Wednesday, July 16, 2014

რატომ არის ცნობილი იმ სტუდენტების რაოდენობა, ვინც გრანტის გაუმჯობესებას შეძლებს

რატომ არის ცნობილი იმ სტუდენტების რაოდენობა, ვინც გრანტის გაუმჯობესებას შეძლებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩატარებული გრანტის გაუმჯობესების მსურველთა გამოცდა დასრულდა. საბოლოო შედეგები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უკვე იციან, დაახლოებით რამდენი სტუდენტი შეძლებს სახელმწიფო გრანტის გაუმჯობესებას ან მის მოპოვებას. Aris.ge -განათლებას საგრანტო გამოცდის შესახებ ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე წერეთელი და გამოცდაზე გასული სტუდენტები ესაუბრებიან.

"ეს გამოცდა ერთ სესიად ჩატარდა. ჩვეულებრივი აბიტურიენტების მსგავსი რეგისტრაციის პროცედურა გაიარეს სტუდენტებმაც. მათ მხოლოდ ერთი გამოცდის - ზოგადი უნარების ჩაბარება მოუხდათ. საგამოცდო ტესტი სამ ნაწილად იყო დაყოფილი: წაკითხულის გააზრება, სადაც ორი ტექსტი იყო და 21 დავალება ახლდა. მეორე, ლოგიკური ნაწილი 14 დავალებით და მესამე, რაოდენობრივი მსჯელობა 8 დავალებით. სულ 42 დავალება გამოვიდა. ტესტისთვის 2 საათი და 30 წუთი იყო გამოყოფილი. ეს დრო შეეძლოთ სურვილისამებრ გამოეყენებინათ. კერძოდ, თუ მაგისტრების შემთხვევაში დრო ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ამ შემთხვევაში სტუდენტებს ასეთი შეზღუდვა არ ჰქონდათ," - განგვიცხადა ივანე წერეთელმა.

დროის გადანაწილების სხვაობის მიუხედავად, საგრანტო გამოცდის შეფასების სქემაც მაგისტრების გამოცდის შეფასების სქემის მსგავსია. სწორი პასუხი ერთი ქულით ფასდება, გაუცემელი პასუხი ნულით, ხოლო არასწორი პასუხისთვის სტუდენტს 0.2 ქულა აკლდება.

მაგისტრებისგან განსხვავებით, სტუდენტებს აღნიშნული გამოცდის ჩაბარება, ქართულის გარდა რუსულ ენაზეც შეუძლიათ. წელს ტესტი რუსულ ენაზე 151-მა სტუდენტმა შეავსო.

სულ გამოცდაზე 4533 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა საბოლოოდ გამოცდაზე 3805 გამოცხადდა.

უკვე ცნობილია 3805 სტუდენტიდან რამდენი შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას ან მის მოპოვებას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სახელმწიფო დაფინანსებას 150-მდე სტუდენტი მიიღებს.
Aris.ge-განათლება დაინტერესდა რით არის განპირობებული ეს მონაცემი.


"წინა წელს გრანტი 143 ბავშვმა მოიპოვა სავარაუდოდ წელსაც იგივე სურათი იქნება. ტესტები ძალიან რთული არ არის. უბრალოდ, თანხა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გრანტის გასაუმჯობესებლად არის გამოყოფილი მეტის დაფინანსების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ, ვისაც ყოფნის, სიაში ყველაზე რეიტინგულები რომლებიც არიან, სწორედ ისინი იღებენ გრანტს,"-განუცხადა Aris.ge-განათლებას ივანე წერეთელმა.

რაც შეეხება თანხას, სულ მთავრობის მიერ სტუდენტური გრანტის გაუმჯობესების გამოცდაზე გასულთა სწავლის დასაფინანსებლად 200 ათასი ლარია გამოყოფილი.

როგორ აფასებენ თავად სტუდენტები გამოცდას, ამის შესახებ Aris.ge-განათლება გამოცდიდან გამოსულ სტუდენტებსაც გაესაუბრა.

თაზო ბუზალაძე - ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვსწავლობ, პირველ კურსზე ვარ. გრანტი არ მაქვს და ახლა ვიმედოვნებ, რომ 50%-იან გრანტს მაინც მოვიპოვებ. რთული არ იყო, თუმცა მე პირადად ყველაზე მეტად მათემატიკური ნაწილი გამიჭირდა. გამოყოფილი დრო სრულიად საკმარისია. უბრალოდ ერთი ფაქტია, თუ გინდა გრანტი მოიპოვო ძალიან მაღალი ქულა უნდა აიღო. 100% დაფინანსებისთვის ტესტს თითქმის სრულად სწორად უნდა უპასუხო ანუ 40-42 ქულა გჭირდება".

თორნიკე ფერაძე - სოხუმის უნივერსიტეტი, მათებიტაკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი: "ტეკნიკურად, გამოცდა გამართულად ჩატარდა. არანაირი დარღვევა და ხარვეზი არ ყოფილა, თუმცა ტესტი ძალიან რთული იყო. გაცილებით რთული, ვიდრე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. პირადად მე გამოყოფილი დრო არ მეყო. წაკითხულის გააზრება ყველაზე რთული ნაწილი გახლდათ და დიდი დრო სჭირდებოდა.

ნინო დოლიძე - თსუ ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტი: "50%-იანი გრანტი მაქვს და მინდა გავაუმჯობესო. ტესტები მისაღებ გამოცდებთან შედარებით ბევრად რთული იყო, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენ, სტუდენტებს აბიტურიენტებზე მეტიც მოგვეთხოვება. მე პირადად მათემატიკური ნაწილი გამიჭირდა, თუმცა ვფიქრობ, რომ გრანტს 20%-ით მაინც გავიუმჯობესებ.

იქიდან გამომდინარე, რომ გრანტის გაუმჯობესების გამოცდის ტესტი ფორმის მიხედვით ზოგადი უნარების გამოცდის ტესტის იდენტურია, იგი სკანერის მეშვეობით - კომპიუტერულად გასწორდება. გასწორების პროცესი ჯერ არ დაწყებულა თუმცა ცნობილია, რომ ამ გამოცდის პასუხები, სხვების მსგავსად აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.

ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment