Monday, March 27, 2017

პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა

უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 მარტს პრემიერ-მინისტრი ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში კონფერენციას -„საქართველო ევროპიდან ევროპამდე“ გახსნის, რომელსაც ქართველი და ბერძენი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრებიან.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ახალგაზრდებთან და მეცნიერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ათენის აკროპოლისსაც დაათვალიერებს. დღესვე, საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან.

მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის სახელით, ბრიუსელში საზეიმო მიღება გაიმართება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, არქეოლოგი დავით ლორთქიფანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები, “სტარტაპ საქართველოს” მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამის- “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები.
ipn.ge 

No comments:

Post a Comment