Friday, February 24, 2017

2017 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაცია 15 მარტს დაიწყება

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაცია 15 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება.

ამის შესახებ EDU.ARIS.GE – ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, ახლა, რაღაც ფორმალური და იურიდიული ნაწილებია მოსაგვარებელი. წელს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას დაემატება პროფესიული უნარები. კომპეტენციის დადასტურება პროფესიულ უნარებში აქამდეც ხდებოდა გამოცდის სახით, რომელიც წინა მინისტრმა გააუქმა, ხოლო დღევანდელმა მინისტრმა აღადგინა. ყველა მსურველს შეუძლია რეგისტრაციის გავლა. პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის რეგისტრაცია უფასო იქნება, ხოლო ვინც გარედან შემოდის მან უნდა გადაიხადოს შესაბამისი საფასური, დაახლოებით 50 ლარის ოდენობით“, – განმარტა მიმინოშვილმა.

ჩვენს კითხვაზე, როგორ მოხდება გამსვლელი ქულის დადგენა ვინაიდან მინისტრის გადაწყვეტილებით შემუშავებული ცვლილების თანახმად, მასწავლებელი გამოცდაზე ჩაჭრილად აღარ გამოცხადდება, მაია მიმინოშვილმა ასე გვიპასუხა:

„კომპეტენციის დადასტურება იქნება, თუ 100 ქულიდან ერთ ქულას მიიღებს მასწავლებელი. ის ასე დაადასტურებს თავის კომპეტენციას. ჩვენი საქმე რაც არის გასაკეთებელი, ანუ თვითონ ინსტრუმენტი მოსამზადებელი, რითიც უნდა შეფასდეს მასწავლებლის საგნობრივი ცოდნა თუ პროფესიული უნარები, ამაზე ვმუშაობთ ინტენსიურად და ყველაფერი რიგის მიხედვით მიდის“,– აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელი მინისტრის მუშაობის პროცესში განხორციელებული ცვლილებაც შეაფასა. მისი თქმით, მასწავლებელს გარდა საქმის ცოდნისა, უნდა ჰქონდეს განვითარებული პედაგოგიური უნარები, უნდა იყოს მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად მისაღები და უნდა ასწავლიდეს საგნის გარდა ბევრ რამეს.

„ერთ პიროვნებაზეა საუბარი და არა სხვადასხვა პიროვნებაზე. ვერაფრით წარმომიდგენია შემდეგ კატეგორიაზე გადავიდეს მასწავლებელი, რომელსაც საგნობრივი ცოდნა ან სათანადო პროფესიული უნარები არ აქვს. შეიძლება, შესანიშნავი მცოდნე იყოს საგნის, მაგრამ არ ჰქონდეს უნარი ეს ცოდნა მოსწავლეებს გადასცეს. ამიტომ ვფიქრობ, ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მაია მიმინოშვილმა.

მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები

დამხმარე სახელმძღვანელოები

ქეთი არის© გიგოლაშვილი

edu.aris.ge

No comments:

Post a Comment