Thursday, June 28, 2018

თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე 300%-ით გაიზარდა - რა ხდება აბასთუმანში


საქართველოსა და თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევაში მოხვდა. რიცხვებში გამოსახულ არსებულ პრობლემაზე "ამერიკის ხმა" წერს.

გამოცემის ცნობით, დაბინძურებული ჰაერით მსოფლიოში ყოველი მეცხრე ადამიანი იღუპება: 36%-ს ფილტვის კიბო ემართება, 34%-ს ინსულტი, 27%-ს გულის დაავადებები, 35%-ს კი ფილტვის ქრონიკული დაავადებები.


საქართველოში კი ჰაერის დაბინძურების შედეგად წლის განმავლობაში საშუალოდ 3741 ადამიანი იღუპება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. თბილისში დაბინძურება ნორმას 2.9-ჯერ აღემატება. შედარებისთვის: ვაშინგტონში (აშშ) დაბინძურება ნორმაზე 10%-ით დაბალია; მადრიდში (ესპანეთი) ნორმას უტოლდება; რიგაში (ლატვია) ნორმას 70%-ით აჭარბებს; ბრიუსელში (ბელგია) ნორმაზე 80%-ით მეტია.


ის ფაქტი, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას თითქმის 300%-ით აჭარბებს, არ ნიშნავს, რომ მთელ საქართველოში იგივე მდგომარეობაა. მაგალითად, აბასთუმანში, ზღვარს მარტო 50%-ით ცდება და დაახლოებით ბონს (გერმანია) უტოლდება.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმა" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ერთობლივ ინიციატივაზე წერს. 

ინიციატივას „ისუნთქე სიცოცხლე“ Breathe Life 2030 ჰქვია და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ინფორმაციით უფასოდ ეხმარება ნებისმიერ მსურველს: ინდივიდს, ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ ადგილობრივ/ქვეყნის ლიდერებს.

Unicef-მა 6 დეკემბერს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ერთ წლამდე ასაკის 17 მილიონი ბავშვი ტოქსიკურ ჰაერს სუნთქავს. "დაბინძურებული ჰაერი აზიანებს არა მხოლოდ ბავშვის განუვითარებელ ფილტვებს, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჩამოუყალიბებელ ტვინს და შესაბამისად, მათ მომავალს" - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი. 

თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საპროტესტო აქცია-პერფორმანსი ნოემბრის ბოლოს ჩატარდა. მაშინ დედაქალაქში რამდენიმე ძეგლს პირბადეები გაუკეთეს. ამ აქციას თბილისის მერიის მხრიდან თავიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, მოგვიანებით კი თბილისის მერმა კახა კალაძემ აქცია-პერფორმანსს "კრეატიული"უწოდა.

imedinews.ge

No comments:

Post a Comment