Sunday, July 27, 2014

ვინ მოხვდება და ვინ ვერა სტუდენტურ დასაქმებაში - დამატებითი განმარტებები სამინისტროსგან

ვინ მოხვდება და ვინ ვერა სტუდენტურ დასაქმებაში - დამატებითი განმარტებები სამინისტროსგანკერძო და სახელმწიფო სასწავლებლის 1680 სტუდენტი მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მიიღებს მონაწილეობას და 2 კვირის განმავლობაში 400-500 ლარს გამოიმუშავებს. 

ამ საკითხზე ვრცელი ინტერვიუ Aris.ge-განათლებამ მკითხველს უკვე შესთავაზა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტებს თემაზე დამატებითი კითხვები გაუჩნდათ, ზოგიერთი დეტალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველ ოთარ აბესაძესთან დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე დავაზუსტეთ. 

საქსტატის მიერ დაგეგმილი მოსახლეობის აღწერის პროცესი 5-19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. თუმცა სტუდენტების მიერ განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 5 აგვისტოა. 

როგორც ცნობილი იყო, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ყველა სტუდენტს, რომელსაც რეკომენდაციას უმაღლესი სასწავლებელი მისცემს, სამუშაო საათებში სასწავლებლის გაცდენა საპატიო ჩაეთვლება.

სტუდენტების შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ სწავლის ამ პერიოდში მათ შუალედური გამოცდები აქვთ, რაც ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება, ოთარ აბესაძე ასე პასუხობს:

"არც ერთ სტუდენტს არ შეეშლება ხელი არც გამოცდაში, არც სწავლაში და არც კოლოქვიუმებში. ნომებერში თუ მათ შუალედური გამოცდები აქვთ, ამაზეც ვიმსჯელებთ ვიმუშვებთ, პროცესების ერთმანეთზე მორგება მოხდება ,"- განაცხადა ოთარ აბესაძემ. 

მისივე თქმით, გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლის შეღავათი, ამ ეტაპზე, არ მოქმდებს იმ სტუდენტებზე, რომლებიც HR.GOV.GE-ს მეშვეობით დარეგისტრირდებიან და სამსახურს გასაუბრების საფუძველზე მიიღებენ, სამომავლოდ კი, არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ საკითხზეც იმსჯელონ და ეს წესი შეიცვალოს. 

რაც შეეხება საკითხს, თუ რომელი კურსის სტუდენტები დასაქმდებიან - აბესაძის ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერაში მემორანდუმის პირობების თანახმად, მონაწილეობას ის პირები მიიღებენ, რომლებსაც სტუდენტის სტატუსი აქვთ, გარდა პირველკურსლეებისა.

"პირველკურსელები ვერ მიიღებენ მემორანდუმის ფარგლებში მონაწილეობას, რადგან მათ ჯერ სწავლა არ დაუწყიათ და შესაბამისად მათი ქულები ვერ დაჯამდება. ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვერც მეოთხე კურსელები, რომლებსაც სწავლა მაგისტრატურაში არ გაუგრძელებიათ. თუმცა HR.GOV.GE-ს საშუალებით განაცხადის გაკეთება ყველას შეუძლია,"-განმარტა აბესაძემ.

კიდევ ერთი დეტალი აკადემიის სტუდენტებს ეხებათ. მემორანდუმის თანახმად, ისინი პროექტში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 

"მემორანდუმი ეხება იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან. თეატრალური და სამხატვრო აკადემიები კულტურის სამინისტროს ბალანსზეა და შესაბამისად, მათ სტუდენტებს პროექტში მონაწილეობა მხოლოდ HR.GOV.GE-ზე დარეგისტრირებით და გასაუბრების შედეგების შედეგად შეეძლებათ," -განაცხადა აბესაძემ. 

Aris.ge-განათლებას კითხვაზე, ხომ არ იქნება უმაღლესი სასწავლებლების დეკანატი ან თვითმმართველობა მიკერძოებული და მოხდება თუ არა სტუდენტების შერჩევა ობიექტურად? - მინისტრის მრჩეველი გვპასუხობს:

"აქ ძალიან კარგი მექნიზმი გვაქვს ჩადებული. უნივერსიტეტი გვაძლევს საუკეთესო 40 სტუდენტის სიას, რომელიც იქნება საჯარო. დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ გადაამოწმონ ვინ ღებულობს პროექტში მონაწილეობას და როგორია მათი აკადემიური მოსწრება. თვითმმართველობა უბრალოდ გვეხმარება საბუთების მოძიებასა და ქეისების შეკვრაში, რადგან ახლა არდადეგებია და ცოტა ჭირს სტუდენტებთან დაკავშირება", -აღნიშნა აბესაძემ.

ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment