Wednesday, July 16, 2014

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა - მაია მიმინოშვილი შედეგების გამოცხადების ვადებზე საუბრობს


ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა - მაია მიმინოშვილი შედეგების გამოცხადების ვადებზე საუბრობსერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა მედიისთვის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. 

მისი ინფორმაციით, გამოცდების შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება. პირველი ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გასაჯაროვდება.

სავარაუდოდ, პასუხები 20 ივლისისთვის იქნება ცნობილი. ქართული ენის, არჩევითი საგნებისა და უცხო ენის პასუხები კი აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი. აგვისტოს 25 რიცხვამდე დასრულდება გრანტის გასაუმჯობესებელი და მაგისტრობის მსურველების საგამოცდო შედეგებიც.
რაც შეეხება ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტების არჩევას - აბიტურიენტებს არჩევანის შეცვლისთვის დრო ჯერ კიდევ აქვთ. საბოლოო არჩევანი აბიტურიენტებმა აპელაციის პროცესის დასრულებამდე უნდა გააკეთეონ. 


"როგორც კი დასრულდება ყველა საგამოცდო საგნის შედეგების გამოცხადება, კიდევ რამდენიმე დღე ექნებათ აბიტურიენტებს შესაძლებლობა, რომ ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ . შემდეგ უკვე იწყება აპელაციის პროცესი და ბუნებრივია, მათ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა აღარ ექნებათ,"-განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

დღევანდელ ბრიფინგზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენა ის ცვლილებები და სიახლეები, რაც წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განხორციელდა და გამოცდაში მონაწილე პირების სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში წელს 36 000-ზე მეტი აბიტურიენტი, 20 000-მდე პედაგოგი, 12 000-მდე მაგისტრობის კანდიდატი და 4500-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
რაც შეეხება არგამოცხადების სტატისტიკას, მაია მიმინოშვილის თქმით, ამ კუთხით ყველაზე დიდი მაჩვენებელი პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაფიქსირდა. გამოცდაზე დარეგისტრირებულთა დაახლოებით 30 % არ მივიდა.


"წლევანდელი წელი არ არის გამონაკლისი. საშუალოდ, დარეგისტრირებული პედაგოგების 30% გამოცდაზე არ ცხადდება. ეს ნებაყოფლობითია. რა თქმა უნდა გაცილებით დიდი პროცენტია ვიდრე აბიტურიენტების შემთხვევაში,"-დასძინა მიმინოშვილმა. 

საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ნაშრომების გასწორება საგნობრივი ჯგუფების მიხედვით ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment