Monday, June 19, 2017

გაფინანსებთ, მაგრამ არ გაფინანსებთ – უფასო ფაკულტეტების ხიბლი

თუ თქვენ ხართ აბიტურიენტი, გინდათ სახელმწიფოსაგან სრულად დაფინანსებულ, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ისწავლოთ და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ჩამონათვალიდან ირჩევთ სასურველ სპეციალობას, შეიძლება ფულის გადახდა მაინც მოგიწიოთ. ასე მოხდება თუკი მაგალითად ვეტერინარიის შესწავლას გადაწყვეტთ. ვეტერინარია უკვე წლებია უცვლელადაა უფასო სპეციალობების ჩამონათვალში, მაგრამ თუკი მასზე ჩააბარებთ, იძულებული გახდებით, რომ კერძო უნივერსიტეტი აირჩიოთ, რადგან არც ერთ სახელმწიფო სასწავლებელში ვეტერინარია არ ისწავლება. სახელმწიფო კი სწავლას, მოგეხსენებათ, მხოლოდ სახლმწიფო სასწავლებლებში ჩაბარების შემთხვევაში გიფინანსებთ.
ვეტერინარია მხოლოდ ორიოდ კერძო სასწავლებელში ისწავლება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეს პროგრამა არაა, იგი ყოველწლიურად მაინც ჯიუტად ხვდება  უფასო ფაკულტეტების სიაში. ეს კი, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი აბიტურიენტისა თუ მათი მშობლის დაბნეულობას იწვევს.
მათი აზრით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დაანონსებული უფასო სპეციალობების რაოდენობის გაორმაგება სწორედ ასეთი ფაკულტეტების ხარჯზე მოხდება. ანუ, სია შთამბეჭდავად „გაიბერება“, მაგრამ მისით ნაკლებად ისარგებლებენ.
„ისე გააკეთებთ, როგორც სანიკიძემ ქნა – 21 უფასო ფაკულტეტში, ვეტერინარიაც მოახვედრა. ვეტერინარია მხოლოდ აგრარულ უნივერსიტეტში ისწავლება, აგრუნი კი კერძო უნივერსიტეტია და სახელმწიფო ვერ დააფინანსებსო. ყოჩაღ! ჩემ ბიჭს დაემართა ესე – მხოლოდ ვეტერინარია ეწერა ჩამონათვალში, ჩააბარა, მოუვიდა მოლოცვის მესიჯი – უფასოზე ჩაირიცხეთო. ორი წლის შემდეგ დეკანატში დაიბარეს აგრუნში – საბუღალტრო შეცდომა მოხდა და 5000 ლარი გაქვთ გადასახდელიო.
„განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტები ფინანსდებოდნენ, მოსალოცი შეტყობინება კი შეცდომით მოვიდაო.  კითხვაზე – თუ რატომ ეწერა 21 უფასო ფაკულტეტებში ვეტერინარია, გვიპასუხეს – სამომავლოდ რომ გაიხსნება სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერინარიიის ფაკულტეტი, მერე დავაფინანსებთო“, – ეს წერილი EDU.ARIS.GE-ს დაზარალებული სტუდენტის მშობელმა ჯეჯელავას იმ განცხადების პასუხად გამოუგზავნა, სადაც იგი უფასო ფაკულტეტების რაოდენობის გაორმაგებაზე საუბრობს.
აგრარული უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ ორი კერძო სასწავლებლიდან, სადაც ვეტერინარია ისწავლება. ფაკულტეტი ყოველწლიურად 230 სტუდენტს იღებს. სწავლის წლიური საფასურია 3 050 ლარი. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ის სტუდენტები, რომლებიც  100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელები ხდებიან, წელიურად 800 ლარს იხდიან. ანუ, ამ ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სახელმწიფო მას სწავლას სრულად დაუფინანსებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი უფასო ფაკულტეტების რიცხვშია.
შეგახსენებთ, რომ EDU.ARIS.GE-ს უფასო ფაკულტეტების რაოდენობის გაორმაგების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიაწოდა.
„წლევანდელ შემადგენლობაში რაოდენობა არ შემცირებულა და არც შემცირდება. პირიქით, გაიზრდება, მაგრამ ბარიერი აიწევს. ანუ, ვაპირებთ, რომ უფასო ფაკულტეტებზე სწავლას უკეთ სწავლა სჭირდებოდეს. უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე ფასიან ფაკულტეტებზე. ბარიერი ყველა უფასო ფაკულტეტზე აიწევს, თუმცა ერთნაირად არა. ჩვენი ინტერესია, რომ თუკი დღეს 21 უფასო ფაკულტეტია, 42 გახდეს, მაგრამ ისინი ცუდი სტუდენტების თავშესაფარი აღარ იყოს. პირიქით, ამ სტატუსის შენარჩუნებას უფრო მაღალი შედეგიანობა უნდა სჭირდებოდეს, რადგან ჩვენ რამენაირი ფიზიკოსები და აგრონომები კი არა, მაგარი ფიზიკოსები და აგრონომები გვჭირდება“, – განგვიცხადა მინისტრმა.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment