მეუღლეთა შორის კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება მნიშვნელოვან ქონებრივ უფლება-მოვალეობებს წარმოშობს. ვებგვერდი myadvokat.ge განმარტავს, რა სახის ქონებას არ ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად.
იურისტების განმარტებით, ქორწინების დროს მიღებული ქონება მიიჩნევა მეუღლეთა თანასაკუთრებად, მიუხედავად მეუღლის ფინანსური თუ სხვა სახის მონაწილეობისა მის შეძენაში.
"მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. განსხვავებული რეგულირების დადგენა მეუღლეებს მხოლოდ საქორწინო ხელშეკრულებით შეუძლიათ. განქორწინების შემთხვევაში, თითოეულ მეუღლეს აქვს უფლება მოითხოვოს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა. მეუღლეებს ეკუთვნით თანასაკუთრებაში არსებული ქონების ნახევარი", - განმარტავენ იურისტები.
როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მიუხედავად მეუღლეთა მიერ ქონების თანაცხოვრების პერიოდში შეძენისა, ქონება მიიჩნევა ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად და არა თანასაკუთრებად.
"მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს: 1) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; 2) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით. ამას გარდა, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა)", - წერია ინფორმაციაში.
გარდა ამ ინფორმაციისა, იურსტები განმარტავენ, რა შემთხვევაში ეზღუდება ქმარს ცოლთან განქორწინების უფლება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment