Monday, June 12, 2017

„განათლების მინისტრი ეძებს ცუდ დირექტორებს, მაგრამ სამწუხაროდ მათ ძალიან გავლენიანი მფარველები იცავენ“


EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ სტუმარია თელავის IV საჯარო სკოლის პედაგოგი – ცისანა სტურუა. ის ღია წერილს გვწერს, სადაც სკოლის დირექტორს ამხელს და კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს.
არაფერია უსაზღვრო
ბატონი განათლების მინისტრი ეძებს ცუდ დირექტორებს, მაგრამ სამწუხაროდ მათ ძალიან გავლენიანი მფარველები იცავენ და მალავენ, ვინაიდან ასეთი დირექტორებისგან, დაუმსახურებლად ბევრი პედაგოგის ღირსება ილახება. კარგად გაიგონ იმ დირექტორებმა, რომელთაც ჰგონიათ, რომ ჩვენ, პედაგოგები მათი დაქირავებული მონები  ვართ. მათზე ნაკლები ღირსება არ გაგვაჩნია იქნებ ზოგიერთზე მეტიც.
ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ პედაგოგის პროფესიისთვის შეუფერებელი ქმედებაა ეს ფორმა, მაგრამ როცა ბოლომდე გაეცნობით შეიტყობთ, რომ 2012 წლიდან, ოთხი წლის მანძილზე უზომოდ თავშეკავებულად, განუწყვეტლივ, მხოლოდ  კანონის ფარგლებში ვჩიოდი, მაგრამ თელავის IV საჯარო სკოლის დირექტორის, ეკატერინე გიგიტელაშვილის დაუსრულებელმა, ზღვარგადასულმა ღირსების შელახვამ აბუჩად აგდებამ, დაცინვამ, უკანონობამ, ასაკობრივმა დისკრიმინაციამ და ცრუ ინფორმაციების გავრცელებამ მიმიყვანა ამ ზომამდე.
ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა ისიც კი იკადრა და მოსამართლეს ძალიან ცუდი ცრუ ინფორმაცია მიწოდა ჩემი კვალიფიკაციის შესახებ. (ვფიქრობ მოსამართლემ არ დაიჯერა). ამიტომ იძულებული ვარ მოგაწოდოთ რამდენიმე ინფორმაცია, მითუმეტეს ყველაზე დიდ უზნეობად მიმაჩნია თავის ქება და თან ამ ასაკში.
საკავშირო წარჩინებული მასწავლებელი, სახალხო განათლების სამინისტროს წარჩინებული, პედაგოგიურ სამეცნიერო კონფერენციებში 3-ჯერ გამარჯვებული (სიგელი, დიპლომი, მინისტრის მადლობა, ი. გოგებაშვილის საიუბილეო მედალი და საპატიო სიგელი კონკურსის გზით).
19 წელი დაწყებითი კლასების სასწავლო ნაწილის გამგე, 25 წელი დაწყებითი კლასების მასწავლებელთა რაიონული მეთოდ-გაერთიანების ხელმძღვანელი, განათლების განყოფილების გამგის დავალებით, შიდა და გარეშე მეთოდისტი – გაკვეთილებზე დასწრებით ვამოწმებდი პედაგოგთა მუშაობას, მეთოდისტი მასწავლებელი, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი და სხვა.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აქედან არამარტო ახალგაზრდობაში, არამედ ყველაზე მეტი მაღალი შეფასება ასაკიანი პენსიონერების დროს დავიმსახურე, ტრენერებისაგანაც: ,,აღმაფრთოვანეთ, მაოცებთ“…
ყველაფრის დასაბუთება შემიძლია.
კიდევ ერთხელ მიხდება თავის ქება, რისთვისაც თავს უხერხულდ ვგრძნობ და დიდი სირცხვილის განცდაც მაქვს, მაგრამ სხვაგვარად ვერ შეაფასებთ, თუ ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც რა ჩაიდინა.
მოსვლის მეორე დღიდანვე ჩამომართვა განაწილებით მოცემული მათემატიკის საათები და სანაცვლოდ დამპირდა, რამეს გამოგიძებნითო. ეს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, მომცა მხოლოდ 2 საათი, ისიც სპორტისა და ისიც გამოძებნილი და თან ,,მახარა“  შვილმკვდარ დედას, ასაკიანს, დამსახურებულ პედაგოგს.
ჩემს მოკრძალებულ პრეტენზიაზე, განაწყენდა და  ასე მომმართა: ,,თქვენ, საერთოდ მათემატიკა არ იცითო“. როცა იმავე წელს, IV კლასში ჩავატარე ამ საგანში შემაჯამებელი  გაკვეთილი 20-ზე მეტ სტუმართან, კოლეგებთან, დირექციასთან და მშობლებთან. მხოლოდ ერთს, მათ საერთო შეფასებას მოგახსენებთ: ,,ამდენიც კი აღარ უნდა იცოდნენო“.
იყო თუ არა ეს აშკარა, უხეში დისკრიმინაცია, ვინაიდან დანარჩენ პედაგოგებს ჰქონდათ 21 და 22 საათის ანაზღაურება. 2 სთ და 22 სთ. აი, დირექტორის, როგორც დირექტორის და როგორც პიროვნების სახე.
სამწუხაროდ, მარტო მე არა ვარ მისი მსხვერპლი. სკოლა ჯოჯოხეთად აქცია, როგორც ახალგაზრდებისათვის, ისე პენსიონერებისათვის. იგი თავისი საქმის საჭიროებისთვის, არც იმას ერიდება, რომ მშობლებს და მასწავლებლებს დააწერინოს იმ შინაარსის განცხადება, როგორიც სჭირდება პედაგოგების წინააღმდეგ. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აიძულა I სემესტრში წასულიყო ხუთი პენსიონერი პედაგოგი სკოლიდან.
ასე ,,მოიპოვა“ ჩემს შესახებაც ორი განცხადება. ერთი დღესაც სასამართლოშია. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჩემს სასარგებლოდ გამოუტანა გადაწყვეტილება და განათლების სამინისტროში სააპელაციოში გაასაჩივრა. ხომ ჰყავს ერთგული პატრონი.
მათემატიკის საათები ხომ უსაფუძვლოდ ჩამომართვა, დამცინა და 2 სპორტის საათი მომცა მხოლოდ, რამდენი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა განათლების სამინისტროში, სასამართლოში კოლეგებშიც კი, რომელიც არ დადასტურდა, მაგრამ რაც ამ ყველაფრის შემდეგ ჩაიდინა, ეს უკვე ცინიზმია, ამ რამოდენიმე დღის წინ, შემობრძანდა გაკვეთილზე დასასწრებად. მე იგი არ დავისწარი გაკვეთილზე.
განმეორებით 6 ივნისს, კვლავ შემობრძანდა გაკვეთილზე დასასწრებად. მე ასე გაკვეთილი არ ჩავატარე.
მიუხედავად ამდენი უარყოფითი ქმედებებისა, ამ  4  წლის მანძილზე, სულ უბრალოდ, ერთი წამითაც არ დამირღვევია მასთან პედაგოგის ეთიკა.
ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ.
,,არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“.
თელავის IV საჯარო სკოლის პედაგოგი – ცისანა სტურუა
07.06.2017წ.
edu.aris.ge
 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment