Thursday, July 10, 2014

საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე. კონფერენციაში მონაწილეობენ იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები, კიოლნის, ახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ მეცნიერები აშშ-იდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან. კონფერენცია სტუ-ში ორ დღეს გაგრძელდება.

კონფერენციის დაწყებამდე ხელი მოეწერა მემორანდუმებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს – ენერგიისა და კლიმატის კვლევით ინსტიტუტსა და პეტერ გრიუნბერგის ინსტიტუტს შორის. მემორანდუმები ითვალისწინებს აღნიშნულ ინსტიტუტებში სტუ-ს ბაკალავრიატისა ან მაგისტრატურის ერთი სტუდენტის ინტერნშიპზე მიწვევას,  6 კვირის განმავლობაში, გერმანული მხარის დაფინანსებით.


შეგახსენებთ:  საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრს, პროფესორ სებასტიან შმიდტსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ჰანს შტროერს, მიენიჭათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება. ჯილდო გერმანელ მეცნიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა. რექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სებასტიან შმიდტისა და ჰანს შტროერის სამეცნიერო ბიოგრაფიები, მათი მოღვაწეობა და დამსახურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე. გერმანელ პროფესორებს სტუ-ის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. შმიდტმა და შტროერმა მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქარი გადასცეს. გერმანელს სტუმრებს საპატიო ჯილდო მიულოცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა ზვიად კოვზირიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ, იულიხის კვლევითი ცენტრის პროფესორმა ანდრო კაჭარავამ.

No comments:

Post a Comment