Thursday, February 22, 2018

იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას მარტის ბოლოს დატოვებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი თანამდებობას მარტის ბოლოს დატოვებს. ელჩი გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს მედიის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
საქართველოში აშშ-ის ელჩად იან კელის კანდიდატურა 2015 წელს შეერთებული შტატების იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაასახელა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დაამტკიცა. 2015 წლის 17 სექტემბერს კი, პრეზიდენტ მარგველაშვილისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ის საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
საქართველოში დანიშვნამდე, ელჩი კელი დიპლომატის სტატუსით ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტში მუშაობდა. 2010-13 წლებში ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩი იყო; 2009-10 წლებში – სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს სპიკერი; 2007-09 წლებში – ევროპისა და ევრაზიის ბიუროს რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი, ხოლო 2004-07 წლებში – ნატოში აშშ-ის მისიის საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერი.
2000-04 წლებში ელჩი კელი იტალიაში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი/პრესატაშე იყო, ხოლო 1997-2000 წლებში – თურქეთში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი/პრესატაშე. 1994-96 წლებში ის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დახმარების კოორდინაციის ოფისში პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობდა. უფრო ადრე ელჩ კელის ავსტრიაში, სერბეთში, ყოფილ საბჭოეთსა და იტალიაში აშშ-ის საელჩოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.
1985 წელს, დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე, ის ყოფილ საბჭოთა კავშირში, რუსული ენის პროგრამის რეზიდენტი-დირექტორი იყო, აგრეთვე ნიუ იორკის ბერნარდისა და კოლუმბიის კოლეჯებში ასწავლიდა. ელჩ კელის მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი წმინდა ოლაფის კოლეჯში, მაგისტრის ხარისხი – ნიუვესტერნის უნივერსიტეტში, ხოლო სადოქტორო ხარისხი – კოლუმბიის უნივერსიტეტში.
იან კელი კარიერით დიპლომატი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური სამსახურის წევრია. ის მინისტრ-მრჩევლის კლასს განეკუთვნება.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment