Wednesday, September 24, 2014

ვილნიუსში ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა

ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები.

იონას პასლაუსკასმა ისაუბრა ქართულ-ლიტვურ ურთიერთობაზე, ლიტვურ დიასპორაზე საქართველოში, განათლების საკითხებზე. როგორც მან აღნიშნა, ლიტუანისტიკის ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი წარმატებით ფუნქციონირებს. ანალოგიური ცენტრის გაიხსნა ლიტვაშიც.

ვილნიუსში ქართული ენის შემსწავლელი კურსი იწყებს ფუნქციონირებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ლიტვაში ერთი წლის ვადით სპეციალურად იქნება მივლენილი ქართული ენის პედგოგი, თსუ-ის პროფესორი.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტუანისტიკის ცენტრი გაიხსნა. ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ლიტვის საელჩოს კანცელარიის უფროსი რასა ინდრიუნაიტე-ბარკალაია. იონას პასლაუსკასის განცხადებით, ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, ექნება საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს კითხულობენ ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი. ორგანიზატორთა განცხადებით, ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დაფინანსება კი ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა.


აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდები ლიტვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ. პროექტის პირველ ეტაპზე ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსს გადიან.

No comments:

Post a Comment