Wednesday, June 14, 2017

17 წლის მოსწავლის ღია წერილი განათლების მინისტრს: "ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას "ველოსიპედის გამოგონებაზე" ფიქრს..."

AMBEBI.GE-ს რედაქციამ 17 წლის ბიჭის წერილი მიიღო, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. წერილის ადრესატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაა. იმერეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე, 17 წლის ბიჭი, მინისტრს თავისი სკოლის მაგალითით უყვება, რა მდგომარეობაშია საქართველოში განათლების სისტემა და იმედს იტოვებს, რომ ის ბოლო კურსდამთავრებული იქნება, რომელსაც 12 წლის განმავლობაში არაფერი მიუღია სკოლიდან:

"ბატონო მინისტრო, არ ვიცი და ალბათ არც უნდა ვიცოდე 17 წლის მოზარდმა ქართული განათლების სისტემის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, სტატისტიკა, კვლევა და ა.შ. თუმცა, შემიძლია ერთი რამ ვთქვა: ან ქართული საგანმანათლებლო სივრცეა არაფრის მქმნელი, რეგრესული ან ჩემს სკოლაში გაიდგა ღრმად ფესვები ანარქიამ და განუკითხაობამ. მინდა, მხოლოდ ჩემი სკოლის მაგალითზე დაგანახოთ, რა მდგომარეობაშია ქართული სასწავლო გარემო.

პირველ რიგში, სკოლის ჟურნალის შევსება უბრალო ფორმალობაა "გენ-ინსპექციისთვის" თვალის ასახვევად, რომელთა სტუმრობისთვის რამდენიმე დღით ან კვირით ადრე ემზადებიან. სხვა დროს ჟურნალი ქაღალდის უსარგებლო გროვაა. გაცდენების აღრიცხვა არ ხდება და ამას ჩვენთვის "ხელის შეწყობით" ხსნიან (სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!).
საშუალო კლასებში ბულინგი, ჩაგვრა, დაცინვა ჩვეულებრივი მოვლენაა. "ქურდული" მენტალიტეტის მქონე მოსწავლეების ავტორიტეტი დღითიდღე იზრდება და მეტი მოზარდი ცდილობს მათ რიგებს შეუერთდეს, მათ იდენტურად მოიქცნენ და იფიქრონ. თუმცა, რა გასაკვირია, როცა იმავე იდეოლოგიის პატივისმცემელი, სკოლის ადმინისტრაციასა და დამხმარე პერსონალშიც მრავლად არიან. მასწავლებლის მწყობრიდან გამოყვანა, გაკვეთილის ჩაშლა, ახლის შემეცნებით დაინტერესებული მოსწავლისთვის "შკოლნიკის" შერქმევა, სკოლის ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის დაზიანება, კლასებს შორის ორთაბრძოლების გამართვა დერეფანში და ასე უსასრულოდ - ყველაფერ ამას მოსწავლეები არათუ აკეთებენ,- კარგ ტონადაც ითვლება უკვე. ამას თან ერთვის უმოქმედო და უმაქნისი სკოლის ადმინისტრაცია, რაც ალბათ მათი ზემდგომის არაფრისმაქნისობითაა გამოწვეული. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა ზღვაში წვეთია. ყველაფრის აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია. 

მე არაფერი მითქვამს მასწავლებლებზე: ისინი ისეთივე მსხვერპლნი არიან არსებული სასწავლო გარემოსი, როგორიც მოსწავლე. ზემოთ აღწერილი ანარქიის წიაღში, მასწავლებელი უძლურია რაიმე შეცვალოს და განათლების ეფექტიანობაზე გავლენა იქონიოს. თუმცა, თუ ზოგიერთი ამას ახერხებს, ეს მათ გმირულ თავდადებასა და პასუხისმგებლობაზე მიუთითებს სამშობლოს წინაშე. ამ წერილის დაწერა არავის მხილების სურვილმა ან რამე მსგავსმა მაიძულა. მომართვა გადამაწყვეტინა გულისწყვეტამ და სინანულმა, რომ ამ სკოლაში გატარებული 12 წლის განმავლობაში ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა და მისი ოდნავი გამოსწორებაც კი ჩემს ძალებს რამდენჯერმე აღემატებოდა. გული მწყდება, რომ ასეთ გარემოში მოუწევს თაობებს სწავლა. 

გული მტკივა, რომ უკვე IX კლასელი ბავშვიც ხვდება, რომ სკოლა უპერსპექტივობის და უბრალოდ, დროის მოკვლისა და ვალდებულების მოხდის მანქანაა და თითოეულ დღეს ითვლიან, როდის მოშორდებიან ამ მოტივაციის, კრეატიულობისა და შემოქმედების მკვლელ გარემოს. ეს, რა თქმა უნდა, მათ პიროვნულ განვითარებაზეც აისახება. ყველა იტყვის, მიზეზი სისტემის უმაქნისობაა და სასწრაფოდაა შესაცვლელი. მე კი გეტყვით რომ, მიზეზი მისი არასწორად აღსრულებაა. არსებული სისტემის პირობებში, სასწავლო პროცესი ისე რომ მიმდინარეობდეს, როგორც ფურცელზე წერია და მისი ყოველი ასპექტი სრულდებოდეს, შედეგი უკეთესი იქნებოდა.
ფიქრობთ, არსებული სისტემის პირობებშიც შეიძლება შედეგის მიღწევა - საჭიროა სასწავლო გარემოს შეცვლა, სკოლის შინაგანაწესის ფურცლიდან პრაქტიკაში გადმოტანა და ეფექტი მყისიერი იქნება. შემდეგ კი შეგიძლიათ იფიქროთ მის შეცვლაზე. მე მჯერა, რომ შევიძლიათ უშველოთ არსებულ განათლების სისტემას და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მომავალზეც იქონიოთ გავლენა.

პატივისცემით, აწ უკვე სკოლადამთავრებული"
AMBEBI.GE

No comments:

Post a Comment