Monday, April 10, 2017

როგორ დავტენოთ ტელეფონი საკუთარი ენერგიით? - ქართველი ბიჭების გამაოგნებელი გამოგონება

16 წლის ამირან აფციაურისა და 15 წლის გიორგი შელეგიას ერთობლივმა გამოგონებებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც გვითხრეს, დიდ ჰონორარსაც სთავაზობდნენ, თუ გამოგონებას ერთი ქვეყნის სახელით წარადგენდნენ.
გიორგი შელეგია: - ჩვენი პირველი გამოგონება იყო პორტატიული ელექტროგენერატორი სამაჯურში. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ხელის უნებლიე მოძრაობით წარმოქმნას ენერგია, რომელიც აკუმულირდება და USB-პორტის მეშვეობით მუხტავს ტელეფონს, პლანშეტსა და სხვა გაჯეტებს. ამ გამოგონებისთვის „ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე მესამე ადგილზე გავედით. გავხდით Intel-ის სპეციალური პრიზის მფლობელებიც და კონკურსზე მიგვიწვიეს. Intel ISEF-ი ახალგაზრდა მეცნიერთა პროექტების საერთაშორისო კონკურსია, რომლის შესარჩევი ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 7 მილიონ სკოლაში ჩატარდა. Intel ISEF-2016 ამერიკაში, ფენიქსში გაიმართა და მონაწილეობდა 75 ქვეყნის 1.800-მდე მეცნიერ-გამომგონებელი, 800 განსხვავებული პროექტით. საქართველოს სახელით "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობდნენ...
სულ რამდენი გამოგონება გაქვთ?
ამირან აფციაური: - ხუთი... პირველი სამაჯური და ქამარი იყო. თუ ადამიანი ორივეს ერთდროულად ატარებს, სიარულის დროს ელექტროენერგიის გენერირებას ახდენს და შეგროვებული ენერგიით ტელეფონის დამუხტვა შეუძლია. მოძრაობას არ აფერხებს, ხელს არაფერში უშლის და ლამაზი აქსესუარიცაა. ჩვენ ადამიანის ენერგიას ვიყენებთ, რომელიც აქამდე ტყუილად იხარჯებოდა...
მეორე გამოგონებაა ყუთი, რომელიც ასევე ნებისმიერ ვიბრაციაზე იტენება.
მესამე და მეოთხე გამოგონებებია ჩაფხუტი და კეპი, რომლებსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლიათ...
ჩაფხუტს სამი რეჟიმი აქვს: მაგალითად, ცეცხლთან დადებ და ტელეფონი დაიტენება, მეორე რეჟიმით, თავიდან გამოყოფილი სითბო ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მესამე რეჟიმით კი, ჩაფხუტში დამონტაჟებული მაცივარი ირთვება და სიცხეში თავს აგრილებს... ჩვენი ჩაფხუტით ერთ-ერთი ქვეყანა დაინტერესდა, ჯარისთვის სურდათ. დიდ ჰონორარს გვთავაზობდნენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ.
გიორგი შელეგია: - ჩვენი ბოლო გამოგონებაა ფანჯრის ჩარჩო, რომელიც სიცივისა და სითბოსგან ელექტროენერგიას გამოიმუშავებს... შეგვიძლია ჩავრთოთ ლეპტოპი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, ავანთოთ შუქი, დავტენოთ ტელეფონი და ასე შემდეგ. დიდ სხვაობას იძლევა ელექტროენერგიის მოხმარების დროს და კარგი იქნება, თუ დაინერგება.

No comments:

Post a Comment