Friday, March 31, 2017

სამსუნგის ახალი სმარტფონი Galaxy S8 გაყიდვაში 21 აპრილიდან გამოვა

სამსუნგის ახალი სმარტფონი Galaxy S8 გაყიდვაში 21 აპრილიდან გამოვა. ამჯერად კომპანია მოდელის ორ ვერსიას წარადგენს – Galaxy S8 5.8-ინჩიანი ეკრანითა და S8 Plus 6.2-ინჩიანი ეკრანით. ფასი თავად გადამყიდველ კომპანიებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა სავარაუდო საწყის ფასად $720 სახელდება.

სმარტფონმა დიდწილად შეინარჩუნა წინა მოდელის გარეგნული მახასიათებლები, მათ შორის რკალისებური ეკრანის კიდეები. ეკრანმა ზომაში მოიმატა, იმის მიუხედავად, რომ თავად მობილურის ზომა თითქმის იგივეა, რაც S7-ის. გაქრა ცნობილი “Home” ღილაკი, რომელიც ახლა ეკრანის ნაწილია და მასზე ხელის დაჭერისას იქმნება ვირტუალური შეგრძნება, თითქოს თქვენ ნამდვილად ეხებით ღილაკს.
მობილურის დაცვა სამი გზითაა შესაძლებელი: თითის ანაბეჭდით, რომლის ღილაკმაც მის უკანა მხარეს, კამერის გვერდით გადაინაცვლა. ასევე, ხმოვანი სიგნალითა და მზერით. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, სმარტფონის მფლობელს შეუძლია უბრალოდ დახედოს მობილურს და ის განიბლოკება.
მობილურმა შეინარჩუნა ყურსამენების ჯეკი და USB პორტი. შესაძლებელია გაზარდოთ შიდა მეხსიერება დამატებითი SD ბარათით. ზომაში მცირე მატებასთან ერთად გაიზარდა მობილურის ბატარეაც, რომელიც შემქმენელების თქმით, უფრო დიდხანს იმუშავებს სრული დატვირთვით (Galaxy S8: 3,000 მილი ამმპერი/საათში; Galaxy S8 Plus: 3,500 მილი ამპერი/საათში).
ერთ-ერთი მთავარი სიახლე სმარტფონის წინა კამერაა, რომელიც 8 მეგაპიქსელია და ავტოფიკუსის ფონქციაც აქვს. ძირითადი კამერა კვლავ 12 მეგაპიქსელია, როგორც S7-ის შემთხვევაში და წინა მოდელისაგან განსაკუთრებული თვისებებით არ გამოირჩევა.
მობილურის დატენვა შესაძლებელია უსადენოდ (Wireless Charging). ასევე ის იყენებს ბლუთუზის სრულიად ახალ ვერსიას – Bluetooth 5.0-ს.
როგორც სამსუნგის გალაქსის სერიის წინა მოდელები, ახალი სმარტფონიც წყალგამძლეა და მტვრის ნაწილაკებს არ იკარებს. Galaxy S8 ასევე იყენებს ანდროიდის ოპერაციულ სისტემას.
netgazeti.ge
იხ.: ვიდეო

Thursday, March 30, 2017

რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა 2017 წლის ეროვნულ გამოცდაზე – სტატისტიკური მონაცემები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 მარტის მონაცემებით, 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 37 300 -ზე მეტი აბიტურიენტი, 2 200-ზე მეტი სტუდენტმა კი გაიარა რეგისტრაცია საგრანტო კონკურსისათვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 31 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაციის ძირითად  ეტაპზე  პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი.

20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. აგრეთვე, შესაძლებელი იქნება გამოცდის ენის შეცვლაც. საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.

სად და როგორ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია 2017 წლის ეროვნული და საგრანტო გამოცდებისთვის – პროცედურები



31 მარტს საქართველოში ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება

საქართველოს უახლოეს ისტორიაში ღირსახსოვარ ფურცვლად ჩაიწერა 1991 წლის 31 მარტი, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვას: „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“– საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
 საყურადღებოა, რომ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.

31 მარტი ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის-ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წელს, დიდი ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. მამის ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულმა შემოქმედებამ სიჭაბუკეშივე აზიარა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის იდეას. ზვიად გამსახურდია, თავის იდეურ და სულიერ ძმასთან-მერაბ კოსტავასთან ერთად, არის მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა და ბრძოლის სულისჩამდგმელი და მედროშე. ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ილიას გზით, ქრისტესმიერი ეკლიანი გზით იარეს და თავი დადეს სამშობლოს თავისუფლებისათვის.  ზვიად გამსახურდია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს აირჩია პრეზიდენტად. სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა ხანმოკლე აღმოჩნდა. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდია 1992 წლის 6 იანვარს გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. 1993 წლის დეკემბერში ზვიად გამსახურდია დევნილობაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის სიტყვები: „ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმიდან გარდაუვალ აღდგომამდე“

ბათუმში ავტომანქანა მამაკაცს დაეჯახა

დღეს,  30 მარტს, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში  მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით არის გადაყვანილი.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი 75 წლისაა, იგი „თავის დახურული ტრავმით არის გადაყვანილი რეფერალურ საავადმყოფოში. მამაკაცი კონტაქტურია“.
ხუთი დღის წინ, ამავე ადგილზე კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276  მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
batumelebi.netgazeti.ge

Wednesday, March 29, 2017

რა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ პირველ კლასში შესვლა 2017 წელს – ლია გიგაურის განცხადება


მომავალ პირველკლასელთა მშობლებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში შესვლას 6–წლამდე, ე.წ. 5–წლიანი ბავშვებიც შეძლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განმარტება EDU.ARIS.GE-სთან კიდევ ერთხელ, დამატებით მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა გააკეთა. კერძოდ, მშობლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონში ცვლილება პარლამენტმა განახორციელა.
„ეს ინფორმაცია რეალური არ არის.  ახალი ინიციატივა პარლამენტში არ ყოფილა დარეგისტრირებული და ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სკოლაში შესვლის ასაკად კვლავ რჩება 6 წელი. ანუ, 15 სექტემბერს ბავშვი უნდა იყოს 6 წლის, რომ სკოლაში შევიდეს“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
ჩვენ დავინტერესდით, შეძლებს თუ არა ექვს წლამდე ბავშვი კერძო სკოლაში შესვლას, ვინაიდან, კერძო სკოლებს აქამდე უფლება ჰქონდათ, რომ სწავლის დაწყების თარიღი ინდივიდუალურად განესაზღვრათ და ეს შეიძლებოდა ყოფილიყო არა 15 სექტემბერი, არამედ მომდევნო თვე.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ  ბრძანებაში  არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი სხვადასხვა განსაკუთრებული  გარემოების არსებობისას და სკოლაში სწავლის დაწყების თარიღი გადაიწიოს. ეს გამონაკლისი კერძო სკოლებსაც ეხება.
მართალია, კერძო სკოლას შეუძლია სწავლის დაწყების თარიღი გადაწიოს, თუმცა ეს უნდა იყოს არგუმენტებით  დასაბუთებული და ნებადართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
„გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, თუ კერძო სკოლა მიმართავს სამინისტროს და  არგუმენტირებულად იქნება დასაბუთებული, თუ რატომ უწევს რამდენიმე დღით სწავლის დაწყების თარიღის გადაწევა, შესაძლებელია, რომ მან მიიღოს სამინისტროსგან ნებართვა. გასულ წელს იყო გამონაკლისები დაშვებული, რადგან კერძო სკოლებს თავისუფლად შეეძლოთ განესაზღვრათ სწავლის დაწყების თარიღი. თუმცა მიმდინარე სასწავლო წელს განსხვავებული სიტუაციაა – 2016 წლის ზაფხულში განხორციელდა  ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები,  სწავლის დაწყების თარიღად განისაზღვრა  15 სექტემბერი როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებისთვის. გასულ წელს თავისუფალი რეგულაციით ძალიან ბევრმა სკოლამ ისარგებლა და მნიშვნელოვნად შეამცირა სასწავლო წლის ხანგრძლივობა. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლისთვის სწავლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი ყოფილიყო განსაზღვრული. ასეთი თავისუფლება, რომ ვისაც როდის უნდა დაიწყოს სასწავლო წელი, აღარ იქნება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მინისტრის მოადგილემ.
ლია გიგაური ხაზგასმით ამბობს, რომ სამინისტრო კერძო სკოლების შემთხვევაში სწავლის დაწყების თარიღის გადაწევის გადაწყვეტილებას მხოლოდ რეალური არგუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მიიღებს.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რა შეიძლება ჩაითვალოს სკოლის მიერ დასახელებულ გადაუდებელ საჭიროებად და შესაძლოა თუ არა იყოს ეს რემონტი, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:
„ეს იქნება მხოლოდ ისეთი შემთხვევა, რაც რეალურად ქმნის სწავლის 15 სექტემბერს დაწყებასთან დაკავშირებით ბარიერს. თუ სკოლა მისი მცდელობის მიუხედავად რემონტს  ნამდვილად ვერ ასრულებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თუ ეს რეალურად ასეა, თუ არ არის გამოგონილი ან ხელოვნურად შექმნილი მიზეზი, მაშინ გათვალისწინებული იქნება“, – დასძინა ლია გიგაურმა.
რაც შეეხება ვადებს, სწავლის დაწყებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა მიმართოს კერძო სკოლამ სწავლის დაწყების  გადაწევის შესახებ განათლების სამინისტროს, ასეთი ვადები ლია გიგაურის ინფორმაციით, დაწესებული არ არის.
„თუ მაგალითად დღეს (15 სექტემბრამდე 6 თვით ადრე)  კერძო სკოლა მომართავს სამინისტროს, რომ 15 სექტემბრამდე ვერ ესწრება რემონტის დასრულება, სამინისტროსგან დადებით პასუხს ვერ მიიღებს, ვინაიდან სკოლას შეუძლია სამუშაოები დაგეგმოს იმგვარად, რომ   15 სექტემბრისთვის მოასწროს დასრულება“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.
როგორ დავარეგისტრიროთ პირველკლასელი სწრაფად – პრაქტიკული რჩევები მშობლებს
საინტერესო ინფორმაცია სკოლების შესახებ
ქეთი არის© გიგოლაშვილი
edu.aris.ge

ლალი ჩაგელიშვილი აკადემიკოსად აირჩიეს

2017 წლის 24 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბიზნესის მართვის კათედრის გამგე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი ჩაგელიშვილი საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად აირჩიეს.





Tuesday, March 28, 2017

აფეთქება რუსთავში - დაშავებულია ორი ადამიანი


რუსთავში კომპანია „ჯეოსთილში“ მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ამის შესახებ „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. 
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს სხეულზე დამწვრობები აღენიშნებათ. ისინი, ამ დროისათვის, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, თუმცა ელოდებიან რეანომობილებს და იგეგმება, რომ ორივე მათგანი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანონ. 
აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე არ არის ცნობილი, რომელი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ დაშავებულებს.
1tv.ge

Monday, March 27, 2017

პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა

უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 მარტს პრემიერ-მინისტრი ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში კონფერენციას -„საქართველო ევროპიდან ევროპამდე“ გახსნის, რომელსაც ქართველი და ბერძენი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრებიან.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ახალგაზრდებთან და მეცნიერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ათენის აკროპოლისსაც დაათვალიერებს. დღესვე, საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან.

მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის სახელით, ბრიუსელში საზეიმო მიღება გაიმართება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, არქეოლოგი დავით ლორთქიფანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები, “სტარტაპ საქართველოს” მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამის- “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები.
ipn.ge 

პოეტი შალვა ბაკურაძე დაიკარგა



სოციალური ქსელში პოეტ შალვა ბაკურაძის მეგობრები ავრცელებენ ინფორმაციას,  რომ პოეტი შალვა ბაკურაძე დაიკარგა.  
პოეტი ბოლოს 25 მარტს კინოთეატრ “ამირანთან” ნახეს, მას მერე ბაკურაძე კონტაქტზე აღარ  გამოსულა. ხელოვანის მეგობრები სოციალურ ქსელში პოეტის მეუღლის, თათია კოკაიას ნომერს,  593-32-01-38 , ავრცელებენ.


როგორი იქნება გაკვეთილის შეფასების რუბრიკა - დოკუმენტი

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დოკუმენტს გაკვეთილის შეფასების რუბრიკა დაემატა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მასწავლებლის შეფასება ხორციელდება,- გაკვეთილის შეფასების სქემით მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე. დოკუმენტში გაწერილია ის კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც გაკვეთილის შეფასება მოხდება.
შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის მასწავლებელი მოიპოვებს 2 კრედიტქულას, თუ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი და რეფლექსია დადებითად შეფასდება.
გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.
სპორტის გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 21 ქულას.
მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების მაქსიმალური ქულაა 4. რეფლექსია დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას.
მასწავლებლის რეფლექსიის შეფასება კი შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება:
  • მასწავლებელი აანალიზებს და აფასებს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, მიღწეულ შედეგებს;
  • მასწავლებელს დასაბუთებული აქვს გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა მიზნის მისაღწევად;
  • მასწავლებელი აღნიშნავს, მოხდა თუ არა გაკვეთილის გეგმის / განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას, აღწერს და ასაბუთებს ამ ცვლილებების აუცილებლობას;
  • მასწავლებელი აანალიზებს გამოვლენილ ხარვეზებს / დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები, სახავს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს.
მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ის კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც სქემის აქტივობები უნდა შეფასდეს. უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული კრიტერიუმებით შეფასდება  თუ რა დონეს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის საქმიანობა, რომ მან ამ აქტივობისთვის კრედიტქულა მიიღოს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების განახლებული სქემის თანახმად, იმისათვის, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს საგნისა და პროფესიულ უნარებში გამოცდის ჩაბარების გარდა, საჭიროა  2 გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, რაც ჯამში ფასდება 4 კრედიტით. ხოლო, იმისათვის, რომ უფროსმა მასწავლებლებმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს, საჭიროა მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ გაკვეთილზე დაკვირვება – 3 დაკვირვება, თითო დაკვირვება 2 კრედიტქულით ფასდება, რაც ჯამში 6 კრედიტქულას შეადგენს;

იხ.: დოკუმენტი

http://liberali.ge

Sunday, March 26, 2017

შსს-მ 22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა

შსს-მ 22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1994 წელს დაბადებული თ.ტ.

„გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც თ.ტ. მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, რა დროსაც ის შეეჯახა მის წინ, მისივე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას. შეჯახების შედეგად, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლმა, 1992 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ, ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე, სადაც 2 ქვეითს - 1972 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს და 2008 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი მ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.ო. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. საპატრულო პოლიციამ თ.ტ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით).

22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანში, 45 წლის ქალს და მის 9 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ipn.ge

Saturday, March 25, 2017

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ხშირად დასმული კითხვები

1. როდის იქნება შესაძლებელი უვიზო მიმოსვლა?

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.

2. რას ნიშნავს/გულისხმობს უვიზო მიმოსვლა?

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც).
მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია).

3. რას არ ნიშნავს უვიზო მიმოსვლა?
სამუშაო და გრძელვადიანი სასწავლო ვიზიტის შემთხვევაში საჭირო იქნება შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა.

4. რა დოკუმენტები შეიძლება დაგვჭირდეს საზღვარზე?
სასაზღვრო პუნქტთან მგზავრებს შესაძლოა დასჭირდეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთი , დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი.

(რეკომენდირებულია მგზავრმა თან იქონიოს მოგზაურობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაგ. მოწვევა სამსახურეობრივ მივლინებაზე, მოკლევადიან სასწავლო კურსში მონაწილეობის დამდასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)

5. რას უნდა ველოდოთ სავიზო რეჟიმის წესების დარღვევის შემთხვევაში?
შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესასვლელად უვიზო რეჟიმით სარგებლობა შესაძლებელია მოკლევადიანი ვიზიტის შემთხვევაში (მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში − ანუ ნებისმიერი 6 თვიდან მხოლოდ 3 თვეს. 180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით).
შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევის შემთხვევაში (3 თვის გასვლის შემდეგ), საქართველოს მოქალაქის აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნა ავტომატურად ჩაითვლება არალეგალურად. შესაბამისად, ასეთი პირი დაექვემდებარება შენგენის ზონის წევრი კონკრეტული ქვეყნიდან გაძევებას და საქართველოში ნებაყოფლობით ან იძულებით დაბრუნებას (რეადმისიას). ამასთან, მოქალაქეს შესაძლოა შეეზღუდოს შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე.

6. აქვს თუ არა უვიზოდ მგზავრობის უფლება პირს, რომელიც იყო საქართველოში ნასამართლევი და მან მოიხადა შესაბამისი სასჯელი?

დიახ, აქვს.

7. შეძლებს, თუ არა საპატიმროდან პირობითად გათავისუფლებული პირი გამგზავრებას უვიზოდ?

შეძლებს, თუ საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს საზღვარგარეთ გამგზავრებას.

8. შეუძლია თუ არა პირს, რომელმაც დანაშაულისათვის სასჯელი სრულად მოიხადა ევროკავშირის ქვეყანაში და ეხლა თავისუფალია, ისარგებლოს უვიზო მიმოსვლით?

შეუძლია, თუ ევროკავშირის მხრიდან არ აქვს დაწესებული რაიმე სახის შეზღუდვა. ამასთან, პირი არ უნდა იყოს:
- ნასამართლევი შენგენის/ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 1 წლით;
- იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას, ან შიდა უსაფრთხოებას;
- იმ პირთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ ზემოხსენებული ქვეყნებიდან მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა;
- ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაცია) ან უკან დაბრუნების (რეადმისია) შესახებ გადაწყვეტილების ობიექტი;
ასევე, არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის, ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები.

9. უვიზო მიმოსვლის დროს კვლავაც იქნება, თუ არა საჭირო მცირეწლოვან ბავშვზე მინდობილობა, თუკი იგი უცხოეთში მიჰყავს ერთ-ერთ მშობელს? თუ მინდობილ პირს მიყავს ბავშვი ევროკავშირის ქვეყანაში, მაშინ რა დოკუმენტებია საჭირო, რომ გააჩნდეს ამ პირს?

ევროპელ მესაზღვრეს შეიძლება დასჭირდეს დაბადების მოწმობა, ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე. ასევ, მინდობილობა, მესაზღვრისათვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი.

10. რამდენად აუცილებელია შენგენის საზღვრების დატოვების შემდეგ მოქალაქეს პასპორტში ერტყას გასვლის შტამპი (მაგ. თუ მესაზღვრემ არ ჩაურტყა, უნდა მოითხოვოს, თუ არა)?

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნები საზღვრის დატოვების შემდეგ სასურველია პასპორტში მოხდეს შესაბამისი შტამპის ჩარტყმა, რათა მოქალაქეს გაუმარტივდეს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ყოფნის ვადის ათვლა.

11. რას აკეთებს პირი, თუკი მას ევროკავშირის/შენგენის საზღვარზე შესვლაზე უთხრეს უარი? აინტერესებთ ინსტრუქცია:

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქვა ევროკავშირის/შენგენის ქვეყანაში შესვლაზე, მას უფლება აქვს, ამ ფაქტის და უარის მიზეზების შესახებ მიიღოს ახსნა განმარტება, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. მოქალაქეს, ასევე, აქვს უფლება გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, შენგენის წევრი ქვეყნის მიერ უარის ფურცელში მითითებული პირობების შესაბამისად.

12. თუ ადამიანი მიემგზავრება ავტომობილის ჩამოსაყვანად, მოსთხოვს თუ არა მას მესაზღვრე დასაბრუნებელ ბილეთს? თუ არა, მაშინ სხვა რა საბუთი შეიძლება მოსთხოვოს, რომ დარწმუნდეს მის უკან დაბრუნების სინამდვილეში? ბიომეტრიული პასპორტის გარდა სხვა რა საბუთები მოეთხოვება პირს, რომელიც ევროკავშირში ტურისტულად მოგზაურობას აპირებს ავტომობილით?

დღევანდელი დღის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ავტომანქანის შესაძენად, ვიზის მისაღებად საელჩოში უნდა წარადგინოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი, მანქანის რეგისტრაციის საბუთების ასლები და არსებობის შემთხვევაში: შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და ტრანსპორტირების საბუთების ასლები.
სასურველია საქართველოს მოქალაქემ საზღვრის კვეთის დროს თან იქონიოს ზემოჩამოთვლილი დოკუმენტაცია;
ავტოტურით მომავალმა პირებმა, დოკუმენტების სტანდარტული ჩამონათვალის გარდა, საზღვარზე უნდა წარადგინონ ავტომანქანის ყიდვის ნებისმიერი დამადასტურებელი დოკუმენტი (ელექტრო მიმოწერა, პრე-ინვოისი და ა.შ).

13. აპირებს თუ არა ქართული მხარე (საქართველოს საზღვარზე) რაიმე პრევენციული ღონისძიების გატარებას, რომ აქვე მოხდეს დოკუმენტების შემოწმება, რათა გამოირიცხოს პრობლემები შენგენის საზღვარზე?

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სტანდარტული შემოწმების პროცედურებთან (სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის ნამდვილობის შემოწმება სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით) ერთად გადამოწმდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა, რომელიც აუცილებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე უვიზოდ შესასვლელად (ეს დოკუმენტებია: მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, საქართველოში უკან დასაბრუნებელი ბილეთი; სასტუმროს ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები). არასრულფასოვანი დოკუმენტების ფლობის შემთხვევაში, მოხდება პირის გაფრთხილება რომ მას შესაძლოა უარი ეთქვას შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე.

ამასთან, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდგომ ჩატარდება საინფორმაციო კამპანიები, რომლის ფარგლებში მოსახლეობას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია უვიზო რეჟიმის მოქმედების პირობების, ვადების და იმ აუცილებელი დოკუმენტაციის შესახებ, რომელიც თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქემ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გასამგზავრებლად.

14. რა დოკუმენტები უნდა ჰქონდეს პირს, რომელიც მიდის გამოკვლევაზე და შეიძლება, თუ არა, რომ მესაზღვრემ იკითხოს ასეთი კვლევისთვის საჭირო თანხის წარმოდგენა?

უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებიდან წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ პირი ნამდვილად მიემგზავრება სამედიცინო მიზნით. ამავე წერილში უნდა ჩანდეს რა ფორმით უნდა მოხდეს სამედიცინო მომსახურებისთვის თანხის ანაზღაურება და რა რაოდენობით (მაგ. თუ თანხა წინასწარ გადახდილია, წერილში მითითებული უნდა იყოს, რომ მომსახურების თანხა XXX ევრო უკვე გადახდილია. თუ მომსახურების შემდეგ უნდა მოხდეს ანაზღაურება, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებას წინასწარ არ შეუძლია განსაზღვროს ზუსტი ოდენობა, ასევე, უნდა იქნეს აღნიშნული წერილში, რომ მომსახურება სავარაუდოდ, შეადგენს XXX ევროს, ხოლო ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება უშუალოდ გამოკვლევის შემდგომ).

15. გავრცელდება თუ არა უვიზო მიმოსვლა რაიმე ფორმით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებზე?

არა.

16. ერთ პასპორტთან დაკავშირებით ევროკავშირის მიდგომიდან გამომდინარე, თუ პირს გააჩნია 2 ბიომეტრიული პასპორტი (ერთი ხანგრძლივი მოქმედებით, მეორე კი, 1 წლიანი) და ევროკავშირში მიემგზავრება ერთ წლიანი პასპორტით, რადგან გრძელვადიანი სხვა (არა ევროკავშირის) ქვეყნის საელჩოშია და ელის ვიზას. ამ შემთხვევაში ხომ არ იქნება რაიმე პრობლემა მესაზღვრეების მხრიდან?

არა, თუ პასპორტი არის ბოლო 10 წლის მანძილზე გაცემული და მისი მოქმედების ვადა მინიმუმ სამი თვით აღემატება ევროკავშირიდან გამომგზავრების თარიღს.

17. აქვს თუ არა პირს შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით, თუკი მას დაწესებული აქვს შესვლის აკრძალვა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში?

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეზე არსებობს გადაწყვეტილება ევროკავშირის/შენგენის ქვეყნიდან გაძევების შესახებ, იგი ვერ ისარგებლებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით, ვიდრე დაწესებული ექნება ქვეყანაში შესვლის შეზღუდვა.

18. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პირი მიემგზავრება ტურისტული მიზნით და აპირებს მოინახულოს 2-3 ქვეყანა?

საქართველოს მოქალაქე თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.

19. რამდენად აუცილებელია სამოგზაურო დაზღვევის ქონა?

ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში გამგზავრებისას, სასურველია საქართველოს მოქალაქემ თან იქონიოს სამოგზაურო დაზღვევა. ვინაიდან სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად უფლება აქვს, მოითხოვოს სამოგზაურო დაზღვევა.

20. ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში საქართველოში შეუძლოდ მყოფ ავადმყოფზე გაიცემა არაბიომეტრიული პასპორტი (ასეთი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია), რათა ის გადააფრინონ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. რა მოხდება, როდესაც უვიზო მიმოსვლა დაიწყება და მგზავრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით?

არაბიომეტრიული პასპორტი გაიცემა ადამიანზე ვინც, მაგალითად არის კომატოზურ მდგომარეობაში და ბიომეტრიის აღება ვერ ხერხდება. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს არაბიომეტრიული პასპორტი, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში გასამგზავრებლად მოუწევს ვიზის აღება. უვიზოდ გამგზავრების საშუალება ექნებათ, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებს.

21. რა ხდება, როდესაც ევროპაში გამგზავრების მიზნით პირი აიღებს ბიომეტრიულ პასპორტს, ხოლო პარალელურად გაუუქმდება არაბიომეტრიული პასპორტი, სადაც აშშ-ს 10 წლიანი მოქმედი ვიზაა? შეძლებს, თუ არა ამ შემთხვევაში შენგენის ვიზის მსგავსად მოგზაურობას, ე.ი. მოქმედი ბიომეტრიული პასპორტით და ასევე მოქმედი ვიზით, მაგრამ ხელთ არსებული გაუქმებული პასპორტით?

შეძლებს.

22. შეუძლია თუ არა პირს, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნისას შეცვალოს ბილეთის თარიღი (თუ მას დარჩენილი აქვს უვიზოდ ყოფნისთვის განსაზღვრული დღეების რაოდენობა)?

თუ მოქალაქეს დარჩენილი აქვს საკმარისი დღეების რაოდენობა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნისათვის, შეუძლია შეცვალოს უკან დაბრუნების ბილეთი. მთავარია მისი ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა არ აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში.

23. რა არის ის მინიმუმი თანხა, რაც უნდა ჰქონდეს პირს მოგზაურობის დროს?

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოგზაურობის დროს ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა, უნდა შეადგენდეს მინიმუმ 50 ევროს დღეში, სასტუმროს ფინანსური უზრუნველყოფის გარდა.

24. შეეხება თუ არა უვიზო მიმოსვლა არალეგალურად მცხოვრებ პირებს, რაიმე კუთხით?

უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სტატუსის შეცვლას.

25. ბევრი შიშობს, რომ თუკი ენის ბარიერის გამო ვერ დაადასტურებს მგზავრობის მიზანს, შესაძლოა იგი უკან დააბრუნონ, რაც უფრო მეტ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე მაშინ, როდესაც პირი უარს იღებდა საელჩოსგან;

ასეთ შემთხვევაში პირმა უნდა შეძლოს მგზავრობის მიზნის დოკუმენტალურად დადასტურება (დოკუმენტის წარდგენის გზით), ასევე, შეუძლია მოითხოვოს თარჯიმანი.

26. რა დოკუმენტი უნდა ჰქონდეს პირს იმ შემთხვევაში, თუკი იგი რჩება თავის ახლობელთან/ნათესავთან (რომელიც ცხოვრობს ლეგალური სტატუსით) და არა სასტუმროში?

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ნათესავთან/მეგობართან დარჩენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქემ თან უნდა იქონიოს მიმღები პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი და საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.).

27. პირი მუშაობს სახელმწიფო უწყებაში და მივლინებაში დადის ორდინალური პასპორტით რის ხარჯზეც იყენებს მისთვის განკუთვნილ 90 დღიან ლიმიტს. ასეთ შემთხვევაში მოხდება თუ არა ამ 90 დღიდან სამსახურისთვის გახარჯული დღეების კომპენსირება? ანუ მიემატება თუ არა ეს გახარჯული დღეები პირს, როგორც დამოუკიდებელ ინდივიდს და არა სახ. მოხელეს?

მგზავრობის მიზნის მიუხედავად, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობა შეეძლებათ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, რაც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

28. როდესაც პირი მიდის ახლობლის მოსანახულებლად (ხელთ აქვს მათი მოწვევა), აქვს თუ არა მას ვალდებულება, ასევე თან იქონიოს ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი თანხა ან საკრედიტო ბარათი?

იმ შემთხვევაში, თუ მოწვევის წერილში მითითებულია, რომ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე თქვენი განთავსების ხარჯებს ფარავს მომწვევი მხარე, თან უნდა იქონიოთ მათი ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხევაში თუ მოქალაქე მიემგზავრება თავისი ხარჯებით, უნდა წარადგინოს თავისი ფინანსური დოკუმენტები.

29. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მაგალითად პირს აქვს შესვლის აკრძალვა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოში დაბრუნებისას, გამოიცვალა სახელი და გვარი და ახლა უკვე ახალი სახელით და გვარით ცდილობს ისარგებლოს უვიზო მიმოსვლით, მოხდება თუ არა მისი იდენტიფიცირება?

სახელის გამოცვლა საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მხოლოდ 2-ჯერ, არასრულწლოვან და სრულწლოვან ასაკში. გვარის კი, რამოდენიმეჯერ, თუმცა ვინაიდან პირადი ნომერი უცვლელი რჩება, პირის იდენტიფიცირების/ვინაობის დადგენის პრობლემა არ დგას სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე.

30. ევროკავშირში/ შენგენის ზონაში 90 დღე 180-დან შესვლისას პირს თითო დღეზე გაანგარიშებით უნდა ჰქონდეს დაახლოებით 50 ევრო. რა კალკულაციაა, როდესაც ოჯახი მიდის, მაგ.: 3 პირიანი ოჯახის 10 დღიანი ყოფნა = 500 ევრო, თუ 500 * 3 = 1,500 ევრო?

500 * 3 = 1,500 ევრო.

31. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე პირი ბიომეტრიული პასპორტით და 1 წლიანი ვიზით უკვე (მაგ.) 70 დღე იმყოფება შენგენის ტერიტორიაზე. მის ამ 1 წლიან ვიზას ვადა გასდის რამდენიმე კვირაში, თუმცა ამ დროს, ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლა. შეძლებს, თუ არა ეს პირი კიდევ 90 დღე + 2 დარჩენილი კვირა დარჩეს შენგენის ტერიტორიაზე, ანუ თავის ძველ ვიზას მიაბას ახალი 90 დღიანი პერიოდი?

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა.

32. შეუძლია, თუ არა პირს არ დაარღვიოს უვიზოდ ყოფნის ვადა, მაგრამ იმუშაოს 3 თვის მანძილზე? (ძირითადად სტუდენტების კითხვაა) არის დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ ევროკავშირში მოკლევადიანი (საზაფხულო, ან ზამთრის სკოლა) ვიზიტების დროს სტუდენტები მუშაობენ სწავლის მიღმა პერიოდში. რა რეგულაციები იქნება უვიზო მიმოსვლისას და შეეხება, თუ არა სამუშაოზე აკრძალვა ამ ტიპის მოკლევადიან ვიზიტორებს?

უვიზო მიმოსვლა არ იძლევა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობის უფლებას.

33. რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი პირი დაარღვევს უვიზო მიმოსვლის პირობებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზები გამო (მაგ. ბუნებრივი მოვლენა, ჯანმრთელობა და ა.შ.)?

იმ შემთხვევაში თუ პირი დაარღვევს უვიზო მიმოსვლის პირობებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იმოქმედებს იგივე წესი, როგორც სავიზო რეჟიმის დროს. მოქალაქემ უნდა მიმართოს ადგილსამყოფელი ქვეყნის მიგრაციის სამსახურს და/ან კომპეტენტურ უწყებას, რომელიც უზრუნველყოფს მისი ქვეყანაში ყოფნის გადავადებას.

34. ესაჭიროება, თუ არა წამსვლელ პირს მოწვევა, და თუ ესაჭიროება რა სახის უნდა იყოს: დამოწმებული, ჩვეულებრივი, რაიმე ფორმაზე დაბეჭდილი, ორიგინალი ა.შ და ვრცელდება თუ არა ეს სხვა ქვეყნებზეც?

მგზავრობის მიზანი განსაზღვრავს მოწვევის მოთხოვნის აუცილებლობას. პირი, რომელიც გეგმავს ევროკავშირში/შენგენის წევრ ქვეყნებში მოწვევის საფუძველზე გამგზავრებას, თან უნდა იქონიოს მოწვევის წერილი, რომელიც შედგენილი იქნება შესაბამისი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

35. არის თუ არა საგარეოს ცხელ ხაზზე რუსულად კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა?

საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე შესაძლებელია კონსულტაციის მიღება, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენაზე.

36. საჭიროა თუ არა, რომ დოკუმენტები იყოს ლეგალიზებული?

არა.

37. თუ პირი მიდის სამედიცინო გამოკვლევისთვის, რა საბუთები (მაგ. მომწვევის რა ტიპი) უნდა ჰქონდეს მის თანმხლებ (თუ ასეთი იქნება) პირს? შეიძლება, თუ არა, რომ მესაზღვრემ იკითხოს ასეთი კვლევისთვის საჭირო თანხის წარმოდგენა?

თანმხლებმა პირმა თან უნდა იქონიოს ადგილსამყოფელი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ პაციენტი ნამდვილად საჭიროებს თანხლებას.

38. თუ პირს, უარი უთხრეს შენგენის ხელშეკრულების რომელიმე წევრი ქვეყნის საზღვარზე შესვლაზე და ამავდროულად ამ ქვეყანაში არ არის საქ. დიპ. წარმომადგენლობა/საკონსულო, რა უნდა ქნას პირმა ასეთ შემთხვევაში?

იმ შემთხვევაში, თუ პირს უარი უთხრეს შენგენის ხელშეკრულების რომელიმე წევრი ქვეყნის საზღვარზე შესვლაზე და ამავდროულად ამ ქვეყანაში არ არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო, ხდება საქართველოს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულოს ინფორმირება, რომელიც ახორციელებს ზემოაღნიშნული ქვეყნის გადაფარვას.

(შენიშვნა: ინფორმირება არ ნიშნავს თქვენი ქვეყანაში შეშვების საკითხის მოგვარებას);

39. ამოქმედდება, თუ არა ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების მერე ე.წ. 24/7 ცხელი ხაზი შენგენის ზონაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში?

საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში დღესაც მუდმივად მოქმედებს ცხელი ხაზი 24/7.

40. შენგენის ხელშეკრულების რომელიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე უარ-ნათქვამი პირი: ა) რანაირად ბრუნდება სამშობლოში და ბ) ვინ უზრუნველყოფს მის უკან დაბრუნებას?

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქვა ევროკავშირის/შენგენის ქვეყანაში შესვლაზე, მოქალაქე ბრუნდება საქართველოში თავისი ხარჯით.

41. თუ პირი ერთხელ მაინც გამობრუნებულია (უარი აქვს ნათქვამი) შენგენის წევრი ქვეყნის საზღვრიდან, შეეძლება თუ არა მას რაღაც პერიოდის შემდეგ კვლავ გამგზავრება ევროკავშირში/შენგენის ტერიტორიაზე?

შეეძლება, თუ მას არ დაუწესდა რაიმე სახის შეზღუდვა.

42. თუ პირი გამობრუნებულია/გამოძევებულია ისრაელიდან და/ან თურქეთიდან (ე.ი. უვიზო მიმოსვლის ქვეყნიდან) და ეს აღბეჭდილია პასპორტში, იქონიებს თუ არა ამგვარი ფაქტი გავლენას შენგენის ზონაში მგზავრობაზე? იგივე კითხვა ეხება სხვა, მაგრამ სავიზო ქვეყნებსაც, მაგ.: აშშ, კანადა და ა.შ.;

ევროკავშირის /შენგენის საზღვრის კვეთის დროს საქართველოს მოქალაქის პასპორტში სხვა ქვეყნიდან გაძევების არსებულმა შტამპმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ეჭვები და გახდეს ქვეყანაში არ შეშვების მიზეზი.

43. თუ პირს აქვს ორმაგი მოქალაქეობა და აქედან ერთი ქვეყნის პასპორტის მფლობელს (მაგ.: ირანი, ეგვიპტე, ერაყი და ა.შ.) არ შეუძლია უვიზოდ მგზავრობა შენგენის ტერიტორიაზე მეორეს (საქართველოს) კი, შეუძლია. იქონიებს, თუ არა ასეთი გარემოება გავლენას შენგენის ტერიტორიის საზღვარზე შესვლისას?

ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

44. თუ პირი მუშაობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სპეციალური სამუშაო ვიზით, ექნება თუ არა, მას საშუალება ამ ვიზის მოქმედების ამოწურვის შემდეგ ქვეყნიდან გაუსვლელად ისარგებლოს 90 დღიანი ვადით, მაგრამ არა სამუშაო მიზნებისთვის?

ევროკავშირის /შენგენის წევრი ქვეყნების სპეციალური სამუშაო ვიზის ამოწურვის ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ უდნა გადმოკვეთოს საზღვარი და თავიდან შევიდეს ევროკავშირის /შენგენის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, მაგრამ არა სამუშაო მიზნებისთვის.

45. თუ პირს აქვს უარი ბრიტანეთსა და/ან ირლანდიაში შესვლაზე, იქონიებს, თუ არა ეს გავლენას შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე?

სხვა ქვეყნებში შესვლაზე უარი არ არის პირდაპირ კავშირში შენგენის ტერიტორიაზე შესვლასთან მიმართებით. მესაზღვრე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

46. პირს გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა საქართველოს და აშშ-ს. ორივეზე მოქმედებს 90 დღე 180-დან. ამ შემთხვევაში შეუძლია, თუ არა პირს 90-ის ნაცვლად 2x90=180 დღე დაჰყოს შენგენის ტერიტორიაზე?

არა, ვინაიდან იგი განიხილება მხოლოდ ერთი მოქალაქეობით და ამ მოქალაქეობისადმი დადგენილი მოთხოვნებით.

47. პირი გადის სასაზღვრო კონტროლს თბილისის აეროპორტში, ბილეთი აქვს აღებული შენგენის/ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ არ გააჩნია ბიომეტრიული პასპორტი ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს მესაზღვრე?

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესასვლელად ევროკავშირის ერთ-ერთი უპირობო მოთხოვნაა საქართველოს მოქალაქის მიერ მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის ფლობა (პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს ევროკავშირიდან გამომგზავრების ვადას.). შესაბამისად, მესაზღვრე-კონტროლიორს შეუძლია გააფრთხილოს პირი, რომ აღნიშნული დოკუმენტის გარეშე არ შეუშვებენ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე.

48. თუ პირი არ შეუშვეს შენგენის/ევროკავშირის საზღვარზე, ნიშნავს, თუ არა ეს მისთვის ავტომატურად ე.წ. 5 წლიანი აკრძალვის დაწესებას?

არა, ვინაიდან ყველა პირს ვისაც ეთქვა უარი გადაეცემა უარის განმარტების ბარათი, რომელზეც, ასევე, მითითებული იქნება რა სახის შეზღუდვა დაუწესდა და რა ვადით.

49. თუ პირი შენგენის/ევროკავშირის ქვეყნიდან ბრუნდება 90 დღიანი ვადის ამოწურვის შემდგომ და მისი რეისი გადაიდო და მან თავისი უკვე არალეგალური 91-ე დღე ისევ გაატარა მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე, რა ხდება ამ შემთხვევაში? რა დახმარების გაწევა შეუძლია საკონსულო სამსახურს?

თუ ვადის გადაცილება მოხდება პირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, მას ექნება შესაბამისი დასტური აღნიშნულის თაობაზე, რომელსაც წარადგენს საზღვარზე. ხოლო თუ პირი ობიექტური მიზეზით ვერ ახერხებს ამგვარი დასტურის მოპოვებას ან მიუხედავად დამამტკიცებელი საბუთისა, ვერ არწმუნებს მესაზღვრეს, შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს საკონსულოს. საკონსულო შეცდება დაეხმაროს მაქსიმალურად თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

50. რა ბედი ეწევა იმ ქართველებს, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებიან?

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე არალეგალურად იმყოფება ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, ავტომატურად მოქმედებს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება", რომლის შესაბამისადაც ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ პირთა იდენტიფიცირება და მათი დაბრუნება საქართველოში (დაბრუნება შეიძლება მოხდეს ნებაყოფლობით ან იძულებითი გაძევების გზით). ამასთან, ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნის გადაწყვეტილებით, მოქალაქეს შესაძლოა შეეზღუდოს შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე პერიოდით.

51. შეიძლება, თუ არა, რომ უვიზოდ მგზავრობისას ევროკავშირის საზღვარზე ოჯახის (მაგ.:3) წევრიდან რომელიმე არ შეუშვან და რა ხდება ამ შემთხვევაში?

შესაძლებელია ერთ-ერთ ოჯახის წევრს ეთქვას უარი ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე. მისი არ შეშვების შემთხვევაში მოუწევს საქართველოში დაბრუნება.

52. შეძლებენ თუ არა უვიზო მიმოსვლით სარგებლობას სტატუს ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები?

ვერ შეძლებენ.

53. შეძლებენ თუ არა საქართველოში სტატუსის მქონე ლტოლვილები ან მოქალაქეობის არმქონე პირები ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით?

ამ კატეგორიის პირების მიმართ თითოეული წევრი ქვეყანა ინდივიდუალურად გადაწყვეტს.

54. შეეხება თუ არა უვიზო რეჟიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში მოიპოვებს/მოპოვებული აქვს ბინადრობის ნებართვა?

არა.

55. შეეხება თუ არა უვიზო რეჟიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იქნება საქართველოს მოქალაქესთან?

არა.

56. შესაძლებელი იქნება თუ არა აღნიშნული რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ საზღვრის გადაკვეთა არაბიომეტრიული პასპორტით?

შესაძლებელი იქნება ოღონდ ვიზით.

57. აქვს თუ არა უფლება სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უარი უთხრას მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაზე?

- აქვს თუ წარდგენილია ყალბი ან ძალადაკარგული სამგზავრო დოკუმენტი, არსებობს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება/განჩინება პირის მიერ ქვეყნის დატოვების შეზღუდვის შესახებ, პირი იძებნება და ა.შ.
ნორმატიულ დონეზე უნდა დარეგულირდეს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი სხვა საფუძვლები.

58. შესაძლებელი იქნება თუ არა აღნიშნული რეჟიმის ამოქმედების შემდეგ დიდი ბრიტანეთის საზღვრის გადაკვეთა ვიზის გარეშე?

არა, ვინაიდან უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება ბრიტანეთსა და ირლანდიაზე.
www.eu-nato.gov.ge

Friday, March 24, 2017

2017 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი

მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ.

იხილეთ დეტალურად: ბმული

კონკურსი „იდეების ფესტივალი“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონკურსი „იდეების ფესტივალი“. ღონისძიების მიზანია, დაეხმაროს შემოქმედებითი, ინოვაციური ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტებს იდეების ხორცშესხმაში, პროექტების სრულყოფასა და რეალიზაციაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სტუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, სტუდენტთა ჯგუფს, ვინაიდან იდეის, ინოვაციური პროექტის განხორციელების სფერო შეუზღუდავია.

საკონკურსო განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. პროექტის დასახელება;
2. პროექტის ხელმძღვანელი (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა);
3. პროექტის ძირითადი ამოცანები და მიზნები (მოკლე ანოტაცია); პრობლემის არსი და აქტუალურობა;
4. პროექტის განხორციელებისათვის მოკლე ბიზნესგეგმა.

შენიშვნა: თუ პროექტი წარდგენილია სხვა კონკურსში და იმყოფება განხილვის სტადიაში, მაშინ ეს პროექტი კონკურსში არ დაიშვება.

პროექტს, შესაძლებელია, ხელმძღვანელობდეს სტუ-ის თანამშრომელი.

კონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები:
ინოვაციურ პროექტებში ორ გამარჯვებულს (მიეკუთვნება მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც შეირჩევა განსახორციელებლად) გადაეცემათ 1000 -1000 ლარი.
საინტერესო იდეის ავტორებს გადაეცემათ 250-250 ლარი (4 გამარჯვებული).

პროექტის რეალიზაციის ხარჯებს გაიღებს სტუ. გამარჯვებულებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადებების შეტანის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
სტუ-ის მეცნიერების დეპარტამენტი, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი 354.
ტელ. 65 23. 2 365228
სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური. სტუ-ის მეექვსე კორპუსი, ოთახი 510 ა.
ტელ. 64 47. 2 364128

კონკურსანტის საავტორო უფლება დაცული იქნება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

Thursday, March 23, 2017

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გამართა. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა აბიტურიენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, პრიორიტეტები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სწავლის პირობები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნო. წარდგინების დასასრულს მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრას მუნიციპალიტეტების გამგებლები ბესიკ ბაუჩაძე, ტარიელ ებრალიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე, უნივერსიტეტის პრესსამსახურის უფროსი ნინო დოლიძე და რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.





პრეზენტაცია - პროექტი "ცოდნის გაღრმავება ურბანული ტრანსპორტის დარგში"

24 მარტს, 14:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში გაიმართება პრეზენტაცია, რომელსაც ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩაატარებენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტი: "ცოდნის გაღრმავება ურბანული ტრანსპორტის დარგში". პროექტი ხორციელდება "მომავლის ქალაქების" პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აზიის განვითარების ბანკი და CDIA ( Cities Development Initiative for Asia).

შეხვედრას დისკუსიის სახე ექნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ინფორმატიკის, არქიტექტურისა და სატრანსპორტო მიმართულებით.

gtu.ge
 

Wednesday, March 22, 2017

თვითმხილველი - 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, როცა მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა

11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც ”ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილი ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველმა ვალერი ვარნეჩოვმა განუცხადა. 

მისივე თქმით, გოგონას თავში სავარუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალიც მოხვდა.

”ისეთი სურათი ვნახე, რომ ბავშვთან ვეღარ მივედი. ვეღარც დედამისთან მივედი, ცუდად გავხდი ისეთი მდგომარეობა იყო. დედაც და შვილიც აქვე ცხოვრობდნენ. გაჩერებაზე იდგნენ - ალბათ, სკოლაში მიდიოდნენ. ვნახე რომ ”ბე ემ ვეს” მარკის მანქანა დაეჯახა ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი მათ. შევხედე, რომ ბოძის რაღაც დეტალიც მოხვდა გოგონას თავში”, - აღნიშნა ვალერი ვარნეჩოვმა. 

აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ipn.ge

გამოსაშვები გამოცდების დავალებების ნიმუშები

მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდების თითოეული საგნისთვის მარტივი, საშუალო სირთულისა და რთული დავალების რამდენიმე ნიმუში  პროექტის BeNaec geCat ფარგლებში განთავსდა და ყველასათვის ხელმისაწვდომია.

იხილეთ ბმული

გვერდზე შესვლის შემდეგ იხილეთ პროექტი BeNaec geCat ნიმუშები
პროექტი BeNaec GeCat ცენტრის ვებგვერდებიდან ტესტირების ონლაინ, ე.წ. cat-ის პროგრამით (საგამოცდო ალგორითმით) გავლას გულისხმობს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა, უცხოური ენა, ისტორია. ტესტირების გავლა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდანაა შესაძლებელი.

ტესტირებისას გამოყენებული იქნება ახალი, სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დავალებები. რეგისტრაციისა და ტესტირების გავლა 10 მარტიდან იქნება შესაძლებელი ვებგვერდებზე www.naec.gov.ge online.naec.ge

ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის საფასური 10 ლარია. ერთ მოსწავლეს ერთ საგანში ტესტირების გავლა მაქსიმუმ 3-ჯერ შეუძლია.

დეტალურად

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლობის მსურველთათვის საგნის გამოცდისთვის რეგისტრაცია ცხადდება

20 მარტის 12:00 საათიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე პრაქტიკოს მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge

სიახლეები: 2017 წლიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება აქვთ საგნის კომპეტენციის გარდა, პროფესიული კომპეტენციაც დაადასტურონ. პედაგოგობის მსურველ აპლიკანტებს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ.

ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა.
მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

> რეგისტრაცია

> ინსტრუქცია (გზამკვლევი) მაგისტრობის მსურველთათვის

> ინფორმაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის

> გადახდის შესაძლო საშუალებები

მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.
naec.ge

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს „ჯინო პერედაისის“ სახელობითი სტიპენდები გადაეცათ

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სწავლების საფეხურის დამამთავრებელი კურსის წარჩინებულ სტუდენტებს ნუცა ჩხეიძესა (სპეციალობაბიზნესის ადმინისტრირებადა მერი მაჭარაშვილს(სპეციალობატურიზმი)  „ჯინო ფერედაისის“ დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ მრავალფუნქციური აკვა პარკის „ჯინო პერედაისის“ სახელობითი სტიპენდიები  და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.


ზემოთხსენებულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტში მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად წარმატებით გაიარეს ჯინო ფერედაისის ორეტაპიანი საკონკურსო ტური და საუკეთესო შედეგებიც აჩვენეს.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და ჯინო ფერედაისს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას გასულ წელს მოეწერა ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტების პროფესიული მომზადებისათვის ხელის შეწყობასსასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებასპრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებასერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასპროფესიული სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგების ჩატარებას და .