Monday, June 18, 2018

კუჭავა: არემჯი გოლდს ბნელი ხევის საბადოზე მუშაობის უფლება დროებით უნდა შეეზღუდოს

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ კომპანია "არემჯი გოლდს" ბნელი ხევის საბადოზე მუშაობის უფლება იქამდე უნდა შეეზღუდოს, ვიდრე არსებული მდგომარეობის გამოსწორებაზე არ იზრუნებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ასეთ დასკვნამდე მივიდა გარემოს დაცვის კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი თვის განმავლობაში სწავლობდა საქმის მასალებს, მათ შორის კომპანიის მუშაობის რისკებსა და სახელმწიფო და კერძო ექსპერტიზების შედეგებს.
„ჯგუფი შექმნა. დაახლოებით ორი თვის სამუშაოს წარმოების შემდეგ კონკრეტული ფაქტები დადგინდა. აქ მოხდა ანალიზი იმ კონკრეტული კვლევების, რომელიც ჩვენს ხელთ იყო, მათ შორის სახელმწიფო უწყებების და დამოუკიდებელი პირების მიერ ჩატარებული კვლევები.
შესაბამისად, არის რამდენიმე საკითხი, რაზეც გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენ ვთვლით, რომ ის მდგომარეობა, რომელიც ბოლნისის ამ საბადოს გამო არის შექმნილი, საკმაოდ სავალალოა და მივიჩნევთ, რომ აუცილებელია სამოქმედო გეგმის შესრულება დაიწყოს, რომელიც ამ დროისთვის შეიქმნა. ქმედითი ნაბიჯები იყოს გადადგმული და უკვე ამის შემდეგ მიეცეს კომპანიას საშუალება, აითვისოს ახალი საბადოები.
მანამდე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია გაგრძელდეს ნებისმიერი სახის სამუშაოები ახალი საბადოს დამუშავების მიზნით”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის მოსახლეობა ხშირად აპროტესტებს ბნელი ხევის ტერიტორიაზე, ღია კარიერის მოწყობის სამუშაოებს. მათი თქმით, ბნელ ხევში მასობრივად იჩეხება ხე-ტყე, ზიანი ადგება ეკოლოგიას, მომავალში კი ღია კარიერის წესით მადნეულის მოპოვება მათ ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე დააყენებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment