Thursday, March 9, 2017

"8 წლის ბავშვი გათიშული მთვრალი მოიყვანეს, თურმე ბაბუამისი ვაჟკაცად ზრდის" - ბავშვთა რეანიმატოლოგი მშობელთა შეცდომებზე

საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ყოველდღიურად უამრავი ბავშვი ხვდება. ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგე, რესპირაციული ასოციაციის დამფუძნებელი ბესიკ მაჭარაშვილი მრავალ პრობლემაზე გვესაუბრა. მათ შორის მშობლების დაუდევრობასა თუ შეცდომებზე და რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევაც მოგვცა...

- ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხვდებიან ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში, რა არის ყველაზე გავრცელებული საფრთხე?
- ძირითადად, ბავშვები ინფექციური პათოლოგიების გამო ხვდებიან ჩვენთან. არსებობს სხვა შემთხვევებიც, მაგრამ ინფექციური პათოლოგიები ყველაზე ხშირია. 

- ყველაზე ხშირად, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?- 25 წელია რეანიმაციის გამგე ვარ. ზოგჯერ იმ ბავშვების მკურნალობა მიწევს, რომელთა მშობლები, ჯერ კიდევ ჩვილები, ჩემი პაციენტები იყვნენ... შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროის განმავლობაში არაფერი შეცვლილა... ზოგჯერ არსებობს დამოკიდებულება - ბავშვი მაინც გაიზრდება... ამიტომაც რეანიმაციაში პატარების მოხვედრის ხშირი მიზეზია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, უყურადღებობა და ზოგადი განათლების დეფიციტი. პრობლემის შეფასების დეფიციტი, რაც უყურადღებობიდან და განათლების დეფიციტიდან გამომდინარეა... ზოგჯერ პირიქით ხდება და ბავშვებს ზედმეტად ელოლიავებიან. აქაც იგივე პრობლემაა, განათლების დეფიციტთან გვაქვს საქმე. მშობელს არ ევალება ექიმი იყოს, სამედიცო განათლება ჰქონდეს, მაგრამ ზოგადი განათლება უდავოდ მოიკოჭლებს საქართველოში. არ არის პრიორიტეტული ბავშვის სწორი მოვლა. ზოგჯერ ასეთებიც გვესმის, ბებიაჩემმა ასეთი მეთოდით ცხრა შვილი გაზარდაო... რეანიმაციაში ბავშვი იმიტომ ხვდება გართულებებით, რომ თავის დროზე არ ხდება პრობლემის ამოცნობა და დროულად ყურადღების გამოჩენა... ვერ ვიტყოდი, რომ ევროპელი მშობლებიც იდეალურები არიან, მაგრამ ისინი შეცდომაზე სწავლობენ და ჩვენ არა. ამიტომაც ისინი ყოველთვის ჩვენზე წინ იქნებიან.

- გქონიათ მშობლის უყურადღებობით ან უცოდინრობის გამო გართულებული შემთხვევები?- დიახ, არაერთხელ მქონია ასეთი შემთხვევა... მაგალითად ერთხელ 8 წლის ბავშვი მოიყვანეს, რომელიც მთვრალი, გათიშული და შოკურ მდგომარეობაში იყო. მშობელი ამართლებდა, ბაბუას არ შეუძლია ღვინის გარეშე ივახშმოს და ბავშვსაც ვაჟკაცად ზრდისო... ძლივს გამოვიყვანეთ ბავშვი მდგომარეობიდან და სამ დღეში ისევ მთვრალი მოიყვანეს.
ერთხელ წლის და ორი თვის ბავშვი მომიყვანეს, რომელიც გადმოუვარდათ და ტვინის შერყევა ჰქონდა. ბავშვი რომ გავწერეთ, სამ დღეში ისევ მოიყვანეს, ბებიას წნევის დამწევი წამლები დალიაო. ერთი შემთხვევაც უყურადღებობით იყო გამოწვეული და მეორეც. ორივე შემთხვევა ურთულესი იყო და დაახლოებით ორ კვირაში ისევ მოიყვანეს, ბავშვს კოკა-კოლას თავსახური ჰქონდა ხორხში ჩარჩენილი.

- ახლა რომელი ინფექციაა ყველაზე გავრცელებული?- რესპირატურული ვირუსული ინფექციებია პროვოკატორები. ძირითადი დაავადებების შემდგომი გართულებებით ხვდებიან ჩვენთან. ვირუსის რამდენიმე ათეული შტამია საქართველოში, სეზონურად იცვლებიან და ამიტომაც ძნელდება მათთან ბრძოლა... ადამიანები თვითონ უნდა მოვერიდოთ ამ ინფექციების მიღებას. პირადი ჰიგიენის დაცვა, ხალხმრავალ და დახუთული სივრცეებისგან ბავშვის არიდება და ხშირად ხელების დაბანა აუცილებელია.

- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, რომ მათი შვილები გართულებებისგან დაცულები იყვნენ?- დროული მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. აუცილებლად უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება ბავშვის ქცევის შეცვლას - ძილიანობა, მივარდნილობა, მოწყენილობა, ან ზედმეტად აღგზნებადობა უყურადღებოდა არ უნდა დატოვოს... საუბარი აღარ არის კრუნჩხვებზე და გონების კარგვაზე, ამას ყველა შეაფასებს და დროულად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას.

- არდადეგებზე ძალიან ბევრი ბავშვი ქალაქიდან გასულია, სერიოზული სამედიცინო მომსახურება კი ყველა სოფელში და დაბაში არ არის. რა წამლები უნდა ჰქონდეს დედას, რომ ბავშვი კრიტიკულ მომენტში გადაარჩინოს?
-  ამ დროს რამე წამალი, რომ ვურჩიოთ, შეიძლება უფრო დამძიმდეს ბავშვის მდგომარეობა. მშობლებმა რომ მედიკამენტები წაიღონ ჩანთით, შეიძლება უფრო მეტი გააფუჭონ, ვიდრე გააკეთონ. რასაკვირველია სიცხის დამწევი საშუალებები და თერმომეტრი უნდა წაიღონ და ყველაზე კარგი იქნება, წინასწარ გაარკვიონ, სად არის უახლოესი სამედიცინო პუნქტი.
mshoblebi.ge

No comments:

Post a Comment