Saturday, February 18, 2017

ბასილაშვილი მემფისის ღია ტურნირის ნახევარფინალშია

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის ღია ტურნირის მეოთხედფინალში მეთიუ ებდენი 7:6, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში მიხაილ კუკუშკინს დაუპირისპირდება.
მსოფლიოს ნომერ 490-ე ჩოგბურთელმა ქართველი საკმაოდ ბევრი ანერვიულა და ბასილაშვილს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ნიკოლოზმა ლიდერობა დაამტკიცა და აგრესიული თამაშის ხარჯზე იმარჯვა. ურთიერთშეხვედრებში კი ქართველმა ანგარიში 1:1 გახადა.
პირველ სეტში ებდენმა მეტოქეს მოწოდებაზე მოიგო და შემდეგ 3:0 დაწინაურდა, თუმცა ქართველმა მეშვიდე გეიმზე შეძლო ბრეიკის შესრულება და საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკში გადავიდა, სადაც უკეთესად ქართველმა ითამაშა და საჩოგბურთო ლატარეა მოიგო.
მეორე სეტის მეხუთე გეიმზე ავსტრალიელმა კვლავ დააბრეიკა და წინ გაიჭრა, თუმცა ბასილაშვილმა უკუბრეიკი შეასრულა და მატჩში მცირე გარდატეხა შეიტანა. მერვე გეიმზე ქართველმა მეტოქის მოწოდებაზე აქტიურად იბრძოლა, თუმცა წინ ვერ გავიდა. საბოლოოდ მეათე გეიმზე მაინც შეძლო ნიკამ დაბრეიკება და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
განვლილ შეხვედრაში ქართველმა 5 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბასილაშვილი მეტოქისგან განსხვავებით აგრესიულად თამაშობდა, ბურთს მოედანზე კარგად შლიდა, ხოლო მეთიუ ცდილობდა ზუსტი თამაშის და მეტოქის შეცდომების წყალობით მატჩი მოეგო. მიუხედავად ავსტრალიელის ტაქტიკისა, ნიკამ კარგად ითამაშა, მოწოდებების დათმობის შემდეგ ნერვებს არ აყვა და მძიმე ბრძოლაში მოიგო.
ლაი-რეიტინგში ქართველი უკვე 56-ე პოზიციაზე იმყოფება და კარიერის უმაღლეს საფეხურზეა. ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე იქნება ყაზახი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 103-ე პოზიციაზე იმყოფება და აღნიშნული ჩოგბურთელები ერთმანეთს აქამდე არ შეხვედრილან. კუკუშკინმა მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი, მეოთხე ნომრად განთესილი სტივ ჯონსონი იოლად 6:0, 6:4 დაამარცხა.
ბასილაშვილი მიმდინარე წელს ზედიზედ მეორედ გავიდა ღია ტურნირის ნახევარფინალში და ასევე ზედიზედ მეორედ შეძლო 90 სარეიტინგო ქულის გამომუშავება. ქართველმა ამავდროულად უკვე ამერიკაში კარგი ასპარეზობით 32, 695 დოლარი გამოიმუშავა და თუ ფინალში გავიდა დიდი ალბათობით განახლებულ რეიტინგში საუკეთესო 50 ჩოგბურთელთა შორის იქნება.
გიორგი ბალახაძე
worldsport.ge 

No comments:

Post a Comment