Wednesday, March 8, 2017

„მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?!“ – უნივერსიტეტები ჯეჯელავას ინიციატივას აფასებენ

„მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?!“ – ამგვარი ოპტიმიზმით ხვდებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები განათლების მინისტრის ინიციატივას, სტუდენტებში სახელმწიფო გრანტის ახლებურად გადანაწილებასთან დაკავშირებით და დასძენენ, რომ მიუხედავად მრავალი რისკისა, რაც ამ გადაწყვეტილებას ახლავს თან, ცდა მაინც ღირს.

მათი აზრით, სამართლიანია მიდგომა, რომ სტუდენტებს დაფინანსების მოპოვება ყოველ წელს ხელახლა უწევდეთ, რადგან ეს მოდუნების საშუალებას არ მისცემთ და ამგვარად, აღარც სახელმწიფოს ფული გაიფლანგება. თუმცა, აქვე იმასაც დასძენენ, რომ სამინისტროს არაობიექტურობისა და მიკერძოების თავიდან ასარიდებლად სერიოზული მუშაობა მოუწევს.

იდეას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიესალმებიან. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი აბრამიშვილის თქმით, იგი სტუდენტების მოტივაციას გაზრდის, რათა მათ ჩაბარების შემდეგ „ფეხი ფეხზე არ შემოიდონ“, ლექციებზე იარონ, ისწავლონ და მაღალ შედეგებზე იზრუნონ.
ამბობს, რომ მოტივირებული სტუდენტი ბევრია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც გრანტს იღებენ და ვინაიდან იციან, რომ ის 4 წლის განმავლობაში არ მოეხსნებათ, მას სხვადასხვა მიზნებით იყენებენ – დროის მოსაგებად, ჯარის თავიდან ასარიდებლად და ა.შ.  მისი აზრით, ახალგაზრდებმა  არ უნდა ჩათვალონ, რომ გრანტი თავშესაფარია.
„ეს ცვლილება მისაღებია ისეთი ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც დაბალი ქულებით ჩაირიცხნენ, მაგრამ სწავლობენ, ცდილობენ, მოტივირებულები არიან და მაღალი შედეგები აქვთ. რატომ არ უნდა მიიღონ მათ გრანტი?“ – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში პროფესორი.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს განათლების სამინისტრომ ყოველწიურად უნივერსიტეტების მიერ გრანტის სამართლიანი გადანაწილება და როგორ უნდა აირიდოს თავიდან პროფესურასა და სტუდენტებს შორის არაჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება – პროტექცია, ნიშნის მომატების მიზნით სხვადასხვა ქმედება და ა.შ. აბრამიშვილი ამბობს, რომ მთავარი პრინციპულობაა. მსგავსი საშიშროება კი, მისი თქმით, მუდმივად დგას თუნდაც სტიპენდიების გადანაწილების დროს.
„პროფესორმა თავისი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს და სტუდენტი სწორად შეაფასოს. თუ ის მთელი ჯგუფის წინაშე სამართლიანი არ იქნება, მაშინ არაფერი გამოვა. ამისგან დაზღვეული არავინაა, მთავარი პროფესორის კეთილსინდისიერებაა,“ – მიიჩნევს იგი.
ჩვენ კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა განათლების სამინისტრო აკადემიური პერსონალის კეთილსინდისიერების იმედზე, იგი გვპასუხობს, რომ „ეს დაფარული არაა, დღესაც შეიძლება მოხდეს და რომ გამორიცხული არაფერია .“
„საშიშროება არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სტიპენდიის არასამართლიანად გადანაწილებასაც და გრანტის უკანონოდ მოპოვებასაც. მაშინ სტიპენდიაც უნდა გავაქროთ, რადგან ზეწოლის მოხდენას აქაც შეიძლება შეეცადონ. ასე რომ, წესით ამ ცვლილების  საწინააღმდეგო არავის არაფერი უნდა ჰქოდნეს. მხოლოდ იმას, ვისაც განათლების სისტემის ჩავარდნა უნდა,“ – დასძენს გიორგი აბრამიშვილი.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე ინიციატივას დროულს უწოდებს და აცხადებს, რომ იგი ბევრად აამაღლებს  სტუდენტთა გონივრულ მოტივაციას – გააუმჯობესონ თავიანთი აკადემიური მოსწრება.
რაც შეეხება მოსალოდნელ საფრთხეებს, თავხელიძე მიიჩნევს, რომ სისტემა უზნეო პროფესორისა და სტუდენტის შესაძლო ქცევაზე არ უნდა ეწყობოდეს.
„მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? თუ იმ დონეზე გვაქვს საქმე, რომ დღევანდელი უნივერსიტეტები შეფასებაში ობიექტურობას ვერ უზრუნველყოფენ, მაშინ მათ აკრედიტაცია საერთოდ უნდა ჩამოერთვათ. ასე რომ, ეს სუფთა მენეჯმენტის საკითხია, რომელიც უნივერსიტეტების ადმინისტრაციამ უნდა მოაგვაროს. თუ კრიტერიუმები ზუსტად დადგინდება, მაშინ არაობიექტურობას ვერ გამოიწვევს.
„ერთადერთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ შეიძლება სტუდენტს აკადემიურ მოსწრებაში ხელი ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო შეეშალოს. ამ შემთხვევაში მას ანგარიში უნდა გავუწიოთ. სხვა შემთხვევაში კი, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტლებაა. ხშირია შემთხვევა, როცა სტუდენტებს გრანტი აქვთ, მაგრამ შემდეგ ყალთაბანდობენ, ზარმაცობენ და ვერ იღებენ ნიშნებს, რომლებიც უნდა მიიღონ. ასე რომ, იდეა ძალიან სწორი და მისაღებია. მის ტექნიკურ მხარესა და მექანიზმზე კი მუშაობა საჭიროა, რათა ყოველგვარი სუბიექტივიზმი გამოირიცხოს,“ – აცხადებს იგი.
ის, რომ უკეთესმა სტუდენტმა სისტემიდან მეტი ბენეფიტით ისარგებლოს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით, მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, აქვე იმასაც ამბობს, რომ იდეის სისრულეში მოყვანას საკმაოდ ბევრი მუშაობა სჭირდება.
მისი აზრით, არაერთი პრობლემური საკითხი წამოიწევს. მაგალითად, როგორ  მოხდება სხვადასხვა უნივერსიტეტებში საუკეთესო სტუდენტების შერჩევა, ვინაიდან თითოეულ უმაღლესში სწავლის სხვადასხვა დონეა. ასევე, რამდენად ობიექტური და სამართლიანი იქნება შეფასებები და ა.შ.
„თუკი ამ იდეის განხორციელება ღირს, მაშინ ისე უნდა განხორციელდეს, რომ კითხვებს არ ტოვებდეს. სამუშაო სერიოზულია, რადგან საფრთხეები და რისკები არსებობს.  ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა შრომატევადი იქნება, რათა მსგავსი შეკითხვები აღარ გაჩნდეს.
„თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ დღევანდელი ვითარება არ შეედრება ათი, ან ოცი წლის წინანდელ მდგომარეობას. ახლა სულ სხვა ცნობიერებაა და სულ სხვა გარემოში ვართ. ეს ოპტიმიზმის საშუალებას მაძლევს. მიუხედავად ამისა, რისკებისა და მოსალოდნელი საფრთხეების არასათანადოდ შეფასებამ, შეიძლება კეთილად ჩაფიქრებული იდეაც კი ცუდ შედეგებამდე მიიყვანოს,“ – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან ღავთაძე.
რაც შეეხბა იმას, თუ როგორი უნდა იყოს კრიტერიუმები, რომლითაც სტუდენტები შეფასდებიან და გადაწყდება იმსახურებს თუ არა იგი სახელმწიფო გრანტს, ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ იგი თითოეული უნივერსიტეტისათვის ინდივიდუალურად უნდა დაწესდეს. პრინციპების დონეზე შეთანხმება, ღავთაძის აზრით, შესაძლებელია, თუმცა ცალკეულ უნივერსიტეტს თავისი სპეციფიკის მიხედვით მოქმედების საშუალება უნდა მიეცეს. ამბობს, რომ ძნელია დიდ და პატარა უნივერსიტეტს ერთი და იგივე კრიტერიუმები დაუწესო.
„ჩვენი უნივერსიტეტი უკვე სტიპენდიების გაცემის პირობების შეცვლასაც აპირებს, რადგან დავაკვირდით და აღმოვაჩინეთ, რომ ზედა კურსებზე ბავშვები ლექტორებს სტიპენდიის მოხსნის შიშით ნიშნის მომატებას სთხოვენ. ამიტომ, ვაპირებთ სტიპენდიის გაცემის პირობებში სხვადასხვა კრიტერიუმი შევიტანოთ, რათა ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ.
„მაგალითად ის, თუ რამდენად ატქიური სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობს ესა თუ ის ახალგაზრდა, რამდენად  ხშირად იღებს მონაწილეობას კონფერენციებში, კულტურულ, სპორტულ და სხვა აქტივობებში და ა.შ. ჩემი ღრმა რწმენით, კარგ სტუდენტად არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ის, ვინც კარგ ნიშნებს იღებს. მხოლოდ აკადემიური ნიშნები არ უნდა იყოს დაფინანსების მიღების განმსაზღვრელი,“ – აცხადებს რექტორი.
მისივე თქმით, თუკი სამინისტრო ამ საკითხზე სერიოზულ მუშაობას დაიწყებს და უმაღლესების ჩართულობით კრიტერიუმების შედგენას მოისურვებს, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი მზადაა ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
ჩვენ შევეცადეთ თემაზე პოზიცია თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, ილიაუნის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხემძღვანელებისაგანაც გაგვეგო, თუმცა მათ იმ მიზეზით, რომ იდეა ჯერ ბუნდოვანია, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
მოგეხსენებათ, გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ ოთხწლიანი გრანტის მოსაპოვებლად მთავარი ეროვნულ გამოცდებში ნაჩვენები შედეგი აღარ იქნება და  აბიტურიენტებს მისთვის  ბრძოლა ყოველ წელს თავიდან მოუწევთ. მისივე თქმით, ამ ყველაფრის შესახებ დეტალებს ორ თვეში გაახმაურებდნენ, თუმცა დათქმული ვადის გასვლის მიუხედავად დეტალები ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment