👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) ხარაგაულში ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასეხმიანება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შსს-მ უფლებამოსილება უნდა შეუჩეროს ან სხვა ტერიტორიულ ერთეულში უნდა გადაიყვანოს პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც 2017 წლის 28 ოქტომბერს ამირან კვირიკაშვილის გამოკითხვაში მონაწილეობდნენ. ამის მიზეზად EMC ამირან კვირიკაშვილის ოჯახის წევრების უსაფრთხოებას ასახელებს.
EMC-ში მიაჩნიათ, რომ დროულად უნდა ამოიღოს ძალოვანმა უწყებამ პოლიციის ტერიტორიაზე განთავსებული კამერების ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც შესაძლოა პოლიციელთა მხრიდან კვირიკაშვილზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლაა ასახული. ისინი ასევე მოითხოვენ, კვირიკაშვილის ოჯახის ერთ-ერთი წევრისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, რაც გამოძიების პროცესში გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის ოჯახის ჩართულობისა და საქმის მასალებზე წვდომის უზრუნველყოფისთვის არის საჭირო.
"ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის შემთხვევა თავისი კონტექსტით ძალიან ჰგავს დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეს. ორივე შემთხვევა ნათლად აჩვენებს საპოლიციო რეპრესიის სისტემის მუშაობას პერიფერიებში ყველაზე დაუცველი ადამიანების მიმართ, რომელთა მინიმალური საარსებო პირობების უქონლობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, განათლების უფლებაზე ხელმიუწვდომლობას სამართალდამცავი სისტემა ბოროტად იყენებს. ამ პირობებში პოლიციის რეპრესიული პოლიტიკა, თანამშრომლობის იძულება, მუქარა და დაშინება განსაკუთრებით მძიმე ტვირთად ყველაზე მოწყვლად ოჯახებს აწვება", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
4 ნოემბერს ხარაგაულში ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი პოლიციის მხრიდან ზეწოლა გახდა.
ხარაგაულში ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment