Sunday, June 3, 2018

მაჩალიკაშვილი რამადანის თვის შემდეგ დამოუკიდებელ აქციებს გამართავს

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ რამადანის თვის დასრულებამდე ზაზა სარალიძის აქციებს უდგას გვერდში, შემდეგ კი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებას დამოუკიდებლად აპირებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, 5 თვის განმავლობაში მისი შვილის საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი ვერ გაეცა, ამიტომ სარალიძის მსგავსად ისიც იძულებულია დახმარება პოლიტიკურ ძალებს სთხოვოს.
"სარალიძე 6 თვე, მე კი 5 თვე ხელისუფლებას ვთხოვდით ეთქვა სიმართლე, რა მოხდა. ეღიარებინათ, რომ მძინარე ბავშვის მოკვლა იყო შეცდომა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. თუ ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს, ვიღაცას ხომ უნდა მივმართოთ?! სანამ რამადანის თვე ჩაივლის, ვიქნები სარალიძის გვერდით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ამის შემდეგ ჩემს აქციებს დავიწყებ",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ახლა თბილისში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი ორი აქცია მიმდინარეობს, ერთი ვაკის პარკში, რომელშიც პოლიტიკოსები არ მონაწილეობენ, მეორე კი პარლამენტის წინ 18:00 საათისთვის დაიწყება, სადაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელს ელოდებიან. 
ვაკის პარკში აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.  სასამართლო გადაწყვეტილებას პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.   იმავე დღეს საპროტესტო აქციები დაიწყო.
რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment