Tuesday, June 27, 2017

ბრალდებულ დეკანოზს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა

პატრიარქმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დეკანოზის ზიარებაზე გადაწყვეტილების მიღება დაავალა. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, როგორც დეკანოზის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, დეკანოზისთვის სამღვდელო ხარისხის და საღმრთო ზიარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს:
"სჯულის კანონის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს წაეყენება ბრალდება, გამოძიების დასრულებამდე უჩერდება სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება, ხოლო დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, წმინდა სინოდი ღებულობს გადაწყვეტილებას, საერთოდ განიკვეთოს, თუ გარკვეული პეროდით შეუჩერდეს მღვდლობა. 
დეკანოზ გიორგის აქვს წაყენებული მძიმე ბრალდებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს, რაშიც თავადვე გვარწმუნებს. საღმრთო ზიარების მიღება არის შედეგი მონანული, განწმენდილი და გამართლებული ადამიანისთვის, სხვა შემთხვევაში გაჩნდება კითხვა, ხომ არ სცნო ის ეკლესიამ უდანაშაულოდ გამოძიების დასრულებამდე და ამიტომ მიენიჭა მას საღმრთო ზიარების უფლება.
რაც შეეხება ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადებას, ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერში), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც სამწუხაროდ არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიეღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. 
2017 წლის 27 ივნისს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მიეღო გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დეკანოზ გიორგის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, რომ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი, მისი საკითხი გადაეცეს წმინდა სინოდს შემდეგი გადაწყვეტილების მისაღებად.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ლოცვითა და სასოებით ველოდებით, რომ დეკანოზი გიორგი დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაუბრუნდება სამღვდელო დასს".

No comments:

Post a Comment