Thursday, June 29, 2017

შსს: უკონტაქტო პატრულირების და ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი დამტკიცდა

შს მინისტრის ბრძანებით, უკონტაქტო პატრულირების ადმინისტრირების წესი დამტკიცდა. ძალოვანი უწყების ცნობით, განისაზღვრა პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების პირობები და პროცედურები, კერძოდ:
უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე;
უკონტაქტო პატრულირებას განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მოსამსახურე;
უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე, რომელიც გასაცნობად და აღსასრულებლად გაეგზავნება ცენტრს და განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
უკონტაქტო პატრულირების განხორციელების შესახებ გამაფრთხილებელი ინფორმაცია მიეთითება შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში, თვალსაჩინო ადგილას, შესაბამისი ნიშნის განთავსების გზით;
განისაზღვრა უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული მონაცემების/ინფორმაციის დამუშავების პირობები, პროცედურები და შესაბამისი ვადები;
დამტკიცდა უკონტაქტო პატრულირების განხორციელების შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების ნიმუშები.
განისაზღვრა ასევე მართვის მოწმობებისათვის მინიჭებული ქულათა სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პირობები და პროცედურები, კერძოდ:
განისაზღვრა საქართველოსა და სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის ქულათა სისტემის მინიჭების საფუძვლები;
ქულათა სისტემის ადმინისტრირება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას განახორციელებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, ხოლო იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაში - სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე;
განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება, სამართალდამრღვევის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ქულების რაოდენობის ყოველი შემცირებისას მართვის მოწმობის მფლობელი გააფრთხილოს მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით;
განისაზღვრა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შემცირების სამართლებრივი შედეგები და მისი გასაჩივრების წესი;
ქულათა კლების სისტემა არ გავრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე.
ბრძანება 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
საქართველოს პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები აპრილში დაამტკიცა. 
imedienws.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment