Thursday, February 22, 2018

პოლიციელი, რომელმაც ფლორიდაში სკოლაზე თავდასხმა ვერ აღკვეთა, სამსახურიდან წავიდა

პოლიციელი, რომელმაც 14 თებერვალს ფლორიდაში სკოლაზე თავდასხმა ვერ აღკვეთა, სამსახურიდან წავიდა. ამის შესახებ განცხადება შტატის შერიფმა გააკეთა. ინფორმაციას NYTIMES-ი ავრცელებს.
მისი თქმით, სკოტ პიტერსონმა თავდამსხმელი შენიშნა, თუმცა სროლის დაწყებისთანავე შეშინდა და შეიარაღებული მოზარდი არ შეაჩერა. შერიფის განცხადებით, ის ვალდებული იყო შენობაში შესულიყო და თავდამსხმელი ადგილზე მოეკლა. სამართალდამცველს უკვე ბრალიც წაუყენეს და ის სასამართლოს ელოდება. 
22 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სკოლის თანამშრომლებს იარაღის ტარება შესთავაზა. ამის შესახებ ქალაქ პარკლენდის (შტატი ფლორიდა) სკოლაზე თავდასხმის დროს გადარჩენილებთან შეხვედრის დროს თქვა. გარდა ამისა, მან შეხვედრის მონაწილეებს სკოლის დაცვის სამსახურში ყოფილი სამხედროების აყვანაც შესთავაზა. 
თუმცა, ტრამპის ინიციატივას მასწავლებლების შეიარაღებაზე "საშინელი იდეა“ უწოდეს.

იმავდროულად, 21 თებერვალს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლითაც ნახევრადავტომატური იარაღის გასაძლიერებლად საჭირო მოწყობილობების გაყიდვა იკრძალება.
ამერიკაში მსროლელთა ეროვნული ასოციაცია იარაღზე კონტროლის გამკაცრებას არ ეთანხმება. ამერიკის "მსროლელთა ეროვნული ასოციაციის" ხელმძღვანელი, ვეინ ლაპიერი დემოკრატებსა და ამერიკულ მედიას 14 თებერვლის ტრაგედიით მანიპულირებაში ადანაშაულებს.
"ისინი ვერ იტანენ "მსროლელთა ეროვნული ასოციაციას", მათ სძულთ ადამიანის თავისუფლება. უნდათ, გაამკაცრონ კონტროლი ხალხზე. როგორც წესი, ოპორტუნისტები ელიან, როდის მოხდება ტრაგედია, რომ შემდეგ ეს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ" - თქვა ლაპიერიმ.
აშშ-ში იარაღის ტარება კონსტიტუციის მეორე შესწორებითაა გარანტირებული, თუმცა მისი ტარების წესები სხვადასხვა შტატში განსხვავებულია.

ფლორიდის სკოლაში 14 თებერვალს განხორციელებული სროლის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. თავდამსხმელმა სკოლის შენობაში შესვლამდე 3 ადამიანი მოკლა, შენობის შიგნით - 12. ორი დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდამსხმელი ნიკოლას კრუზი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო და ამ სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს, დაკავებულია. 
ეს 2012 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში მომხდარი თავდასხმებიდან ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment