Tuesday, November 14, 2017

საია დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების აუცილებლობის მიზეზებს ხსნის

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე უკვე არაერთი წელია საუბრობს როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე საერთაშორისო საზოგადოება. მისი განმარტებით, ეს ვალდებულება ქვეყანას აღებული აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც.
ნაცვლიშვილის თქმით, მოდელს, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოებაა შეჯერებული, გავლილი აქვს საერთაშორისო ექსპერტიზა და ის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს რეალურ დამოუკიდებლობას გულისხმობს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ისე პროკურატურისგან.
"ეს მოდელი გულისხმობს იმას, რომ ამ ორგანოს ექნება როგორც გამოძიების, ასევე დევნის ფუნქცია. ანუ, თავად გადაწყვეტს დანაშაულის ნიშნების შემთხვევაში წაიღოს თუ არა საქმე სასამართლოში და იქ იქნება მთავარი ბრალმდებელი. ასე რომ, პროკურატურა კი არ განახორციელებს დევნას, არამედ ეს ფუნქცია ექნება დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს. პრაქტიკაში არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც ხდება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტება ან არაპროპორციული ძალის გამოყენება. ასევე იყო შემთხვევები, სადაც არის საფუძვლიანი ეჭვი ნარკოტიკების ან იარაღის ჩადებაზე, თუმცა ამ ფაქტების გამოძიება არ ხდება. სისტემას ძალიან უჭირს გამოიძიოს მისი წარმომადგენლის მხრიდან ჩადენილი დანაშაული", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა და აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია ვინ აირჩევს ამ ორგანოს ხელმძღვანელს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტს უნდა ჰქონდეს ეს ფუნქცია და ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს რეალური დამოუკიდებლობა. მისი თანამდებობიდან გადაყენება ძალიან რთული უნდა იყოს, თუმცა ის იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, ოღონდ არა კონკრეტულ საქმეებზე, არამედ ზოგადად - მექანიზმის ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
ზაფხულში არასამთავრობო სექტორი მთავრობასთან კონსულტაციებშიც მონაწილეობდა, თუმცა მაშინდელი მოდელის თანახმად, ახალი საგამოძიებო უწყება პროკურატურის ერთ-ერთ დეპარტამენტად უნდა ჩამოყალიბებულიყო, რაც მესამე სექტორის აზრით, არასწორი გადაწყვეტილებაა და საერთაშორისო მოთხოვნებს არ პასუხობს.
პრემიერმინისტრის მიერ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნასაც ითვალისწინებს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით,ახალი სტრუქტურის შესახებ კანონპროექტი უკვე მზადაა. თეა წულუკიანის თქმით, მთავრობას აქვს პოლიტიკური ნება, რომ სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შეიქმნას.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment