცდილება. ოდნავ მოგვიანებით მარტის თვეში კი დაიწყება რეგისტრაცია უკვე შემდგარი ტრენერებისთვის ვისაც აქვს ტრენერად მუშაობის გამოცდილება.
– პირველ ეტაპზე, რა საკითხებზე მოხდება ტრენერობის მსურველთა დატრენინგება?
– პირველი ეტაპი არის ზოგადი კურის, მსურველებს საბაზისო უნარებს განუვითარებთ. ამ უანრების გამოყენება მარტო პედაგოგებს კი არა, ნებისმიერი სფეროს ადამიანებს შეეძლებათ. შემდეგ ეტაპზე უკვე მოხდება ზოგადად განათლების ტრენერების მომზადება. მთლიანი კურსი 80 საათიანია, როგორც საკონტაქტო, ასევე არასაკონტაქტო. კურსი სამი მოდულისგან შედგება: ზრდასრულთა სწავლების პრინციპები; ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკა; მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება. შემდეგ ხდება სპეციალიზაცია პედაგოგიკისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების გავლა. რათა ეს ტრენერები შემდეგ წავიდნენ და დირექტორები და მასწავლებლები გაადამზადონ ამავე საკითხებზე.
– მეორე ეტაპს როდის იწყებთ და რა საკითხებზე გაადამზადებთ პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ ტრენერობის გამოცდილება?
– მათთვის მოდულები ამ ეტაპზე იქმნება. ველოდებით უცხოელ კონსულტანტებს. 13 მარტიდან დავიწყებთ პილოტს. მარტის ბოლოს კი გამოვაცხადებთ მიღებას. ყველას ვისაც სურს ტრენერის სერტიფიკატი ეს კურსი უნდა გაიაროს.
– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ტრენერობის მსურველი?
– იმისათვის, რომ მსურველმა კურსი გაიაროს, მას უნდა ჰქონდეს მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სწავლების გამოცდილება; ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება, ან სკოლის დირექტორის სერტიფიკატი. პრიორიტეტი მიენიჭებათ პირებს, რომლებიც აკადემიურ ხარისხს ფლობენ განათლების, ჰუმანიტარულ (ინგლისური), სოციალურ (ფსიქოლოგია) ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კურსის გავლის მსურველები შერჩევის ორეტაპიან  პროცესს გაივლიან. სავარაუდოდ, ბევრი მოქმედი პედაგოგი იქნება ტრენერობის მსურველი და ბევრი მოქმედი დირექტორიც.
– პირველ ეტაპზე რამდენი კადრის მომზადებას გეგმავთ?
– ამ ეტაპზე ვფიქრობთ რომ 400-მდე ადამიანს მივცემთ ტრენერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.  შემდეგ კი, თუ დავინახავთ საჭიროებას და დაინტერესებას გავაგრძელებთ.
– შემდეგ ეტაპზე ტრენერთა მომზადება უკვე ფასიანი გახდება?
– ამ ეტაპზე დაკონკრეტება გამიჭირდება. გააჩნია, რა იქნება იმ დროისთვის ცენტრის პრიორიტეტი. ამ ეტაპზე  სისტემა მიმართულია ერთი მიზნისკენ – გვჭირდება ტრენერები. დღეს შეიძლება ქიმიის ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს,  მაგრამ არ გვყავს ქიმიის ტრენერი.
– როგორც თქვით, ტრენერობის სურვილს მოქმედი პედაგოგებისგანაც ელოდებით – ტრენერის კურსის გავლა მათ სქემის ფარგლებში დასაგროვებელ კრედიტში თუ აესახებათ?
– კურსი კრედიტებში არ არის გათვალსწინებული თუმცა ბენეფიტები ნამდვილად ექნებათ. პედაგოგები, რომლებიც ამ კურსს გაივლიან, უფრო კონკურენტუნარიანები იქნებიან და ფასილიტატორად არჩევის უფრო დიდი შანსი ექნებათ. აქცენტი გვაქვს რეგიონზეც. ამ ტრენინგების გავლის შესაძლებლობა რეგიონშიც იქნება შესაძლებელი. ტრენერები რეგიონებშიც უნდა გვყავდეს. რაც თავის მხრივ ხარჯეფექტურიც იქნება, რადგან სამომავლოდ არ მოგვიწევს ტრენერების თბილისიდან გაგზავნა.
– მათ ხელფასსა და ანაზღაურებაზე რას გვეტყვით?
– ,,სტემის” პედაგოგებისა და დირექტორების გადამზადებისთვის რა თქმა უნდა ტრენერები ხელფასს აიღებენ. თუმცა ამ პროექტის ბიუჯეტი გაზაფხულზე გაკეთდება. ტრენინგები კი აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება. ანაზღაურება იქნება დაახლოებით საშუალო, იმდენი რამდენიც შეეძლება სახელმწიფო ორგანიზაციას.
– ტრენერთა ტრენერებად ვის მოიაზრებთ?
– ტრენერობის მსურველებს უკვე დიდი გამოცდილების მქონე ტრენერები მოამზადებენ. ისინი მხოლოდ ჩვენი ცენტრის წარმომადგენლები არ იქნებიან. ზოგიერთმა მათგანმა მოდულის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. მათ ,,ვორქ შოპი” ჩავუტარეთ და უკვე ჩაატარეს სასიგნალო ტრენინგები. მეორე ეტაპს კი, რომელიც პედაგოგიკასა და მეთოდიკას ეხება, სასწავლო პროცესის დაგეგმვას და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს –  ჩვენი პროექტის თანამშრომლები გაუძღვებიან, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები.  აუცილებლად დავაკვირდებით ჩვენს მიერ შერჩეულ ტრენერებს. ვნახავთ, როგორები არიან მუშაობის პროცესში. გამოვკვეთთ სუსტ და ძლიერ მხარეებს და სისუსტეებზე დამატებით ვიმუშავებთ. მთავარია, მოხდება სისტემატიზაცია ტრენერის აყვანის, სერტიცირების და განვითარების.
– და ბოლოს,  ხომ არ არის საშიშროება, რომ ცენტრი მონოპლისტად ჩამოყალიბდეს ამ მიმართულებით?
– ეს ითქვა. თუმცა ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ აკრედიტაციის  სტანდარტზე და დიდი ინტერესი გვაქვს მოხდეს დეცენტრალიზაცია ამ ტრენინგების. თუმცა დღეს მოცემულობა არის ასეთი – ქვეყანაში არ არის ტრენერების საკმაო ოდენობა. ან ხდება მათი მომზადება, თუმცა პრობლემაა გადამზადება. ჩვენ მიერ მომზადებული კადრები კი თავისუფლად შეუძლიათ სხვადასხვა პროვაიდერებმა თავისთან მიიწვიონ და გაფართოვდნენ ბაზარზე. ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი ტრენერი-მასწავლებელი გვყავდეს.
ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment