Wednesday, April 26, 2017

რევაზ გაგუა გარდაიცვალა – გარდაცვალებამდე ონკოლოგმა ოპერაცია ჩაატარა

ონკოლოგი რევაზ გაგუა დღეს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (ფრიდონ თოდუას კლინიკაში)  გარდაიცვალა. „კვირას“ ინფორმაციით, რევაზ გაგუამ გარდაცვალებამდე აღნიშნულ კლინიკაში პაციენტს ოპერაცია ჩაუტარა, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა.
როგორც „კვირას“ ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს,  რევაზ გაგუა გუშინ სამსახურში იმყოფებოდა.
„რამდენიმე წლის წინ, გულზე ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა. გუშინ სამსახურშიც იყო, დღეს კი  გავიგეთ, რომ ფრიდონ თოდუას  კლინიკაში გარდაიცვალა“,  – განაცხადეს  ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში.
ონკოლოგმა რევაზ გაგუამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს დაამთავრა.
1969–1970 წლებში იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი, 1970–1972 წელს მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972–1975 წელს მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი იყო; 1975–1979 წელს – თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან – საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით და 14 რაციონალიზატორული წინადადება.
1989 წლიდან იყო ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი. რევაზ გაგუა ექიმი ქირურგი–ონკოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იყო.
kvira.ge

No comments:

Post a Comment