Sunday, April 2, 2017

თბილისში ქვეითი ინსპექტორები ივლიან, რა უნდა ვიცოდეთ ჯარიმების შესახებ

დღეიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში ქვეითი ინსპექტორები დაიწყებენ პატრულირებას, რომლებსაც უფლება ექნებათ, ფიზიკური და იურიდიული პირები ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმონ.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დედაქალაქში სულ 20 ინსპექტორი იმოძრავებს, რომლებიც 10 ჯგუფად დაიყოფიან.
ინსპექტორები პატრულირებას, ძირითადად, ცენტრალურ ქუჩებში დაიწყებენ -რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირები, ლესელიძის ქუჩა, აბანოთუბანი, მეიდანი, კოლმეურნეობის მოედანი, ნარიყალა, ძველი თბილისი, ვაკის პარკი, კუს ტბა. ასევე გაკონტროლდება, უბნებში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები.
გარკვეულ დღეებში  ქვეითი ინსპექტორები როტაციის პრინციპით სხვა ქუჩებზეც გადანაწილდებიან.
ჯარიმის რაოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის განსხვავებულია:
ფიზიკური პირი, რომელიც ქუჩაში 2 კგ-მდე საყოფაცხოვრებო ნარჩენს დაყრის, დაჯარიმდება 80 ლარით. ხოლო თუ ფიზიკური პირი 2 კგ-მდე საყოფაცხოვრებო ნარჩენს შენობა-ნაგებობიდან გადააგდებს, დაჯარიმდება 100 ლარით.
2 კგ-ზე მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარით, შენობა-ნაგებობიდან გადაგდების შემთხვევაში კი – 500 ლარით.
1 კუბამდე სამშენებლო ან ინერტული მასალის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით.
1 კუბზე მეტი სამშენებლო ან ინერტული მასალის ქუჩაში დატოვების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით, იურიდიული პირი – 1500 ლარით.
პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ.

No comments:

Post a Comment