Monday, November 27, 2017

კვირიკაშვილმა ყირიმის ოკუპაცია დაგმო

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ მსგავსი პრობლემები და გამოწვევები. მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.

უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი და რომლის შედეგადაც, ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონები. აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი უკრაინის მხარეს მადლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისათვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ერთმანეთის ძლიერი მხარდაჭერა და ერთობლივი ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა საქართველოსა და უკრაინის ინტერესები, გამოწვევები და პრობლემები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 

სულ რაღაც სამიოდე დღის წინ, ჩვენმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მივიღეთ მომავალზე და ამავდროულად პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული დეკლარაცია, რათა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ევროკავშირთან დაახლოების პროცესისგან კონკრეტული სარგებელი მიიღოს.
ჩვენს ქვეყნებს ერთი მიზანი აერთიანებს, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
უკრაინის პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უპირობო მხარდაჭერისთვის.
"ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ძალისხმევის კოორდინაციას საერთაშორისო არენაზე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უკრაინაზეა დამოკიდებული, რათა გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა."- განაცხადა ვლადიმერ გროისმანმა
ერთობლივ პრესკონფერენციამდე საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდა უკრაინელ კოლეგას, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გაიმართა. 
უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმირ გროისმანი საქართველოს 26 ნოემბერს ეწვია. 
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით სესიაზე.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment