Saturday, February 18, 2017

ლოგიკური შედეგი - ბასილაშვილი მემფისის ღია ტურნირის ფინალშია

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს რეიტინგში 103-ე პოზიციაზე მყოფი მიხაილ კუკუშკინი 7:6, 6:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

29 წლის მიხაილმა ქართველს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ნიკამ ლიდერობა კარგი თამაშით დაამტკიცა და დამსახურებულად მოიპოვა გადამწყვეტ თამაშში მონაწილეობის უფლება.

პირველ სეტში ბასილაშვილი წინა მატჩის მსგავსად დაბრეიკდა, თუმცა მეტოქეს მოწოდება სწრაფადვე აართვა და შემდეგ ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ამის შემდეგ მეტოქეები თავის მოწოდებებს იგებდნენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ კუკუშკინს აშკარად უჭირდა მოწოდების უპირატესობის გამოყენება და ქართველს რამდენჯერმე ჰქონდა ბრეიკის შანსი. მიუხედავად საგრძნობი უპირატესობისა, მიხაილი ბოლომდე იბრძოდა და საბოლოოდ სეტი ტაიბრეიკში გადავიდა, სადაც ყაზახმა კვლავ ბრეიკით დაიწყო. ნიკოლოზმა სიტუაცია მალევე გამოასწორა და სეტი სათავისოდ დაამთავრა. პირველი სეტის ბოლოსკენ მიხაილს დაღლა აშკარად ეტყობოდა.

მეორე სეტი ნიკამ კარგად დაიწყო და საკუთარი მოწოდების მოგების შემდეგ ბრეიკი შეასრულა და წინ 3 გეიმით გაიჭრა - 3:0. ამის შემდეგ ნიკას აღარ გაჭირვებია სეტის მოგება და სანახაობრივი თამაშით მაყურებლების აპლოდისმენტები ხშირად დაიმსახურა. ბასილაშვილი გადამწყვეტ მატჩში რიან ჰარისონსა და დონალდ იანგს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ორივე ამერიკელი ჩოგბურთელია. ჰარისონი რეიტინგში 62-ე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო იანგი - 81-ზე. ნიკოლოზი აქამდე არცერთ მათგანს შეხვედრია. ამრიგად, ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ის ტურნირის ფინალში მეორედ გააღწია. კიცბიუელში გამართულ ავსტრიის ღია ტურნირზე ბასილაშვილმა თიხის საფარზე პაოლო ლორენცისთან 3:6, 4:6 წააგო.

იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი მემფისის ტურნირს მოიგებს 250 სარეიტინგო ქულას და 111, 595 დოლარს მიიღებს, ხოლო წაგების შემთხვევაში 150 ქულას და 60, 355 დოლარს დასჯერდება. ლაი-რეიტინგში ბასილაშვილი ამჟამად 51-ე პოზიციაზე იმყოფება და ორშაბათს განახლებულ რეიტინგში დიდი ალბათობით 50 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის იქნება.

გიორგი ბალახაძე
worldsport.ge 

No comments:

Post a Comment