როგორც კარასინმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართულ ბოლო შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად, ქართული მხარის ინიციატივით რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის „შეთანხმებაც“ განიხილეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოვლენაში არაფერი საჩქარო არ არის, ვინაიდან ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირობისა და ინტერგაციის ხელშეკრულების ფარგლებში. ის განსაკუთრებით მიმართულია ახალგაზრდა რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ და არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს“, - განაცხადა კარასინმა და დაამატა, რომ ამ სამუშაოს მომავალშიც გააგრძელებენ, მითუმეტეს საქართველოში ნატო-ს გააქტიურების ფონზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებენ მოსკოვში თბილისის მჭიდრო თანამშრომლობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და შესაძლოა თუ არა საქართველო ახლო მომავალში შევიდეს ნატო-ს შემადგენლობაში, კარასინმა უპასუხა, რომ ეს შეშფოთებას იწვევს მათში და მათ მეზობლებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
„ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს გააქტიურებას საქართველოში. არ დავასახელებ ციფრებს, მაგრამ შესამჩნევად გაატიურდა შეიარაღების მიწოდება. ვხედავთ, რომ ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენში და ჩვენს მეზობლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება საქართველოს შესვლას ნატო-ში, მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ოპტიმისტებად დავრჩეთ. ჩვენი მხრიდან რუსეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა არარეგიონალური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მოუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს და არ გააუარესონ ის სირთულეები, რომლებიც ისედაც არსებობს ჩვენს მეზობლებთან“, - განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დადებითი სიგნალები საქართველოს მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან მიმართებით, კარასინმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები კვლავინდებურად არ არსებობს და მოვლენათა განვითარების მიხედვით თუ იმსჯელებენ, ძნელი სათქმელია, რომ ეს ურთიერთობები სწრაფად აღდგება.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს და განწყობილი ვართ რეგიონში ვითარებისთვის ღია და ობიექტური შეფასებების მიცემისკენ“, - განაცხადა კარასინმა.
ipn.ge
No comments:
Post a Comment