კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ცივილიზაციების შეფასების ერთ-ერთი საზომი გარდაცვლილებისადმი დამოკიდებულებაა. სასაფლაოები კი ამა თუ იმ ქვეყნის კულტურის გასაგებად - ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. მსოფლიოში ბევრი ცნობილი სასაფლაოა: ადამიანები განისვენებენ კატაკომბებში, მავზოლეუმებსა და პანთეონებში. არსებობს უბრალოდ ცნობილი სასაფლაოები, სადაც ბევრი გამოჩენილი ადამიანია დაკრძალული. ამ ნიშნით, საკრალურმა სივრცემ, რომელიც ტრადიციულად დაკრძალვისა და მიცვალებულებთან ურთიერთობისთვის გამოიყენება, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებასთან ერთად ეკონომიკური ფუნქციაც შეიძინა. თანამედროვე სამყაროში ცნობილი სასაფლაოები ტურისტულ ღირშესანიშნაობად ტრანსფორმირდა და მოგზაურთა მარშრუტების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. საქართველოში რამდენიმე ცნობილი სასაფლაოა და ყველას პანთეონი ჰქვია. მაგრამ ისინი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინ ექცევა, როდესაც ცნობილი ადამიანი გარდაიცვლება და იწყება დავა იმაზე, თუ სად უნდა დაიკრძალოს იგი.
ქართული პანთეონები ტურისტებისთვის საინტერესო არ არის?
საქართველოში ტურიზმი ახალგაზრდა დარგია და მიუხედავად იმისა, რომ ის ქართული ეკონომიკის ავანგარდშია, ტურისტული მარშრუტები აქ სხვა ღირშესანიშნაობებზე გადის. ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკა, რომელიც დაადასტურებდა არათუ უცხოელების, არამედ ადგილობრივების ინტერესს მაინც, ქართული პანთეონების მიმართ, არ არსებობს. ამ ინტერესის ნაკლებობა ობიექტური მიზეზებით აიხსნება.
მსოფლიოს სახელგანთქმული სასაფლაოები ტურისტებს ორი მთავარი ნიშნით იზიდავს: იქ დაკრძალულ ადამიანებს (პოლიტიკოსებს, ფილოსოფოსებს, კულტურის და ხელოვნების მოღვაწეებს) მსოფლიო მასშტაბით იცნობენ და საფლავები ღირებულია არამხოლოდ ისტორიული, არამედ მხატვრული თვალსაზრისითაც (ზოგიერთი საფლავის დაპროექტებაში და შექმნაში ასევე მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორები და მხატვრები მონაწილეობდნენ). განსაკუთრებით პოპულარულია ადგილები, რომლებიც ამ ორივე ნიშანს აერთიანებს.
არსებობს ასევე ისეთი ცნობილი სასაფლაოები, როგორებიცაა არლინგტონის სასაფლაო აშშ-ში, სადაც სამხედროები არიან დაკრძალულნი; ცენტრალური სასაფლაო ვენაში; უძველესი ებრაული სასაფლაო პრაღაში; დაკიდული კუბოების სასაფლაო ფილიპინებში; "მხიარული სასაფლაო" რუმინეთში ირონიული ეპიტაფიებით და სასაფლაოები, სადაც ადამიანის დაკრძალვა ძალიან ძვირი ღირს.
ქართული მოღვაწეების ცნობადობის მასშტაბი მაღალი ტურისტული ინტერესისთვის არასაკმარისია, რაც შეეხება სასაფლაოების მხატვრულ ღირებულებას, ის როგორც სოციალური, ურბანული თუ არქიტექტურული სივრცე ისტორიულად ეკონომიკის შესაბამისად ვითარდებოდა, ამიტომ მათი მხატვრული გაფორმება მსოფლიო მასშტაბებით ძალიან მოკრძალებული და არაპომპეზურია და რიგითი მოქალაქეების საფლავებისგან ვერ განასხვავებ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა თვალსაზრისით, მათ შორის მხატვრული ღირებულებითაც, სამივე ქართული პანთეონი, პირველ რიგში, ძვირფასი და ღირებული ქართული კულტურის, ისტორიის და საქართველოს მოქალაქეებისთვისაა.
მსოფლიოს სახელგანთქმული სასაფლაოები ტურისტებს ორი მთავარი ნიშნით იზიდავს: იქ დაკრძალულ ადამიანებს (პოლიტიკოსებს, ფილოსოფოსებს, კულტურის და ხელოვნების მოღვაწეებს) მსოფლიო მასშტაბით იცნობენ და საფლავები ღირებულია არამხოლოდ ისტორიული, არამედ მხატვრული თვალსაზრისითაც (ზოგიერთი საფლავის დაპროექტებაში და შექმნაში ასევე მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორები და მხატვრები მონაწილეობდნენ). განსაკუთრებით პოპულარულია ადგილები, რომლებიც ამ ორივე ნიშანს აერთიანებს.
არსებობს ასევე ისეთი ცნობილი სასაფლაოები, როგორებიცაა არლინგტონის სასაფლაო აშშ-ში, სადაც სამხედროები არიან დაკრძალულნი; ცენტრალური სასაფლაო ვენაში; უძველესი ებრაული სასაფლაო პრაღაში; დაკიდული კუბოების სასაფლაო ფილიპინებში; "მხიარული სასაფლაო" რუმინეთში ირონიული ეპიტაფიებით და სასაფლაოები, სადაც ადამიანის დაკრძალვა ძალიან ძვირი ღირს.
ქართული მოღვაწეების ცნობადობის მასშტაბი მაღალი ტურისტული ინტერესისთვის არასაკმარისია, რაც შეეხება სასაფლაოების მხატვრულ ღირებულებას, ის როგორც სოციალური, ურბანული თუ არქიტექტურული სივრცე ისტორიულად ეკონომიკის შესაბამისად ვითარდებოდა, ამიტომ მათი მხატვრული გაფორმება მსოფლიო მასშტაბებით ძალიან მოკრძალებული და არაპომპეზურია და რიგითი მოქალაქეების საფლავებისგან ვერ განასხვავებ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა თვალსაზრისით, მათ შორის მხატვრული ღირებულებითაც, სამივე ქართული პანთეონი, პირველ რიგში, ძვირფასი და ღირებული ქართული კულტურის, ისტორიის და საქართველოს მოქალაქეებისთვისაა.
სამი პანთეონი ასეთი პატარა ქვეყნისთვის ბევრი არ არის?
თუ პანთეონის კლასიკურ განმარტებას დავეყრდნობით - კი. პანთეონი ბერძნული სიტყვაა და ყველა ღმერთს ნიშნავს. ის ტაძარია, რომელიც არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ღმერთს, არამედ ყველას ერთად ემსახურება. დროთა განმავლობაში ეს სახელი უწოდეს აკლდამებს, სადაც ღმერთებივით პატივსაცემ ადამიანებს კრძალავდნენ. საქართველოში მთაწმინდის, დიდუბისა და საბურთალოს პანთეონებში 6400–მდე ადამიანია დაკრძალული.
ევროპის ქვეყნებში, სადაც პანთეონების ტრადიცია განვითარებულია, განსაკუთრებით, იტალიასა და საფრანგეთში, ცნობილი ადამიანების სასაფლაოები ბევრია, მაგრამ ნაციონალური პანთეონი - ერთი.
პირველი პანთეონი საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს, თბილისში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის შემოგარენში შეიქმნა. მას „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მეურვეობდა. სასაფლაოს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი უწოდეს.
მთაწმინდის პანთეონი მოგვიანებით დაარსდა. მამადავითის ეკლესიის შემოგარენში პანთეონის დაარსების იდეა 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში გაჩნდა და ოფიციალურად 1929 წელს გაიხსნა - იქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე. სხვადასხვა წლებში, დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს ვაჟა ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი...
საბურთალოს პანთეონი ძველი და ახალი პანთეონებისგან შედგება. ძველი 1970-იანი წლების დასაწყისში, ახალი კი 2002 წელს გაიხსნა.
160 წლის განმავლობაში შექმნილი სამივე სასაფლაო უკვე გაივსო, რის გამოც 2016 წელს დედაქალაქის მერიამ მახათას მთაზე ახალი პანთეონის მოწყობა გადაწყვიტა. მაგრამ კულტურის მოღვაწეების ნაწილისთვის ახალი ადგილი მიუღებელი აღმოჩნდა, მათ იდეა გააპროტესტეს და უწყებას დიდუბის პანთეონის გაფართოების თხოვნით, ღია წერილით მიმართეს.
წესები არ არსებობს? ვინ და რა პრინციპით წყვეტს რომელ პანთეონში ვინ უნდა დაიკრძალოს?
საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის (16 მუხლი) თანახმად, სასაფლაოების, მათ შორის პანთეონების მოწყობა და მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა. სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მერია და საკრებულოები) ადგენენ ამ მოვლა-პატრონობის წესებს. თბილისში ეს რეჟიმები დედაქალაქის საკრებულოს დადგენილებით რეგულირდება. დოკუმენტის მე-6 მუხლში ნათქვამია, რომ პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ხდება თბილისის მერთან შეთანხმებით, რომელსაც შუამდგომლობით შეუძლია მიმართონ: საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობამ ან პრემიერმინისტრმა, საქართველოს საპატრიარქომ, საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა, საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა.
ეს ამ პროცესის ერთადერთი მარეგულირებელი ნორმაა. სხვა რაიმე მკაფიო კრიტერიუმები არ არსებობს. მეტიც, საქართველოში არ არსებობს ორგანო, არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ დონეზე, სადაც მკაფიო წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა გამოცდილებაა ამ მხრივ თუნდაც ევროპაში და რა კრიტერიუმებით კრძალავენ იქ გამოჩენილ ადამიანებს.
ევროპაში მკაფიო რეგულაციები არსებობს?
სასაფლაოებთან დაკავშირებულ საკითხებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები განაგებენ. მაგალითად, საფრანგეთში, სადაც რამდენიმე ძალიან ცნობილი სასაფლაოა, კანონი განსხვავებულ რეჟიმებს აწესებს პანთეონისთვის და დანარჩენი სასაფლაოებისთვის. მაგალითად, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ღირშესანიშნაობაა, გარდაცვლილ ადამიანს პარიზის მერიასთან შეთანხმებით კრძალავენ. რეგულაცია ასეთია: ამ სასაფლაოზე შეიძლება დაიკრძალონ პირები, რომლებიც გარდაიცვალნენ პარიზში, იმის მიუხედავად, თუ სად იყო მათი საცხოვრებელი ადგილი; ასევე პირები, რომლებიც ცხოვრობდნენ პარიზში და გარდაიცვალნენ სხვა რეგიონში/ქალაქში; პირები რომლებიც არ ცხოვრობდნენ პარიზში, მაგრამ საოჯახო აკლდამა აქვთ პარიზის რომელიმე სასაფლაოზე.
ზოგადად, საფრანგეთის დედაქალაქის ნებისმიერ სასაფლაოზე დაკრძალვის უფლებას ქალაქის მერია გასცემს; მოთხოვნას ხელს უნდა აწერდეს დაკრძალვის ორგანიზატორი; პროცესთან დაკავშირებული ყველა დეტალი განცხადებაშია გაწერილი; მოთხოვნა პარიზის მერიას უნდა წარუდგინონ დაკრძალვამდე სულ ცოტა 24 საათით ადრე. დაკრძალვის პროცედურას მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ასრულებენ, ან ნებისმიერი პასუხისმგებელი ფიზიკური პირი, რომელიც, თავის მხრივ, ასევე რეგულაციით (ტერიტორიული თვითმმართველობის კოდექსის R 2223-56 მუხლით) გათვალისწინებულ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს; დაკრძალვის ხარჯებს სასაფლაოს სერვისი აღრიცხავს; ტარიფებზე ინფორმაცია სასაფლაოს და უბნის ადმინისტრაციულ ბიუროებშია გამოცხადებული.
რაც შეეხება პარიზის პანთეონს (იქ ადამიანებს არ კრძალავენ, არამედ მხოლოდ გადაასვენებენ), აქ კანონით გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს. პანთეონში ადამიანის გადასვენების სურვილის შემთხვევაში, ოფიციალური წერილი ეგზავნება საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელშიც აღნიშნულია გარდაცვლილი პირის დამსახურებები საფრანგეთის წინაშე. წინადადებას სპეციალური კომისია განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის პრეზიდენტი.
პარიზის პანთეონში ცნობილი მწერლებიდან განისვენებენ: ალექსანდრ დიუმა, ემილ ზოლა, ვიქტორ ჰიუგო, მაგრამ, მაგალითად, მოლიერი, ბალზაკი და მარსელ პრუსტი დაკრძალულნი არიან პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.
წესების მიღება საქართველოში არ შეიძლება?
შეიძლება. მაგრამ ეს რომ იოლი იყოს, აქამდეც მიიღებდნენ. პრობლემას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. პირველი - ხელისუფლებების და პოლიტიკოსების კომპეტენციაა. ქართულ პოლიტიკურ წრეებში, კულტურის საკითხების ცოდნის ხარისხი არ არის საკმარისი მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ ფონზე ხელისუფლების წარმომადგენლები იოლად ექცევიან სხვადასხვა ჯგუფის გავლენის ქვეშ, რომლებსაც ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის შეფასების სუბიექტური კრიტერიუმები გააჩნიათ. იმავდროულად, დიდი, ძალიან კარგი და უბრალოდ კარგი მწერლებისა თუ კულტურის სხვა სფეროს წარმომადგენელთა ერთმანეთისგან გარჩევა და მათი რანგირება უჭირს საზოგადოებასაც - აქაც პრობლემად ცოდნის ნაკლებობა და ფასეულობათა მკაფიო სისტემის არარსებობა სახელდება.
გამოსავალი არ არის?
არის. ამ საქმის ისტორიისთვის და დროსთვის მინდობა ძალიან კონკრეტული გამოსავალია. თანამედროვე ადამიანების საქმიანობას, ღვაწლს და ადგილს ისტორიაში, ყველაზე კარგად დრო აფასებს. ეს სამართლებრივადაც გამოცდილი პრაქტიკაა. საქართველოში არაერთხელ თქმულა, რომ მუდმივი კამათის და, რაც მთავარია, ისტორიული გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად საჭიროა კანონის მიღება, რომელშიც გაიწერება კონკრეტული ვადა (ეს შეიძლება იყოს, 15, 20 ან 40 წელიც) რომლის გასვლამდეც ყველაზე ცნობილ თანამედროვეებსაც კი არ დაკრძალავენ პანთეონში, სადაც, ტრადიციულად, მხოლოდ დიდებული ადამიანები უნდა განისვენებდნენ.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment