Monday, June 25, 2018

რა სიახლეებია 2018 წლის გამოცდებზე და რა ცვლილებები ელით მომავალ აბიტურიენტებს - ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან


ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე 1 კვირა რჩება. გამოცდებისათვის რეგისტრებული 40 ათასამდე აბიტურიენტისთვის მნიშვნელოვანია ის ცვლილებები და სიახლეები, რომლებიც მათ ელოდებათ. 



წლევანდელ გამოცდაზე ცვლილება შეეხო სამ საგანს - ზოგად უნარებს, ქართულ ენასა და ლიტერატურას და გეოგრაფიას. საგამოცდო ცენტრების კუთხით, სიახლე ის არის, რომ წელს ხულოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ ჩატარდება გამოცდები, ხოლო რუსთავის საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით იქნება აღჭურვილი. რამ განაპირობა ეს ცვლილებები და რა სიახლეები იგეგმება მომავლი აბიტურიენტებისთვის Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს, მაია მიმინოშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო მაია, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება შეეხო ზოგადი უნარების ტესტსა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას. გარდა ამისა, გეოგრაფიის ტესტშიცაა მცირე ცვლილებები. ამ ცვლილებებზე უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ. 

- სიმართლე გითხრათ, ცვლილებასაც ვერ დავარქმევ. ტესტის ფორმატი იგივეა, რაც წინა წლებში იყო. ერთადერთი დავალება ე.წ. შესაბამისობის დავალება გადაკეთებულია დახურულბოლოიანად. მხოლოდ ესაა. რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, აქ შეფასების სქემის კუთხით არის ცვლილება. აქცენტი უფრო მეტად იქნება აბიტურიენტის შემოქმედებითი უნარის შეფასებაზე. ტესტის მაქსიმალური ქულა არ იცვლება. უნარების ტესტში კი ცვლილება ვერბალურ ნაწილს ეხება - ანალოგიების ბლოკი გაერთიანებულია წაკითხულის გააზრების ბლოკთან. აქედან გამომდინარე, ანალოგიების დავალებები დაკავშირებული იქნება მოცემულ ტექსტთან, რომელიც უნდა წაიკითხონ აბიტურიენტებმა, გაიაზრონ, უპასუხონ წაკითხულის გააზრებისთვის განკუთვნილ კითხვებს და ასევე ანალოგიებს. მათემატიკური ნაწილი იგივე რჩება, რაც წინა წლებში იყო. უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა არ იცვლება, არც - დავალებების რაოდენობა. 40 დავალება იქნება ვერბალურში და 40 - მათემატიკურში. მხოლოდ ეს ცვლილებებია წელს.




- რაც შეეხება მომავალ წელს, რა სიახლეები ელით აბიტურიენტებს მომავალ წელს? გეგმავთ თუ არა, რომელიმე საგნის ტესტის ცვლილებას?
- რაც შეეხება მომავალი წლის ცვლილებებს. ჩემთვის ნამდვილად არასასურველი ტენდენცია შეიმჩნევა და ალბათ, სხვებიც დამეთანხმებიან, დრამატულად იზრდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც არჩევით საგნად გეოგრაფიას აბარებს და მცირდება მათი რაოდენობა (თავიდანვე მცირე იყო), ვინც სხვა საბუნებისმეტყველო საგნებს ირჩევს. სხვა საგნებს თუ შევხედავთ, მეტად თუ ნაკლებად, აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულ საგანს ირჩევენ საგამოცდოდ, არ იცვლება. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ადრე საკმაო რაოდენობის აბიტურიენტები ირჩევდნენ მათემატიკას. თუმცა ახლა ასე არ არის. მათემატიკისთვის თავის არიდება, მნიშვნელოვანწილად, განპირობებულია იმით, რომ აბიტურიენტებს გეოგრაფია მარტივად ჩასაბარებელ საგნად მიაჩნიათ. ფიქრობენ, რომ 2 თვე მოემზადებიან და შეძლებენ ჩაბარებას. არსებული სისტემით, უმაღლეს სასწავლებლებსაც არ ეკრძალებათ გამოაცხადონ მეოთხე ჩასაბარებელი საგანი ისეთი, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული კონკრეტულ პროფესიასთან. ეს ძალიან ცუდია. მაქვს სურვილი, რომ გეოგრაფიის გამოცდის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს. ბუნებრივია, მე არ ვარ სპეციალისტი, გეოგრაფიის ჯგუფთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ, მომავალში როგორი ფორმატის იქნება ტესტი. მინდა, მეტად კეთდებოდეს აქცენტი მიღებული ცოდნის გამოყენებასა და არგუმენტირებულ მსჯელობაზე და ნაკლებად - ცოდნის შეფასებაზე, არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ იმაზე, გვახსოვს თუ არა, მდინარეებისა და მთების დასახელებები. ამიტომაც, გეოგრაფიის ტესტს მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება. ეს გამოცდები როგორც კი ჩაივლის, გეოგრაფიის ჯგუფმა მინდა დაიწყოს მუშაობა ამ კუთხით.

- ანუ გართულდება გეოგრაფიის გამოცდა?
- გართულდება ნამდვილად. აირჩიოს იმან, ვინც ხედავს, რომ გეოგრაფია გამოადგება მომავალი წარმატებისთვის, ვისაც მართლა აინტერესებს,  და არა იმიტომ აირჩიონ, რომ მარტივია - 2 თვე მოვემზადები, ჩავაბრებ და მერე საერთოდ აღარ გავიხსენებ. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა, გეოგრაფიის ექსპერტებთან ერთად დავმსხდარიყავით და ამ საკითხზე დეტალურად გვემსჯელა. რადგან კარზე გვაქვს მომდგარი გამოცდები. ზოგადად, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ, როგორ წარმოგვიდგენია მომავალში ეს გამოცდა. როგორც კი დამთავრდება გამოცდები, დავიწყებთ ამ საკითხზე უფრო დეტალურ განხილვებს.

- სხვა საგნებთან დაკავშირებითად იგეგმება ცვლილებები?
- სხვა საგნებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ნამდვილად არ ვგეგმავთ ცვლილებებს. თუ ავიღებთ საგამოცდო ტესტებს, ცოდნის გამოყენებისა და მსჯელობის პროცენტული რაოდენობა ნამდვილად დამაკმაყოფილებელია. არის დავალებები, რომლებიც ცოდნას ამოწმებს (გვახსოვს თუ არა ესა თუ ის ფაქტი), თუმცა ასეთი დავალებების რაოდენობა მცირეა. საგნებს შორის განსხვავება ამ კუთხით, ბუნებრივია, არის. მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში ოთხივე დავალება ორიენტირებულია უნარების შეფასებაზე. დავალებას ვერ ნახავთ, სადაც აბიტურიენტს მოეთხოვება, გაიხსენოს რაიმე სკოლაში ნასწავლიდან. დანარჩენ საგნებს თუ გადავხედავთ, აქაც ანალოგიურადაა - ცოდნის გამოყენებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, ფიზიკაში არავინ ეკითხება აბიტურიენტს, რომელია ნიუტონის მეორე კანონი. არამედ, შეუძლია თუ არა, ამ კანონის გამოყენება კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. გეოგრაფიას რაც შეეხება, ბუნებრივია, აქაც აღმოვაჩენთ, დავალებებს, რომლებიც ცოდნის გამოყენებაზე, ანალიზსა და მსჯელობაზეა ორიენტირებული. თუმცა ცოდნის შესამოწმებელი დავალებების წილი უფრო დიდია. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც გეოგრაფიის ტესტის ცვლილება მსურს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მიზეზი, რისთვისაც აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას ირჩევენ და არა მათემატიკას. ბუნებრივია, ეს ეროვნულმა სასწავლო გეგმამ უნდა დაარეგულიროს.

- ყოველწლიურად აბიტურიენტების ნაწილი გამოცდების პროცესში სიცხის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. წელსაც ანალოგიური სიტუაცია ელოდებათ აბიტურიენტებს? კონდიცირების პრობლემის მოგვარების საკითხი დგას თუ არა დღის წერსრიგში?
- ჩვენ სასწავლო დაწესებულებებს ვიყენებთ საგამოცდო ცენტრებად. ვერ დამისახელებთ შენობას, სადაც შეძლებ ერთდროულად 10-12 ათასი აპლიკანტის მიღებას, 15-კაციან სექტორებად დაყოფას და 800-ვე სექტორის კონდიცირებას. ასეთ შენობას ვერ იშოვი. ჩვენ, ძირითადად, ვიყენებთ სკოლის შენობებს. ბუნებრივია, არცერთ სკოლაში არ არის კონდიცირების სისტემა ძალიან უბრალო მიზეზის გამო - სკოლა ზაფხულის პერიოდში არ ფუნქციონირებს. სექტორების მოწყობისას მაქსიმალურად ვითვალისიწინებთ, რომ ჩრდილის მხარეს იყოს. ძირითადი პრობლემა აქვს მეორე ნაკადს, რომელიც დღის მეორე ნახევარში იწყებს გამოცდას. 15 ადამიანი ზის სექტორში. შეუძლებელია, 15-ვეს ერთდროულად შეუთანხმდე პირობებთან დაკავშირებით. ზოგს არ სურს ფანჯრის გაღება, პრეტენზიას გამოთქვამს, რომ უბერავს, ზოგი კიდევ - პირიქით, ამბობს, რომ იხუთება დახურულ ფანჯარაში. სასაცილოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთ-ერთ აპლიკანტს პრეტენზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩიტების ჭიკჭიკი მიშლის ხელს, დახურეთ ფანჯარა, თორემ ვერაფერს ვერ დავწერო. აქედან გამომდინარე, რთულია, ყველას მოერგო. კონდიცირების სისტემის დაყენებამაც შეიძლება ანალოგიური პრეტენზიები წარმოშვას. თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა კონდიციონერებით სექტორების აჭურვა. მეტ-ნაკლებად ყველაზე ცხელი რუსთავის საგამოცდო ცენტრია. სკოლის ფანჯრები, სადაც გამოცდები ტარდება, რუსთავი-თბილისის მაგისტრალს უყურებს და სექტორებს პირველ საათზე მზე ადგება. პერმანენტულად უბერავს ცხელი ქარი. აქედან გამომდინარე, ფანჯრის გაღება-არგაღებას მნიშვენლობა არ აქვს. სწორედ ამიტომ წელს რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება კონდიციონერი. ამას მე, რა თქმა უნდა, ვერ გადავწყვეტდი, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მართლა ძალიან ვნერვიულობ, ზოგს კონდიცირება არ უყვარს და შეიძლება პრეტენზიები დაიწყოს, რომ გავცივდი, ყელი ამტკივდა და ამიტომ ვერ დავწერე ან კონდიციონერის ხმამ დამაბნია. ვიღაც იტყვის ჩართეთ, ვიხრჩობი, ვიღაც გაციებული ვარ, არ ჩართოთ. საქართველოს მასშტაბით 800 საგამოცდო სექტორი გვაქვს და ამ პროცესის მართვა ძალიან რთული იქნება. პილოტირების პროცესი გვექნება წელს რუსთავში. თუ გაამართლა, მერე ყველა საგამოცდო ცენტრში დაამონტაჟებენ კონდიციონერებს.

- საგამოცდო ცენტრებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ხულოში აღარ ჩატარდება წელს გამოცდები, სხვა რაიმე ცვლილება არის?
- ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი აღარ გვექნება საგამოცდო ცენტრად. სკოლები ავირჩიეთ საგამოცდო ცენტრებად. ყველა სკოლა ქალაქის გარეუბანშია. გარდა იმისა, რომ ეს სკოლები ძალიან მოსახერხებელია საგამოცდო პროცესის წარმართვისთვის, ასევე გარშემო აქვს დიდი გამწვანებული ტერიტორია, სადაც გულშემატკივრებს შეუძლიათ დალოდება.

- გამოცდები წელსაც ნახევრადელექტრონული ფორმატით ჩატარდება. სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლისათვის მზადება როგორ მიმდინარეობს, რა ეტაპზეა სამუშაოები?
- სამუშაოები ინტენსიურად მიდის. საუბარია იმაზე, რომ გვინდა კომპლექსური პლატფორმის შექმნა. შემდეგი ნაბიჯი გვექნება დახურულბოლოიანი დავალებების სრულად ელექტრონული ფორმატით მიწოდება. მესამე ნაბიჯი კი იქნება - ბეჭდვა, უკვე ფორმულების აკრება მოუწევთ კომპიუტერში. მაგრამ მანამდე, სრული გარანტია უნდა გვქონდეს, რომ ამ ყველაფერს კარგად სწავლობენ სკოლაში, რადგან ეს სხვა ჩვევაა. აქაც აზრთა სხვადასხვაობაა, სხვათა შორის. შარშან გვქონდა საშუალება, ყველა აბიტურენტისთვის დაგვესვა კითხვა ფორმატთან დაკავშირებით. 50/50-ზეა, ზოგს ბეჭდვა ურჩევნია, ზოგს კი ფურცელზე წერა. აქაც არაა ცალსახად განსაზღვრული, რა შეიძლება აღმოჩნდეს აბიტურიენტისთვის დაბრკოლება. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აბიტურიენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში და ბარიერები არ შევუქმნათ, იმის გამო, რომ ვერ ბეჭდავს და წერა ურჩევნია. პლატფორმის შემუშავების პროცესში ვართ და აქ იგულისხმება არა მხოლოდ დახურულბოლოიანი დავალებები მიწოდება ელექტრონული ფორმატით, არამედ ღია დავალებების და მათ შორის, თხზულების. შეიძლება ისეთი დავალებები გვქონდეს, სადაც საჭიროა, მაგალითად, ვიდეოს გაშვება, რაიმე სახის ანიმაციის ჩვენება. პლატფორმა უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფრის გამოყენება შესაძლებელი იყოს სისტემაში. ელექტრონული ფორმატი, რა თქმა უნდა, დიდ შესაძლებლობას გაძლევს - არა მხოლოდ რაღაც ნაწილი შეაფასო აბიტურიენტის უნარებისა თუ ცოდნის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან დიდ და კომპლექსურ სისტემას პილოტირებისთვის მოვამზადებთ და თუ გაგვიმართლებს, მომავალ წელს, მაგალითად, უნარების გამოცდა და დანარჩენ საგნებში დახურულბოლოიანი დავალებები აპლიკანტებს შევთავაზოთ სრულად ელექტრონულად. 

- ანუ მომავალ წელს შეიძლება უნარების გამოცდა და სხვა გამოცდებიც სრულად ელექტრონული ფორმით ჩატარდეს?

შეიძლებოდა, ჩვენ რომ არ დაგვესახა მიზნად კომპლექსური სისტემის შექმნა. ეს შეიძლებოდა ერთი მონაკვეთი ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეღარ მივაბამდით მერე ღია დავალებებს, ანიმაციებით დატვირთულ დავალებებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მთლიანი სისტემა შეგვექმნა, რომელიც ყველაფრის საშუალებას მოგვცემს. ეს ეხება არა მხოლოდ ეროვნულ გამოცდებს, არამედ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს და სახელმწიფო შეფასებებს. აქ საუბარია, თუ განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და რეფორმა მოითხოვს არსებული საგამოცდო სისტემის მოდერნიზებას, ჩვენ პროგრამული უზრუნველყოფის საკითხი უკვე მზად გვექნება და შეგვეძლება ახალი საგამოცდო მოდელის შექმნა და მისადაგება სისტემაზე, რომელიც მრავალმხრივ შესაძლებლობებს მოგვცემს. თუ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დახურულბოლოიანი დავალებების ელექტრონული ფორმატით მიწოდებას დავისახავდით მიზნად, ამას, რა თქმა უნდა, დიდი დრო არ დასჭირდებოდა, მაგრამ სხვა მიზნები გვაქვს.
etaloni.ge

No comments:

Post a Comment