Wednesday, July 16, 2014

ამერიკული დიპლომები საქართველოში

ნენსი მარლენი; ფოტო: ნეტგაზეთიშემდეგი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საქართველოში შანსი მიეცემათ ჩაირიცხონ იმ ფაკულტეტებზე, რომელთა დასრულების შემდეგ საერთაშორისო განათლებას და ამერიკულ დიპლომს მიიღებენ.
2015 წლიდან, როდესაც აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ფაკულტეტების ასარჩევ ნუსხაში იქნება რიგი საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებებისა, რომელზეც სწავლების დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის სტუდენტი აშშ-ში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსტეტის (SDSU) დიპლომს მიიღებს. 

საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის გაფორმებული მეორე კომპაქტის ფარგლებში, უმაღლესი განათლებისათვის - 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების პროექტი უკვე დაიწყო.


პროექტის დაწყებას წინ უძღვოდა ტენდერი, რომელშიც ბოლო ეტაპზე მონაწილეობას ორი  (1) სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების კონსორციუმი და (2) ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების კონსორციუმები იღებდნენ. საბოლოოდ, პირველი ვარიანტი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით შეირჩა.
როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე ამბობს, სან დიეგოს უნივერსიტეტს ტენდერისთვის ყველაზე კარგად წარმოდგენილი ფინანსური მხარე ჰქონდა.

“პროექტისთვის საჭირო ფინანსების უდიდესი ნაწილი საქართველოში დარჩება. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ამ უნივერსიტეტს კარგი სამუშაო გამოცდილება აქვს ბიზნესთან მუშაობის კუთხით, ეს მოდელი ჩამოაქვს საქართველოშიც. ასევე, ამ უნივერსიტეტმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხედვა წარმოადგინა და ძალიან კარგად შეარჩია სპეციალობები,”- ამბობს მაგდა მაღრაძე.  

პროექტის საწყის ეტაპზე საქართველოში მყოფი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტი პროფესორი ნენსი მარლენი განმარტავს, რომ ის სტუდენტები, რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტებში საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებებით ისწავლიან, იმ ხარისხის განათლებას მიიღებენ, როგორიც მათ უნივერსიტეტშია.

“ისინი საქართველოდან გაუსვლელად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომებს  მიიღებენ,”- ამბობს ნენსი მარლენი ნეტგაზეთთან საუბარში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014-2015 სასწავლო წლიდან შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება ელექტრული ინჟინერიის, ქიმიის (ბიოქიმიის კონცენტრაცია) და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდება ელექტრული ინჟინერიის (ენერგეტიკა) და  ქიმიის (ბიოქიმიის კონცენტრაცია).  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება კომპიუტერული ინჟინერიისა და ელექტრული ინჟინერიის (მიკროელექტრონიკა) საბაკალავრო პროგრამები. სწავლება ინგლისურ ენაზე იქნება.

მსგავსი საერთაშორისო პროგრამები ამ მიმართულებებით კავკასიის რეგიონში არ განხორციელებულა.


ნენსი მარლენი; ფოტო: ნეტგაზეთი


გარდა ამისა, ნენსი მარლენის განმარტებით, ბაკალავრიატის სტუდენტები გაცვლით პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას.

“ასევე, იგეგმება აკადემიური პერსონალის [ის პროფესორ-მასწავლებლები, ვინც უშუალოდ ამ მიმართულებებით ასწავლის] კვალიფიკაციის ამაღლება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინგლისური ენის გაძლიერების მიმართულებითაც არის დაგეგმილი პროგრამა,”- ამბობს სან დიეგოს სახელწმიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი.  

კიდევ ერთი სარგებელი, რომელსაც საქართველო მიიღებს, ეს თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსეტეტის შესაბამასად აღჭურვილი ლაბორატორიები იქნება.

“ლაბორატორიების განახლება და აღჭურვა იმისთვის იქნება საჭირო, რომ რომ ზუსტად იგივე ხარისხის ცოდნა მიიღონ სტუდენტებმა, რასაც მიიღებდნენ სან დიეგოში. ეს ყველაფერი უკვე ძალიან მალე განხორციელდება. ჩვენ უკვე ვეწვიეთ ამ უნივერსიტეტებს და დავიწყეთ იმის შესწავლა, თუ რა არის გასაკეთებელი. ერთი წელიწადი გვჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს აღჭურვა და პროფესორ- მასწავლებლებისთვის ცოდნის გადაცემა, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს ახალი ტექნოლოგიები, ”- ამბობს ნენსი მარლენი.

კითხვაზე, რა იყო თავად სან დიეგოს სახელწმიფო უნივერსიტეტის დაინტერესება, რომ საქართველოსთან დაეწყო საგანმანათლებლო პროექტი, ნენსი მარლენი ამბობს:

“ჩვენი უნივერსიტეტი საერთაშორისო პროგრამებით არის გამორჩეული, ერთი-ერთი მოწინავეა გაცვლითი პროგრამების მიხედვით - 2000 სტუდენტი საზღვარგარეთ სწავლობს. ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ რომელიმე ქვეყანაში გრძელვადიანი წარმომადგენლობა გვქონოდა. თუმცა გასათვალისწინებელი იყო რიგი ფაქტორები, ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციები, საკმარისი დაფინანსება და ა.შ. ამ მხრივ, ჩვენი და საქართველოს ინტერესები დაემთხვა. როგორც აღმოჩნდა, დაფინანსებაც არის, რომ ამ უნივერსიტეტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვა მოხდეს.”

საქართველოსა და აშშ-ს შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელება იგეგმება. კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტების განვითარების შედეგად. „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია”საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის 30 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
netgazeti.ge 

No comments:

Post a Comment