Wednesday, March 29, 2017

რა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ პირველ კლასში შესვლა 2017 წელს – ლია გიგაურის განცხადება


მომავალ პირველკლასელთა მშობლებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში შესვლას 6–წლამდე, ე.წ. 5–წლიანი ბავშვებიც შეძლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განმარტება EDU.ARIS.GE-სთან კიდევ ერთხელ, დამატებით მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა გააკეთა. კერძოდ, მშობლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონში ცვლილება პარლამენტმა განახორციელა.
„ეს ინფორმაცია რეალური არ არის.  ახალი ინიციატივა პარლამენტში არ ყოფილა დარეგისტრირებული და ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სკოლაში შესვლის ასაკად კვლავ რჩება 6 წელი. ანუ, 15 სექტემბერს ბავშვი უნდა იყოს 6 წლის, რომ სკოლაში შევიდეს“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
ჩვენ დავინტერესდით, შეძლებს თუ არა ექვს წლამდე ბავშვი კერძო სკოლაში შესვლას, ვინაიდან, კერძო სკოლებს აქამდე უფლება ჰქონდათ, რომ სწავლის დაწყების თარიღი ინდივიდუალურად განესაზღვრათ და ეს შეიძლებოდა ყოფილიყო არა 15 სექტემბერი, არამედ მომდევნო თვე.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ  ბრძანებაში  არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი სხვადასხვა განსაკუთრებული  გარემოების არსებობისას და სკოლაში სწავლის დაწყების თარიღი გადაიწიოს. ეს გამონაკლისი კერძო სკოლებსაც ეხება.
მართალია, კერძო სკოლას შეუძლია სწავლის დაწყების თარიღი გადაწიოს, თუმცა ეს უნდა იყოს არგუმენტებით  დასაბუთებული და ნებადართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
„გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, თუ კერძო სკოლა მიმართავს სამინისტროს და  არგუმენტირებულად იქნება დასაბუთებული, თუ რატომ უწევს რამდენიმე დღით სწავლის დაწყების თარიღის გადაწევა, შესაძლებელია, რომ მან მიიღოს სამინისტროსგან ნებართვა. გასულ წელს იყო გამონაკლისები დაშვებული, რადგან კერძო სკოლებს თავისუფლად შეეძლოთ განესაზღვრათ სწავლის დაწყების თარიღი. თუმცა მიმდინარე სასწავლო წელს განსხვავებული სიტუაციაა – 2016 წლის ზაფხულში განხორციელდა  ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები,  სწავლის დაწყების თარიღად განისაზღვრა  15 სექტემბერი როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებისთვის. გასულ წელს თავისუფალი რეგულაციით ძალიან ბევრმა სკოლამ ისარგებლა და მნიშვნელოვნად შეამცირა სასწავლო წლის ხანგრძლივობა. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლისთვის სწავლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი ყოფილიყო განსაზღვრული. ასეთი თავისუფლება, რომ ვისაც როდის უნდა დაიწყოს სასწავლო წელი, აღარ იქნება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მინისტრის მოადგილემ.
ლია გიგაური ხაზგასმით ამბობს, რომ სამინისტრო კერძო სკოლების შემთხვევაში სწავლის დაწყების თარიღის გადაწევის გადაწყვეტილებას მხოლოდ რეალური არგუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მიიღებს.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რა შეიძლება ჩაითვალოს სკოლის მიერ დასახელებულ გადაუდებელ საჭიროებად და შესაძლოა თუ არა იყოს ეს რემონტი, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:
„ეს იქნება მხოლოდ ისეთი შემთხვევა, რაც რეალურად ქმნის სწავლის 15 სექტემბერს დაწყებასთან დაკავშირებით ბარიერს. თუ სკოლა მისი მცდელობის მიუხედავად რემონტს  ნამდვილად ვერ ასრულებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თუ ეს რეალურად ასეა, თუ არ არის გამოგონილი ან ხელოვნურად შექმნილი მიზეზი, მაშინ გათვალისწინებული იქნება“, – დასძინა ლია გიგაურმა.
რაც შეეხება ვადებს, სწავლის დაწყებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა მიმართოს კერძო სკოლამ სწავლის დაწყების  გადაწევის შესახებ განათლების სამინისტროს, ასეთი ვადები ლია გიგაურის ინფორმაციით, დაწესებული არ არის.
„თუ მაგალითად დღეს (15 სექტემბრამდე 6 თვით ადრე)  კერძო სკოლა მომართავს სამინისტროს, რომ 15 სექტემბრამდე ვერ ესწრება რემონტის დასრულება, სამინისტროსგან დადებით პასუხს ვერ მიიღებს, ვინაიდან სკოლას შეუძლია სამუშაოები დაგეგმოს იმგვარად, რომ   15 სექტემბრისთვის მოასწროს დასრულება“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.
როგორ დავარეგისტრიროთ პირველკლასელი სწრაფად – პრაქტიკული რჩევები მშობლებს
საინტერესო ინფორმაცია სკოლების შესახებ
ქეთი არის© გიგოლაშვილი
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment